ხუდონჰესი: აშენდეს თუ არ აშენდეს?

ხუდონჰესის მშენებლობის ადგილი

17 სექტემბერს ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განსახილველად დაბა ხაიშში იმყოფებოდნენ ელექტროსადგურის ინვესტორი კომპანიის, მთავრობისა და გარემოს დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ხაიშის საჯარო სკოლის ეზოში შეხვდნენ. ინდურ-ინგლისური კომპანიის ”ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას” პროექტი მდინარე ენგურზე 700 მეგავატიანი ჰესისა და 200 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს. შედეგად, დაიტბორება 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია და, მათ შორის, რამდენიმე სოფელი. პროექტის განხირციელებას ეწინააღმდეგება როგორც გარემოს დამცველი ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა ხაიშის საჯარო სკოლაში უნდა გამართულიყო, მაგრამ საკითხით დაინტერესებული მოქალაქეების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ შეხვედრა სკოლის ეზოში ჩატარდა. ადგილობრივი მკვიდრის ზურაბ ნიჟარაძის თქმით, ხაიშელების უდიდესი ნაწილი წარმოდგენილი პროექტით ელექტროსადგურის აშენების წინააღმდეგია:

„შევთავაზეთ ალტერნატიული ვარიანტი: სადაც აპირებენ, იქ ააშენონ მაქსიმუმ 40-იანი კაშხალი, რომელიც სოფელს არ დატბორავს ან ააშენონ ხაიშს ზემოთ შედარებით მაღალი კაშხალი, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც აპირებენ. ამით სოფელი ხაიში გადაურჩება გადაშენებას, ტაძარი და სასაფლაოც არ მოექცევა წყლის ქვეშ და ენერგეტიკის თვალსაზრისითაც თითქმის იმასვე მივიღებთ“.

საქმე ის არის, რომ ”ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას” პროექტის განხორციელების შემთხვევაში დაიტბორება 528 ჰექტარი ტერიტორია, რის შედეგადაც წყლის ქვეშ მოექცევა სოფლები: ხაიში, დაკარი, გაღმა ხაიში და ტობარი, ასევე ხაიშის წმინდა გიორგის ეკლესია და სასაფლაოს ტერიტორია. გარდა ამისა, საპროექტო არეალში ექცევა სხვა ათი დასახლებული პუნქტი, რომლის ნაწილი ასევე საჭიროებს განსახლებას. 17 სექტემბერს ხაიშში იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი. მან თქვა:

„საჯარო განხილვა პრაქტიკულად არ ჩატარდა, ვერ მოახერხეს ჩატარება. ხაიშის მოსახლეობა შეიკრიბა „სატყეოს“ შენობის წინ იმისათვის, რომ არ მისცენ ინვესტორს ოფისის გახსნის საშუალება, რასაც ის აპირებს პოლიციის დახმარებით. ერთი სიტყვით, ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: პირველი, აშენდეს ისეთი სადგური, რომელიც მათ არ შეუქმნის პრობლემებს და, მეორე, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოხდეს მათთვის წართმეული, ჩუმად გადაფორმებული მიწების უკან დაბრუნება“.

საუბარია 1400 ჰექტარ მიწის ფართობზე, რომელიც სადგურის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს და რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ხაიშელთა მტკიცებით, მათი საკუთრება იყო (საძოვრები, სავარგულები და ა.შ.), მაგრამ წინა ხელისუფლებამ ინვესტორ კომპანიას მათთან შეუთანხმებლად სიმბოლურ ფასად გადასცა. ხაიშელთა მოთხოვნის პასუხად, ”ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას” წარმომადგენელი ნინო ასათიანი ამბობს, რომ კომპანიამ მიწა მიიღო სახელმწიფოსგან და არა მოსახლეობისგან.

