ხმა ძველი თბილისიდან

იოსებ გრიშაშვილის მუზეუმი

დუდუკი, ზურნა, თარი, საზი, დაირა, დიპლიპიტო, არღანი და ბევრი სხვა საკრავი ატკბობდა თბილისელთა სმენას მრავალი წლის წინ. დღეს თბილისში სულ სხვა ჰანგები ისმის. ჩამოთვლილ ინსტრუმენტთა ნაწილმა მუზეუმებში დაიდო ბინა, თუმცა ნაწილი დღესაც აგრძელებს სიცოცხლეს და საინტერესო ისტორიებსაც მოგვითხრობს. ერთ-ერთი მათგანია არღანი - ხელის სატარებელი ორღანის სახეობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იყო ძველი თბილისი.

Your browser doesn’t support HTML5

ხმა ძველი თბილისიდან

გუჯა ომიაძე, ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი საქმიანობითა და ჩაცმულობით - შავი ახალუხით, ლასტიკის განიერი შარვლით, თავზე კაზიროკიანი შლიაპკით, ფეხებზე გარმონისებური დაწყობილი ჩექმებით და ქამარში წითელი ბაღდადით - მრავალი წელია ტურისტებისა და ადგილობრივების ყურადღებას იპყრობს, თუმცა ჩაცმულობა მხოლოდ ტრადიციის ნაწილია, მთავარი მაინც არღანია - ოდესაში, ივან ნეჩადას საქვეყნოდ ცნობილ ფაბრიკაში დამზადებული, ხმა ძველი ტფილისიდან.

„საერთოდ არღანი ევროპიდან შემოვიდა ოდესაში. მერე ოდესიდან - თბილისში. აქ აიტაცეს ეს ინსტრუმენტი. როგორც ქართული გარმონი, აზიური გარმონი, კლარნეტი, დუდუკი... ასევე არღანი თბილისში ძალიან აღიარებული ინსტრუმენტი არის. ოდესიდან შემოვიდა, მაგრამ საქართველოში ძალიან დიდ პატივს სცემენ არღანს. ჩემი არღნის რეპერტუარი ასეთია: ბრადიაგა ზა ბაიკალი, დუდუკო ჩემო, იეთიმ-გურჯის ცივ ზამთარი, პეპო - მეთევზის სიმღერა, სულიკო, მელოდია კფ „უძინართა მზიდან“, მხიარული რომანიდან, კიკაბიძე რომ მღერის, და „ტანეც პოლკა“. ვინ ჩაწერა? ცნობილი ხელოსანი იყო აკოფ ქიტესოვი, რომლის პაპა მუშაობდა ოდესაში. 2-3 წლის წინ დაიღუპა 94 წლის კაცი. არღნებსაც აწერია: მასტერ ქიტესოვ, ტფილისი“.

გუჯა ომანიძე

იაკობ ქიტესოვის ჩაწერილია მელოდიები ცნობილი პოეტის, იოსებ გრიშაშვილის, არღანზეც, რომელიც ასევე ივან ნეჩადას ფაბრიკაშია აწყობილი. არღანზე, 1958 წლის 16 სექტემბერს გაკეთებული წარწერის მიხედვით, ჩეწერილია შემდეგი მელოდები: 1. მარუსია ატრავილას, 2. არ შეგცივდეს, ბარაშკაჯან, 3. ჩობანი ბაიათი, 4. სადაც არის გათენდება, 5. სად შენი და სად იმისი თვალები, 6. სუბოტა, 7. სულიკო, 8. ბაღდადური. წარწერა მთავრდება ავტოგრაფით: „არღნის ოსტატი იაკობ ქიტესოვი, ავლაბარი, შემახის ქუჩა N32“. პოეტის დისშვილი და გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის დირექტორი ნოდარ გრიგორაშვილი იხსენებს ერთ-ერთი სიმღერის, „სად შენი და სად იმისი თვალების“, შექმნის ისტორიას. პოეტს თურმე ერთი ხარფუხელი ქალი შეუყვარდა:

„მოვიკრიბო სუსტმა დევის ძალები, სულის კლიტევ, სამოთხის გასაღებო, სად შენი და სად იმისი თვალები“ - ეს ლექსი იმ ქალისადმია მიძღვნილი. გიშერივით შავი თვალები ჰქონია. მიყვარდაო... პავლე ფრანგიშვილი იყო ცნობილი რეჟისორი, იმისი და იყო, მარუსია ყანდინოვი, რომელიც ხარფუხში ცხოვრობდა. იოსებ გრიშაშვილი იხსენებს თავის ბიოგრაფიაში, ჩემი პირველი სიყვარული იყო, მასაც ვუყვარდიო, მაგრამ მშობლებმა და ნათესავებმა არ მომათხოვესო. ირჩიეს ბებერი იუზბაშევი, გაათხოვეს, მალე დაქვრივდა, გორში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა უბედური ისე, რომ მთელი ცხოვრება მისტიროდა თავის პირველ სიყვარულს“.

არღანზე ქეიფი თბილისური დროსტარების ნაწილი იყო, ისევე როგორც მოქეიფეთა ფაეტონით სიარული და მეარღნისათვის ცალკე ფაეტონის ქირაობა. როცა ქალაქში ფაეტონებით მოძრაობა აიკრძალა, შეზღუდვამ მეარღნეებიც დააზარალა: უკანასკნელ მეფაიტონეს უკანასკნელი მეარღნეც გაჰყვა. თუმცა არღანს მხოლოდ რესტორნებსა და დუქნებში როდი უკრავდნენ: მეარღნეები ეზო-ეზოც დადიოდნენ და, როგორც ნოდარ გრიგორაშვილი ამბობს, სპეციალური ქამრებით იმაგრებდნენ ლამის 30 კილოგრამამდე წონის არღანს. ქამარი ორი იყო: მხარზე გადასადები და წელზე შემოსარტყმელი, რომელსაც წინა მხარეს მკვრივი ტყავის შვერილი ჰქონდა, საკრავი ინსტრუმენტის ჩამოსადებად.

