ხის სურნელს ეზოში შესვლისთანავე გრძნობ. უფრო ზუსტად - ნახერხის. გამხმარი კაკლის მორებს ჯაჭვით დაბმული ძაღლი იცავს. ეს ხუმრობით. სინამდვილეში მთაში იშვიათია ეზო, ერთგული ძაღლი რომ არ იქნევდეს კუდს ან არ ყეფდეს. წინწკლებიანი კალმახებიც დარაჯობენ ხის მორებს. საბუდარში ჩამჯდარი კრუხიც. ეს ხის მორები გიგა გიგაურის ხელში მოჩუქურთმებულ ნივთებად უნდა იქცნენ. ეს ხის მორები ყრიან ეზოში და თავის რიგს ელიან. ზოგი რომ თასად უნდა იქცეს, ზოგი ქვევრად, ზოგი სანაყად, ზოგიც ლარნაკად და ა.შ. გიგას ხელში ჩარხი ტრიალებს გამალებით და კაკლის მორს, როგორც რბილ თიხას, ისე აძლევს სასურველ ფორმას.
Your browser doesn’t support HTML5
გიგა გიგაური ხეზე კვეთის ოსტატია. მთიულეთში, სოფელ მუგუდაში, ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. გიგამ ხეზე კვეთა 25 წლის წინ, 90-იან წლებში დაიწყო. თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო ფაკულტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ, გიგა გიგაური მიხვდა, რომ ქალაქში დარჩენას მაინც მთაში დაბრუნება ერჩია. ლუკმა-პურის ფული უნდა მეშოვნაო, ამბობს ის. მას შემდეგ ხეზე კვეთა გიგას შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცა. ხის სასმისებს, საოჯახო, საყოფაცხოვრებო ნივთებს საკუთარი ხელით აწყობილ ჩარხზე თლის და მერე ზედ ძველი ქართული გეომეტრიული ჩუქურთმები გამოჰყავს, ჩუქურთმები, რომლებიც მთაში უნახავს, მთიულეთში, მამა-პაპის სალოცავებში: „ოპიზრების ჩუქურთმად მოიხსენიებენ. ძველი ქართული ჩუქურთმაა. შეიძლება მეც რაღაც ამოვკაწრო, შევცვალო, რომ ვითომ ჩემი მეგონოს, მაგრამ მერე მაინც აღმოაჩენ, რომ ვიღაცას უკვე აქვს მსგავსი გაკეთებული. ნათქვამია, შეიძლება ბევრი შრომით ნიჭი მოვიდესო. არ ვიცი, შეიძლება ნიჭიც მოვიდა. მინდა, რომ ახალი და უკეთესი რაღაცეები ვაკეთო. კეთების პროცესი დიდი სიამოვნებაა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ნამუშევრები, რომლებსაც ვაკეთებ, ბოლომდე მაინც არ მომწონს. მინდა, რომ უკეთესი იყოს, მგონია, რომ მაინც რაღაც აკლია“.