„ეს იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები, რომლებიც სახელმწიფომ გადმოგვცა, ამიტომ სახელმწიფოსთან, ანუ მთავრობასთან, უნდა გამართონ მოლაპარაკება, რათა გაარკვიონ, რომელი ნაკვეთი იყო სახელმწიფოს საკუთრებაში და რომელი იყო მოსახლეობის მიწა“, უთხრა ნინო ასათიანმა რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის თქმით, სადგურის მშენებლობისას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული:

„ამ პროექტის განხორციელებაში ყველაზე დიდი სირთულე არის ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარება, მაგრამ ჩვენ, მთავრობა, ვიძლევით პირობას, რომ მაქსიმალურად ყველას, თითოეული იქაური ადამიანის ინტერესებს გავითვალისწინებთ და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გაუხარდება“.

მთავრობის სახელით ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ხაიშელებსა და სვანეთის მოსახლებას 16 სექტემბერს მიმართა:

„ეს სჭირდება მთელ საქართველოს და არა მარტო სვანეთს! ეს პროექტი აუცილებლად ააღორძინებს სვანეთის რეგიონს. რა თქმა უნდა, ბუნებას აკლდება! რა თქმა უნდა, ბუნება სადღაც დაიფარება წყლით. ჩვენ გავითვალისწინებთ თითოეული მოსახლის ინტერესს და მაქსიმალურად დავაკმაყოფილებთ, მაგრამ არ შეიძლება ქვეყნის განვითარების სტრატეგიას ხელი შევუშალოთ“.

მაინც რა იგულისხმება მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებაში? ”ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას” წარმომადგენლის ნინო ასათიანის თქმით, განსახლებისას კომპენსაცია მსოფლიო ბანკის 4/12 სტანდარტით გაიცემა:

“რას ნიშნავს მსოფლიო ბანკის სტანდარტი? რაც აქვს ადამიანს ქონება, მიწა... მოხდება მისი ინვენტარიზაცია და შესაბამისი თანხის გადახდა, თუ თანხა უნდა მაინცდამაინც, თუ არადა, მიიღებს სხვა სახის კომპენსაციას, რაც თვითონ მიაჩნია საჭიროდ. ასევე გადახდილი იქნება იმდენი თანხა, რომ რამე სახის ბიზნესის წამოწყება შეძლოს და ადამიანურ პირობებში იცხოვროს, ანუ რაც ჰქონდა, იმაზე მეტს მიიღებს კომპენსაციის სახით“.

რაც შეეხება გარემოს დამცველებისა და ხაიშელების კიდევ ერთ მოთხოვნას - 40 მეტრამდე შემცირდეს კაშხლის სიმაღლე, ნინო ასათიანის თქმით, ასეთ შემთხვევაში სადგური აღარ იქნება რენტაბელური და, შესაბამისად, ინვესტორიც დაკარგავს მისდამი ინტერესს. ამ განმარტების მიუხედავად, ადგილობრივები პოზიციის შეცვლას არ აპირებენ. ხაიშის მკვიდრის ზურაბ ნიჟარაძის თქმით, ხაიშელები არ დათმობენ პოზიციას, რომელიც ხატზე დაფიცებით აქვთ განმტკიცებული.

„ჩვენ წინააღმდეგი ვართ ხუდონჰესის მშენებლობის განხორციელებისა, რადგან ეს არის მავნე ხაიშის თემისთვის, სვანეთისთვის და, გამომდინარე აქედან, საქართველოსთვის! უშუალოდ ფიცის ტექსტი არის ასეთი: ვფიცავ, რომ მე და ჩემი ოჯახი არ დავიშურებთ ჭკუა-გონებასა და ძალ-ღონეს, რათა ეს პროექტი არ განხირციელდეს და ყველა გადაწყვეტილებას ფიცისქვეშ მყოფნი მივიღებთ ერთობლივად. დაახლოებით 90 ოჯახი არის ამჟამად დაფიცებული. ეს არის დიდი უმრავლესობა აქ მცხოვრებლებისა, რომლებიც უშუალოდ წყალქვეშ ვექცევით. ჩვენი პოზიცია არის შეუვალი და მტკიცე: ჩვენ ვერ გავხდებით სვანეთის მესაფლავეები!“ - უთხრა ზურაბ ნიჟარაძემ რადიო თავისუფლებას.