რუსუდან ლაშხი

არღნების შთამბეჭდავი კოლექცია ინახება ქართული ხალხური სიმღერებისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში, რომელიც ორმოცი წლის წინ არკადი რევაზიშვილის კოლექციის ბაზაზე შეიქმნა. როგორც მუზეუმის თანამშრომელი რუსუდან ლაშხი ამბობს, მექანიკური საკრავები, მათ შორის, არღანი საქართველოში შემოვიდა მე-19 საუკუნეში, ევროპის ტექნიკისა და კულტურის სხვა უახლოეს მიღწევებთან ერთად:

„რას წარმოადგენს არღანი? ეს არის სამი ნაწილისგან შემდგარი ჯადოსნური ყუთი. ქვედა ნაწილში პირვანდელ გერმანულ ვარიანტში დევს საბერველი, რომელიც ტრიალის დროს შეისუნთქავს ჰაერს - წარმოიდგინეთ, რომ ეს არის გარმონი, ოღონდ მექანიკურად მომუშავე - შეისუნთქავს ჰაერს, რომელიც გამოაქვს სტვირებიდან, ფლეიტებიდან, რომლებიც ჩალაგებულია ზედა ნაწილში. რამდენიმე ფლეიტაა: პიკოლო, შუა ხმის და ბანის ფლეიტები. ხმა გამოდის შესაბამისად იმისა, რასაც აძლევს პროგრამა. პროგრამა კი ჩალაგებულია ამ ყუთის მეორე ნაწილში. პროგრამა არის მოტრიალე ცილინდრის ფორმის მქონე ბორბალი, რომელზეც პატარა ნემსაკების სახით ჩაბეჭდილია მუსიკა. რამდენიმე ოქტავა ახლავს ამ ცილინდრს და ერთ მოტრიალე ბორბალზე რვა მელოდია ეტევა.“

რუსუდან ლაშხის თქმით, არღანი არც ადრე ყოფილა და არც ახლა არის საინტერესო საკრავი ელიტური წრეებისთვის.

„ეს იყო, ასე ვთქვათ, თავისუფალი, მოხეტიალე საკრავი, რომელიც იკვრებოდა ქუჩაში, მოედნებზე, ბაზრობებზე, ანუ იქ, სადაც ხალხმრავლობა იყო, იყო ხალხმრავლობა და სახალხო სეირნობა. დასდევდნენ მეარღნეს ბავშვები შლეიფად ქუჩაში, ვისაც შეეძლო ფულსაც უხდიდა მეარღნეს“, უთხრა რუსუდან ლაშხმა რადიო თავისუფლებას.

Your browser doesn’t support HTML5

ხმა ძველი თბილისიდან

ცხადია, ახლა აღარც იმდენი არღანია თბილისში და აღარც იმდენი მეარღნე, რამდენიც 150 წლის წინ იყო, მაგრამ თბილისელები ბოლომდე მაინც ვერ შეელივნენ „ალიონზე თეთრ დუქანთან არღნის ტირილს“. გუჯა ომიაძის თქმით, არღნის ჰანგებზე მოთხოვნა დღევანელ საქართველოშიც არსებობს:

„არღანს დიდი ეშხი აქვს ძველ თბილისთან დაკავშირებით, უაღრესად სასიამოვნო ინსტრუმენტია. ჩვენი წინაპრები არღანზე დიდ დროს ატარებდნენ, ქეიფობდნენ... ნელ-ნელა იკარგება, მაგრამ აგერ ჩემი შვილი რესტორან „წისქვილში“ დავასაქმე, არღანზე უკრავს ათი წელია. მეც ვუკრავ, რომ არ დაიკარგოს ეს ტრადიცია. მოთხოვნილება არის. რომ ითქვას, არღანი დაკარგულიაო, ასე არ არის. განსაკუთრებით თბილისობაზე მეძახიან ხოლმე, საპატიო დელეგაციების სტმურობისას, სხვა დღესასწაულებზე...“

დროდადრო გუჯა ომიაძე თავის 130 წლის არღანს Weltmeister-ის აკორდეონს შეაშველებს ხოლმე, ოღონდ აკორდეონითაც, რომელზეც 12 წლიდან უკრავს ვირტუოზულად, ისევ და ისევ თავის ძველ თბილისსა და ძველ არღანს უტრიალებს:

„ღვინოს რომ სვამთ და მიიმრთმევთ ბადაგს ვენახის,

რად ვერ მამჩნევთ, თქვენს სუფრასთან რად არ მეძახით?

რა ვუყოთ, რომ არღანს ვუკრავ და ბებერი ვარ,

მეც ქალაქელ დამკვრელების გვარში ვწერივარ,

გუჯა მოკვდეს, არღანს ისე დაატრიალებს,

შენ მოილხენ, მე დავიცხრობ გულის იარებს,

შენ დაუკარ, ლურჯი ჩიტი ამოფრინდება,

რომ ვიცოდე, ჩემი თავი ვინმეს სჭირდება,

მაშინ არღნის თრევა აღარ გამიჭირდება“.