„ხიზილალის დიპლომატია“, ანუ როგორ ახერხებს აზერბაიჯანი დაადუმოს კრიტიკა დასავლეთიდან

ბაქო

ხიზილალისა და სხვა სახით გაცემული ,„ქრთამი ანათებს ჯოჯოხეთს“ და ევროპის საბჭოს ისედაც განათებულ დერეფნებს, ამტკიცებს ერთი კვლევითი ცენტრი, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანის მთავრობა მატერიალური დაინტერესების გზით ახერხებს დასავლელი პოლიტიკოსების გადაბირებას, შეაქონ ეს ქვეყანა ან დამალონ აზერბაიჯანის ნაკლოვანებები.
„ხიზილალის დიპლომატია“, როგორც ტერმინი, შემოიღო „ევროპის სტაბილურობის ინიციატივამ“, კვლევითმა ცენტრმა, რომელიც სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპითა და ევროკავშირის გაფართოების თემატიკითაა დაკავებული. მის ერთ-ერთ ანგარიშში 2012 წელს აზერბაიჯანისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ურთიერთობასთან დაკავშირებით, მაღალი რანგის აზერბაიჯანელი ოფიციალური პირის ნათქვამზე დაყრდნობით, წერია:

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბევრი დეპუტატი პირველი, რასაც გეკითხება მოსალმების შემდეგ, ესაა: ხიზილალა სადააო“.

ამავე წყაროს თანახმად, კილო ხიზილალა 1300 და 1400 ევრო ღირს. ასამბლეაში აზერბაიჯანის თითოეული მეგობარი, სეზონურად, წელიწადში ოთხჯერ იღებს, სულ მცირე, 400-600 გრამ ხიზილალას. და ასამბლეაში ასეთი მნიშვნელოვანი მეგობრების რიცხვი 10-12-ია, სამდივნოში - 3-4. თვითონ გამოთვალეთ, რამდენი უჯდებათ მხოლოდ ასე - ხიზილალით - ევროპარლამენტარებისთვის სიამოვნების მინიჭება აზერბაიჯანის კარგი სახელისთვის მზრუნველებს. ამერიკაში ბოლო დიდი მოვლენა „აზერბაიჯან-ამერიკის ალიანსის“ მიერ მოწყობილი ხუთრიგიანი ვახშამი იყო. ის ვაშინგტონში, არქიტექტურის ეროვნული მუზეუმის სვეტებიან დარბაზში, მოეწყო. საღამოს მასპინძლობდა აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრი, დან ბარტონი. საზეიმო შეხვედრის საპატიო სტუმრების კომიტეტში შედიოდნენ აშშ-ის სენატორები და კონგრესის 13 წევრი. ჯოშუა ნუნენი, გამოცემა „კონვი ბიულეტინის“ აზერბაიჯანის საკითხთა ანალიტიკოსი, რომელიც ამ ვახშამს ესწრებოდა, ამბობს:

„ვფიქრობ, საღამო მათთვის სასარგებლო იყო, რადგან ვახშამზე სტუმრად ჰყავდათ ყოფილი კონგრესმენები და ვაშინგტონის მედიის ისტებლიშმენტი და ის ხალხი, ვინც აზერბაიჯანის ლობისტად ითვლება. საინტერესო იყო. დიდებული ვახშამი იყო!“

რაც უფრო უარესდებოდა აზერბაიჯანში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ევროპის საბჭო, რომლის ამოცანაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების დაცვა, სულ უფრო ნაკლებად იღებდა ხმას, ნაკლებად კრიტიკული ხდებოდა...
გერალდ კნაუსი
ბოლო ათწლეულებში - მას მერე, რაც აზერბაიჯანს ენერგომატარებლების გზით დიდი რაოდენობით შემოსავალი აქვს - ამ ქვეყნის მთავრობა არაფერს იშურებს იმისათვის, რომ უცხოეთში, განსაკუთრებით დასავლეთში, აზერბაიჯანს კარგი სახელი დაუმკვიდროს, დაადუმოს კრიტიკა, რომელიც უფლებადამცავებს და სხვებს აქვთ ბაქოს პოლიტიკის მიმართ. ვაშინგტონის ვახშამი ბაქოს აგრესიული სტრატეგის ნაწილი იყო ამ მიმართულებით. ის უზომო რაოდენობის საჩუქრებითა და წვეულებებით ცდილობს თავისი პოლიტიკის მიმართ კეთილად განაწყოს მსოფლიო. თუმცა, როგორ აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რიჩარდ კაუზლარიჩი ამბობს, ასეთი საღამოები მხოლოდ კიდევ ერთხელ ააშკარავებს აზერბაიჯანის რეალობასა და ფიქციას შორის უფსკრულს. „ევროპის სტაბილურობის ინიციატივის“ ხელმძღვანელმა გერალდ კნაუსმა, რომელიც აზერბაიჯანის შესახებ ზემოხსენებული ანგარიშის ავტორიცაა, რადიო თავისუფლებას უამბო, როგორ შეიქმნა პროექტი:

„რაც უფრო უარესდებოდა აზერბაიჯანში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ევროპის საბჭო, რომლის ამოცანაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების დაცვა, სულ უფრო ნაკლებად იღებდა ხმას, ნაკლებად კრიტიკული ხდებოდა. ეს ეხებოდა არჩევნებს, პოლიტპატიმრებს, ადამიანის უფლებების სფეროში ევროპის საბჭოს ნორმების დაცვის მეთვალყურეობას. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერკვია და განგვემარტა, როგორ დაიწყო დადუმების ეს პროცესი და რა მართავდა მას“.

ლონდონელი უფლებადამცავი რებეკა ვინსენტი, რომელიც ბაქოში დიპლომატადაც მუშაობდა, აღიარებს, რომ ბაქოს აქტიურობა, მისი აგრესიული მცდელობა საზოგადოებასთან ურთიერთობა თავის სასარგებლოდ წარმართოს, უფლებადაცვის საქმეში მუშაობას ერთობ ართულებს:

ბაქო მიმართავს ძალიან აგრესიულ მეთოდს, ჰპირდება და შემდეგ სთავაზობს ლობისტის პოსტებს ადამიანებს, რომლებსაც ადრე ევროპის საბჭოში მაღალი თანამდებობები ეკავათ. მათ სრულიად აშკარად ეუბნებიან, იყავი ჩვენს მხარეზე და შეიძლება გახდე ლობისტი, კარგი შემოსავლითო...
გერალდ კნაუსი
„ადამიანის უფლებების დამცველის თვალსაწიერიდან ვამბობ: ძალიან რთულდება ჩვენი მუშაობა იმის გამო, რომ როცა ადამიანის უფლებების დარღვევებზე ხმის ამაღლება გვსურს, ევროპის ინსტიტუტებში, მათ შორის, ევროპის საბჭოში - და, ვფიქრობ, ევროკავშირშიც - წავაწყდებით ხოლმე კონკრეტულ პოლიტიკოსებს, რომლებსაც საქმე უკვე სხვა მიმართულებით აქვთ წაყვანილი“.

„ევროპული ინიციატივის” ხელმძღვანელი კნაუსი ამბობს, რომ ბაქოს მცდელობები თანმიმდევრული და აგრესიულია:

„ხიზილალის დიპლომატია“ გულისხმობს მუდმივად მეგობრების შეძენას, დიდი რაოდენობით ხალხის მიზიდვას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ათეულობით წევრს იწვევენ ბაქოში ყოველწლიურად არასამთავრობო ორგანიზაციები ან უშუალოდ მთავრობა. ბაქო მიმართავს ძალიან აგრესიულ მეთოდს, ჰპირდება და შემდეგ სთავაზობს ლობისტის პოსტებს ადამიანებს, რომლებსაც ადრე ევროპის საბჭოში მაღალი თანამდებობები ეკავათ. მათ სრულიად აშკარად ეუბნებიან, იყავი ჩვენს მხარეზე და შეიძლება გახდე ლობისტი, კარგი შემოსავლითო“.

