ხაიშელების სიფხიზლე

ხუდონჰესის მშენებლობის ადგილი

6 თებერვალს სოფელ ხაიშში იკრიბებიან მესტიაში შემავალი ჩვიდმეტივე თემის უხუცესები, რომლებიც ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიციის შემუშავებას შეეცდებიან. ორი დღით ადრე ხაიშელების წინააღმდეგობის გამო შეჩერდა მიწის აზომვითი სამუშაო, თუმცა, როგორც მოგვიანებით ენერგეტიკის სამინისტრომ განმარტა, სამუშაოს შეჩერება დროებითია და არ ნიშნავს სადგურის მშენებლობაზე უარის თქმას.

6 თებერვალს ხაიშის ბედზე იმსჯელებენ ზემო სვანეთის ყველა სოფლის მახვშები, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც სოფელი ენდობა და რომელთა სიტყვასაც ძალა აქვს. სოფელ ხაიშის მკვიდრის ზურაბ ნიჟარაძის თქმით, ამ შეკრებიდან გამოჩნდება, თუ როგორი ერთსულოვანია სვანეთი ხუდონჰესის არსებულ პროექტთან დაკავშირებით:

„ჰესი იმ ადგილას, იმ პარამეტრებით არ აშენდება, სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ! ჩვენ სვანეთის რღვევის შემოქმედნი ვერ გავხდებით ვერც თანხით და ვერც იძულებით. გამორიცხულია!“

ხაიშელთა ამ სულისკვეთებას იზიარებს ენერგეტიკისა და საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი მირონ ფირცხელანიც, რომლის თქმითაც, სადგურის მშენებლობის დაკავშირება ქვეყნისა და სვანეთის კეთილდღეობასთან საფუძველსაა მოკლებული, რაც კარგად უწყის ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელსაც, ფირცხელანის თქმით, სადგურის მშენებელი კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯია“ „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით უპირებს გატეხას:

„მათ უნდათ, რომ მოისყიდონ რამდენიმე ერთეული ადგილობრივი მცხოვრები, რომლებიც უნდათ, რომ დააპირისპირონ დანარჩენებს, რომ რამენაირად მოხდეს სვანების ერთმანეთში დაპირისპირება და ამღვრეულ წყალში იოლად დაიჭირონ თევზი. ასეთი მიდგომა უსამართლოა და სვანები ამას არ დაუშვებენ“.

სწორედ იმისათვის, რომ არ მოხდეს ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლა და არ დაირღვეს ადამიანის უფლებები, მირონ ფირცხელანმა და ხაიშელებმა დახმარებისათვის სახალხო დამცველს მიმართეს. პასუხად უჩა ნანუაშვილი დაინტერესებული მხარეების - ენერგეტიკის სამინისტროს, ინვესტორი კომპანიისა და ხაიშელების - შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა, უშედეგო მცდელობის შემდეგ კი ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა:

უჩა ნანუაშვილი

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხუდონჰესის საკითხი ადამიანის უფლებების სრული დაცვითა და მხარეთა შორის კონსტრუქციული დიალოგით უნდა გადაწყდეს. სახალხო დამცველის შეფასებით, ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორი კომპანიის („ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ ) უარი ხაიშის თემისა და სვანეთის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრასა და მოლაპარაკებაზე ხელს შეუშლის წარმოქმნილი ვითარების განმუხტვასა და პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვას".

სახალხო დამცველის ამ განცხადებას განცხადებითვე უპასუხა ენერგეტიკის სამინისტრომ. გაირკვა, რომ სამინისტროს ომბუდსმენის აპარატიდან არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

„გვსურს შევახსენოთ სახალხო დამცველს, როგორც საჯარო პირს: დაუშვებელია მოუმზადებელი და საფუძველს მოკლებული განცხადებების გაკეთება ისეთ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტზე, როგორიც ხუდონჰესია. ენერგეტიკის სამინისტრო კიდევ ერთხელ მზადყოფნას გამოთქვამს ხუდონჰესის პროექტის ირგვლივ აწარმოოს და გამართოს ობიექტური, სამართლიანი და კონსტრუქციული დისკუსია, როგორც სახალხო დამცველის, ასევე ყველა სხვა დაინტერესებული პირის მონაწილეობით".

ენერგეტიკის სამინისტროს მსგავსად, „ტრანსელექტრიკა ჯორჯიაშიც“ აცხადებენ, რომ ხაიშის მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან. კომპანიის წარმომადგენლის ნინო ასათიანის თქმით, აზომვითი სამუშაოები ენერგეტიკის სამინისტროს თხოვნით მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა დაბა ხაიშის მცხოვრებთათვის საკუთრების დარეგისტრირებას. შედეგად, ნინო ასათიანის თქმით, ოთხმოცდახუთმა ოჯახმა ოფიციალურად გაიფორმა საკუთრება, დარჩა 74 ოჯახი:

„შეიძლება გაუჩნდათ შიში, რომ თუ ეს ქონება დაურეგისტრირდებათ, მერე ჩამოართმევენ... ამ დროს პირიქით, ჩვენთვის მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული, რომ არავის გაუჩნდეს იმის გრძნობა, რომ დაუცველები იქნებიან - ან კომპენსაციას არ გადაუხდიან, ან რაღაც ამდაგვარს ექნება ადგილი. პირიქით, მსოფლიო ბანკის 4-12 სტანდარტით ვმუშაობთ, რომელიც ითვალისწინებს ძალიან კარგ კომპენსაციას“.
ჩვენ ახლა სადღეღამისო მორიგეობა გვაქვს, დაყოფილი ვართ უბნების მიხედვით და 15-20 კაცი მუდმივად მორიგეობს ხაიშის შუაგულში. არ დავიშლებით, სანამ ლოგიკურ დასასრულამდე არ მივალთ...
ზურაბ ნიჟარაძე

ნინო ასათიანის თქმით, კომპანიაში ესმით, რომ განსახლების პროცესი, რაც წინ უძღვის სადგურის მშენებლობას, სწრაფად ვერ წარიმართება. ამ გარემოებას ანგარიშს უწევენ ენერგეტიკის სამინისტროშიც, თუმცა, როგორც მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, სადგური ყოველმიზეზგარეშე აშენდება. ასე რომ, რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადება კვლავ ძალაშია:

„ჩვენ ვლობირებთ და ვიცავთ პროექტს, რომელიც გახლავთ ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. ჩვენ არა მარტო ხუდონს, არამედ სხვა დიდ ჰიდროელექტროსადგურებსაც ავაშენებთ აუცილებლად!“

თუმცა მინისტრის ამ ქადილის ასრულება იოლი არ იქნება. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ხაიშის მკვიდრთა მედგარი წინააღმდეგობა. ზურაბ ნიჟარაძის თქმით, ზემო სვანეთი 30 წელია ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ იბრძვის:

„ჩვენ ახლა სადღეღამისო მორიგეობა გვაქვს, დაყოფილი ვართ უბნების მიხედვით და 15-20 კაცი მუდმივად მორიგეობს ხაიშის შუაგულში. არ დავიშლებით, სანამ ლოგიკურ დასასრულამდე არ მივალთ“, - უთხრა ზურაბ ნიჟარაძემ რადიო თავისუფლებას.

ზურაბ ნიჟარაძის თქმით, ლოგიკური დასასრული იქნება სადგურის არსებულ პროექტზე უარის თქმა და მთავრობის მიერ ახალი კონკურსის გამოცხადება ისეთი სადგურის მშენებლობაზე, რომელიც არ დატბორავს ხაიშს და მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას.