რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი - კაცი, რომელიც სათავეში ედგა რუსეთის უდიდეს ნავთობკომპანიას, ვიდრე დააკავებდნენ და 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლებდნენ, მიხაილ ხოდორკოვსკი, კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ტერიტორიაზე „არასასურველად“ გამოაცხადა ხოდორკოვსკის ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ საქმიანობა.
26 აპრილის განცხადებით, რუსეთის გენერალური პროკურატურა „არასასურველად“ ცნობს რამდენიმე უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას. „არასასურველობის“ მიზეზია ის, რომ ეს ორგანიზაციები, მათ შორის მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებული „ღია რუსეთი“ და „ღია რუსეთის სამოქალაქო მოძრაობა“, გენპროკურატურის შეფასებით, „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ახორციელებენ სპეციალურ პროგრამებსა და პროექტებს რუსეთში არჩევნების შედეგების დისკრედიტაციის, მათი შედეგების უკანონოდ ცნობის მიზნით“.
Your browser doesn’t support HTML5
გენპროკურატურის განცხადებაში „ღია რუსეთი“ მოხსენიებულია, როგორც ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია, რაც სწორია. მაგრამ ასევე ბრიტანეთში დაფუძნებულად სახელდება „ღია რუსეთის სამოქალაქო მოძრაობა“. ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება.
ხოდორკოვსკიმ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ კანონით, დაუშვებელია რუსეთში არასასურველად გამოცხადდეს ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთში არსებობს.
„რუსეთის მოძრაობა „ღია რუსეთი“ მხოლოდ ცალკე არსებობს და ასე განაგრძობს არსებობას. მას, რასაკვირველია, არ ეხება კანონი არასასურველი უცხოური იურიდიული პირების შესახებ. მეტიც: მას უცხოეთის აგენტების შესახებ კანონიც კი ვერ შეეხება, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ მოძრაობა „ღია რუსეთს“ არ გააჩნია საბანკო ანგარიშები და გადარიცხვებს არ იღებს არც უცხოეთიდან და არც საერთოდ საიდანმე“, - უთხრა ხოდორკოვსკიმ რუსეთის გამოცემა „ერბეკას“ 26 აპრილს. იმავე დღეს, მოგვიანებით, გავრცელდა გენპროკურატურის პრესმდივნის, ალექსანდრ კურენნოის, განცხადება, რომ არასასურველად არის მიჩნეული „ღია რუსეთი“, რომელიც ბრიტანეთშია დაფუძნებული. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, გენპროკურატურის განცხადებაში „ღია რუსეთის სამოქალაქო მოძრაობასაც“ ადანაშაულებენ რუსეთში არჩევნების შედეგების დისკრედიტაციის მცდელობაში.
ამასობაში, რუსეთის გენპროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლიც“. ის გმობს გენპროკურატურის გადაწყვეტილებას, როგორც მორიგ ზომას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ უკვე დიდი ხნის წინ დაწყებული რეპრესიების ფარგლებში.
2015 წელს რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც პროკურატურას ანიჭებს უფლებამოსილებას, არასასურველად გამოაცხადოს უცხოეთში დაფუძნებული ორგანიზაციები და დახუროს მათი წარმომადგენლობები, თუ მათ რუსეთის ეროვნული ინტერესებისათვის ზიანის მომტანად მიიჩნევს. ეს ნაბიჯი სამ წელიწადში მოჰყვა გახმაურებულ, ასევე მრავალჯერ გაკრიტიკებულ კანონს ე.წ. უცხოეთის აგენტებზე. ის რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალებს, უცხოეთიდან დაფინანსების მიღებისა და რუსეთში პოლიტიკური აქტივობის შემთხვევაში, საკუთარი თავი გამოაცხადონ „უცხოეთის აგენტებად“ და კანონი იუსტიციის სამინისტროს ანიჭებს უფლებამოსილებას, დახუროს „უცხოეთის აგენტად“ მიჩნეული ორგანიზაცია, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის.
საყურადღებოა, რომ ხოდორკოვსკის „ღია რუსეთი“ არასასურველად ცნეს სამი დღით ადრე 29 აპრილამდე, როცა რუსეთის რამდენიმე ქალაქში - მათ შორის, მოსკოვში - უნდა გაიმართოს ამ ორგანიზაციის ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია „თავი მოგვაბეზრე“.
„ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ ეს არის რეაქცია ჩვენს გეგმებზე 29 აპრილისათვის. მაგრამ ამის გამო ჩვენი გეგმები არ შეიცვლება. ვფიქრობ, პირიქით: იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდება, ხელისუფლების ასეთი შიშნარევი რეაქციის გამო, ხალხი უფრო მეტად იქნება მოტივირებული გარეთ გამოვიდეს, მიმართოს პრეზიდენტს, მიმართოს იმას, ვისაც ენდობა ან აღარ ენდობა: „ბიჭებო, თუ არ შეგიძლიათ ქვეყნის მართვა, თუ ვერ ახერხებთ მოაგვაროთ პრობლემები, რომლებსაც სახელმწიფო უნდა აგვარებდეს, მაშინ წადით. უბრალოდ, წადით!“ - ამბობს მიხაილ ხოდორკოვსკი ინტერვიუში, რომელიც 26 აპრილს გამოქვეყნდა გამოცემა „ერბეკას“ ვებსაიტზე.
29 აპრილის აქციებით, „ღია რუსეთი“, როგორც ჩანს, ცდილობს ისარგებლოს რუსეთში ბოლოხანს გაძლიერებული საპროტესტო მუხტით, რომელიც კარგად გამოჩნდა გასულ თვეში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ინიციატივით მთელ რუსეთში გამართულ საპროტესტო აქციებზე - რუსეთში 2012 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და გაბედული დემონსტრაციებით.