„ევროპის სტაბილურობის ინიციატივას“ გამოაშკარავებული ჰყავს არაერთი პირი, - დასავლელი პოლიტიკოსი, ევროსაბჭოს დეპუტატი, - რომლებიც აზერბაიჯანის შესახებ დადებით დასკვნებს წერდნენ, არჩევნებს აფასებდნენ როგორც სამართლიანს და თავისუფალს და სხვ. აზერბაიჯანის „ფული არ ყარს“ ზოგიერთი კვლევითი ცენტრისთვისაც. ერთი მაგალითი: ბრიუსელის ევროპის სტრატეგიის დაზვერვისა და უშიშროების ცენტრმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ აზერბაიჯანში გამოაქვეყნა ანგარიში „აზერბაიჯანის რესპუბლიკა, კარგი მართვა“, რომელშიც, გრამატიკული შეცდომებით სავსე ინგლისურენოვან ტექსტში, ამ ქვეყანას ხოტბას ასხამენ როგორც სოციალურად წარმატებულ, სტაბილური კეთილდღეობის სახელმწიფოს, რომელიც, ქალებისა და კაცების თანასწორობით, ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს შეედრება. იქვე თურმე დიდ პატივს სცემენ რელიგიურ უმცირესობებს. ამ კვლევითი ცენტრის ვებსაიტზე კლიენტებს სთავაზობენ სამსახურს, ანგარიშებისა და ანალიზების შედგენას დამკვეთის სურვილის თანახმად. ბაქოს სიბეჯითემ შედეგიც გამოიღო. წელს, იანვარში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გერმანელმა დეპუტატმა ქრისტოფერ შტრასერმა წარადგინა აზერბაიჯანზე ანგარიშის მკაცრი შეფასებების შემცველი პროექტი, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანში 85 პოლიტიკური პატიმარი იქნა იდენტიფიცირებული. შტრასერს სურდა, რომ ასამბლეას მათი განთავისუფლება მოეთხოვა, მაგრამ დეპუტატების უმრავლესობა, 175 კაცი და ქალი, წინააღმდეგი აღმოჩნდა ბაქოს კრიტიკისა, მას მხოლოოდ 85 კანონმდებელი მიემხრო. შტრასერი ბაქომ შემდგომ „დასაჯა“ - მას აზერბაიჯანის ვიზა არ მისცეს. „ხიზილალის დიპლომატიის“ მცდელობები უკავშირდებოდა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებსაც, რომელიც ოქტომბერში გაიმართა და რომელშიც ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა. „ევროპის სტაბილურობის ინიციატივის“ ანგარიშით, კენჭისყრას მეთვალყურეობდა 50-მდე ორგანიზაცია, რომელთაგან მხოლოდ ერთმა - ეუთომ - გააკრიტიკა არჩევნები, დანარჩენები მას ქებით მოიხსენიებენ. „ევროპის სტაბილურობის ინიციატივის“ ანგარიშის ავტორს იმავე აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირმა გაუმხილა, წელიწადში 30-დან 40 სტუმარს ვიწვევთ იმ მიზნით, რომ ლობისტები გავიმრავლოთო. მისივე თქმით, სტუმრებს, აღმოსავლური ყაიდით, გულუხვად ასაჩუქრებენ - აბრეშუმის ხალიჩებით, ოქროსა და ვერცხლის ნივთებით, სასმელით, ხიზილალით და ფულით. რაც შეეხება ოკეანის გადაღმა აზერბაიჯანელების აქტიურობას, იქ მოქმედებს, როგორც ითქვა, „აზერბაიჯან-ამერიკის ალიანსი“, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსებული აზერბაიჯანელი ოლიგარქის ანარ მამადოვის მიერ. „ალიანსის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია აზერბაიჯანს მხარდაჭერა ჰქონდეს კონგრესში. ჯგუფს 46 წევრი ჰყავს. საჯარო ინტერესების ვებსაიტ „ოპენსიკრეტ.ორგ-ის“ თანახმად, რომელიც ვაშინგტონში ლობისტებს უთვალთვალებს, „ალიანსმა“ ლობისტურ ფირმა „ფაბიანი ენდ კომპანის“ წელს მილიონ რვაასი ათასი დოლარი გადაუხადა. შარშან შესაბამისი თანხა ლამის სამ მილიონს უდრიდა. 2011 წელს ის წლევანდელის ტოლი იყო. ანალიტიკოსი ჯოშუა ნუნენი განგვიმარტავს,რომ ბაქოს მცდელობა ვერ იქნება წარმატებული, თუ ის არ მისწვდა ამომრჩეველს. ვაშინგტონში მაღალ დონეზე ურთიერთობების დამყარება სასარგებლოა, მაგრამ, ამბობს ნუნენი, თუ წარმომადგენლების ამომრჩეველს არ მიაწვდინე ხმა, ეს მხოლოდ კავშირების ქონას ემსახურება და პოლიტიკას ღრმად ასე ვერ შეცვლიო.