ხიზრი ალდამოვმა რამზან კადიროვის წინაშე მოინანია

ხიზრი ალდამოვი

რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა სწრაფად გაავრცელეს ინფორმაცია საქართველოში ჩეჩენთა სათვისტომოს ყოფილი ხელმძღვანელის ხიზრი ალდამოვის ჩეჩნეთში დაბრუნებისა და პრომოსკოვური ადმინისტრაციის თავკაც რამზან კადიროვის წინაშე უცნაური მონანიების შესახებ.

ხიზრი ალდამოვი, საქართველოში ჩეჩენთა სათვისტომოს ყოფილი თავკაცი და ერთ დროს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის წარმომადგენელი, რამზან კადიროვმა მიიღო როგორც „უძღები შვილი“ და სიხარული გამოთქვა იმის გამო, რომ „მან შეიგნო საკუთარი შეცდომები და სწორ გზაზე დადგა.“ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერის ამ „დიდსულოვან“ შეფასებას წინ უძღოდა რამდენიმე აუცილებელი პროცედურა: თავად ხიზრი ალდამოვის მონანიება „წლების უაზროდ გაფლანგვის“ გამო, აღფრთოვანება ჩეჩნეთში მიმდინარე აღმშენებლობით და ერთგულების აღთქმა, რაც ჩეჩნეთის ტელევიზიითა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებების გზით ოპერატიულად გავრცელდა.

„მე მჭირდება თქვენი დახმარება. გთხოვ, რომ მაპატიო. მე შენს დაძახილზე ყველგან გამოვალ. მე შენი ერთგული ადამიანი ვიქნები.“

ასეთი სიტყვებით მიმართა 13 ივნისს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს საქართველოდან წასულმა ხიზრი ალდამოვმა, რომელმაც, როგორც იუწყებიან, პირობა დადო, რომ საქართველოში მანამდე არ დაბრუნდება, სანამ “ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი იქნება.“

ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მისი განცხადებიდან. ის წერს, რომ საქართველოში დაბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება მიხეილ სააკაშვილი ...
ნუგზარ წიკლაური

ჩანს, მხოლოდ წარსულის მონანიება და საქართველოს ლიდერის უარყოფა არ არის საკმარისი საბუთი რამზან კადიროვისათვის ყოფილი მტრის შესანდობად და, შესაბამისად, ხიზრი ალდამოვი იძულებული იყო დაეგმო იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტები - ჯოხარ დუდაევი და ასლან მასხადოვი, რომლებსაც, მათივე ყოფილი თანამებრძოლისა და წარმომადგენლის თქმით, საკუთარი ხალხისათვის „მცირედი სარგებლობაც“ არ მოუტანიათ.

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა ალდამოვის რუსეთში დაბრუნებას და მის მონანიებას „რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროპაგანდისტული აქცია“ უწოდა:

„ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მისი განცხადებიდან. ის წერს, რომ საქართველოში დაბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება მიხეილ სააკაშვილი. ვფიქრობ, რომ ეს არის პროპაგანდისტული აქცია რუსეთის ხელისუფლების და ის მიზნად ისახავს საქართველოსათვის სახელის შელახვასაც, ისევე როგორც ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობის დემორალიზაციას.“


შეიძლება ეს ადამიანი აიძულონ, რომ გააკეთოს განცხადებები საქართველოს ტერიტორიაზე რაღაც მითიურ ბაზებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს განცხადება ჩადგება იმ განცხადებების რიგში, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია ...
ნუგზარ წიკლაური
აღსანიშნავია, რომ ხიზრი ალდამოვამდე რუსეთში გაიქცნენ და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით მოსკოვში თავშესაფარი პოვეს სამხრეთ ოსეთის „დროებითი ადმინისტრაციის“ მაღალი რანგის პირებმა - შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ ქარქუსოვმა და ამავე ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა ვლადიმერ სანაკოევმა. ეს უკანასკნელი მოძრაობა “სამხრეთ ოსეთის ხალხი - მშვიდობისათვის” სპიკერი იყო და პირადად ხელმძღვანელობდა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, სახელწოდებით „კოკოითი ფანდარასტ“, ანუ „გზა მშვიდობისა, კოკოითო“. თუმცა უფრო ადრე, ვიდრე ედუარდ კოკოითი დაემშვიდობებოდა ოს ხალხს, საქართველოს თავად ვლადიმერ სანაკოევი დაემშვიდობა. მერე საქართველოს მამხილებელი საბუთებით მოსკოვში გაიქცნენ ჯემალ და იანეკ ქარქუსოვები, სულ ბოლოს კი საქართველოდან გაუჩინარდა მათი მესამე ძმა, ურუზმაგ ქარქუსოვიც, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ნუგზარ წიკლაური არ მიიჩნევს ტრაგედიად ამ ყაიდის ხალხის საქართველოდან გაქცევას, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურებმა ხიზრი ალდამოვი საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტული ომისთვის გამოიყენონ:

„შეიძლება ეს ადამიანი აიძულონ, რომ გააკეთოს განცხადებები საქართველოს ტერიტორიაზე რაღაც მითიურ ბაზებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს განცხადება ჩადგება იმ განცხადებების რიგში, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია და რომლებსაც უსაფუძვლობის გამო მსოფლიოში არავინ არ აქცევს ყურადღებას.“

წიკლაურის თქმით, რუსეთის დესტრუქციული ქმედებების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებთან დაახლოების სტრატეგიაზე მუშაობას, რაც, ქართველი პარლამენტარის თქმით, „დაფუძნებულია არა იმაზე, რომ ვინმეს ტერიტორიული მთლიანობის რღვევაზე ვიფიქროთ, არამედ იმაზე, რომ კავკასიის ხალხებს აქვთ უფლება, განაგრძონ და განამტკიცონ ასწლოვანი კულტურული კავშირები“.