ხელოვნება რჩება. ეს ხომ ქართული ხელოვნებაა, ხო ძველი ხელოვნებაა, ძველია, ჩვენია, ნაღდია. აი, ზევით, მუგუდას, დედაბოძზეა შემორჩენილი ეს ბორჯღლები. ჰოდა, ის მინდა, რომ შემორჩეს და ვიღაცამ აკეთოს კიდე. ისწავლოს, მარტო კომპიუტერებზე არ დარჩეს ხალხი. ხელითაც იმუშაონ. ...გიგა გიგაური
დღეს გიგას ხეზე მუშაობის თავისი მეთოდი აქვს. ამბობს, რომ თუკი ხის სხვა ოსტატები ნივთის გამოჩარხვას რამდენიმე დღეს ანდომებენ, საკუთარი ხელით აწყობილი უნიკალური ჩარხით, ის სასურველ ნივთს ერთ დღეში ამზადებს. გამოჩარხული ხის ნივთები გიგას კვირაში ერთხელ ჩააქვს თბილისში და სხვადასხვა პუნქტში აბარებს გასაყიდად. ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში, ნაკეთობების გაყიდვის პრობლემა არ შეჰქმნია. პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ მსგავს ნაკეთობებს სულ რამდენიმე ადამიანიღა ჩარხავს და ხალხს მოსწონსო. მეორე მიზეზი კი, მისი თქმით, ისაა, რომ ნივთებს, რომლების გასაკეთებლადაც გიგა ხან ღამეებს ათენებს, ხან ხელებს ისერავს, ხან თვალს იზიანებს, საკმაოდ იაფ ფასს ადებს: „24-საათიანი მუშაობა უნდა ხეზე მუშაობას. სანამ დაგეძინება, სულ უნდა იმუშაო. სხვანაირად არ გამოდის. ძალიან შრომატევადი საქმეა. დღეში მაქსიმუმ ორი ნამუშევარი გავაკეთო. მეტი ვერა. გარდა ამისა, ძალიან დიდი სიფრთხილე გჭირდება. ერთი გვერდზე, რომ გაიხედო, შეიძლება რაიმე დაიზიანო. ჩარხი ტრიალებს. ჩუქურთმის დროსაც საშიშია. გალესილი დანა გიჭირავს, ბევრჯერ გამსხლტომია ხელიდან და თითები დამიჭრია. სულ დაკოჟრილი მაქვს ხელები“.
გიგას ცოლი, ნინო წიკლაური, ჭართლის სკოლაში მათემატიკას ასწავლის. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ, სახლის საქმეს რომ მოილევს, ისიც გიგას ეხმარება. ხან ჩუქურთმას ასრულებს, ხან ხის ნაკეთობას სპეციალური ლაქით ფარავს: „აქ როგორი მკაცრი პირობებია, მე რომ არ ვთქვა, ისედაც ყველამ იცის. ექვსი თვე აქ ზამთარია, დიდი თოვლით, ყინვით და ის ღამეც უსასრულოდ გრძელდება, როცა ამ ნამუშევრებს ვაკეთებთ და ვამთავრებთ“.
ერთი წლის წინ, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დახმარებითა და ევროკავშირის დაფინანსებით, გიგამ მუგუდაში, სახლის წინ, საკუთარი ხელით ააშენა პატარა მაღაზია, სადაც ხის სუვენირებს ყიდის.
გიგა თავის ცოდნას ახლა შვილსა და ძმისშვილს უზიარებს. უნდა, რომ ხელობა, რომელიც მის საქმედ იქცა, მომავალმა თაობებმაც გააგრძელონ. თუმცა იმაზეც წუხს და დარდობს, რომ საქმე, რომელსაც ის ემსახურება, არ არის შემოსავლიანი და ამიტომ შესაძლოა მომავალ თაობებს ხეზე კვეთის ინტერესი საერთოდ გაუქრეთ: „ხელოვნება რჩება. ეს ხომ ქართული ხელოვნებაა, ხო ძველი ხელოვნებაა, ძველია, ჩვენია, ნაღდია. აი, ზევით, მუგუდას, დედაბოძზეა შემორჩენილი ეს ბორჯღლები. ჰოდა, ის მინდა, რომ შემორჩეს და ვიღაცამ აკეთოს კიდე. ისწავლოს, მარტო კომპიუტერებზე არ დარჩეს ხალხი. ხელითაც იმუშაონ. აი, ჩემ შვილს რომ ვასწავლი ახლა ხეზე მუშაობას, მეუბნება, წადი მამა, თავი გამანებე, არ მიღირს ამაზე მუშაობა. ამდენი ხანი ვებრძოლო ამას და მერე გავყიდო ხუთ ლარად“.
მთა, სადაც გიგა, გეგი და ნინო ცხოვრობენ, არ არის ძალიან შორს. მაგრამ მაინც მთაა. მთა, რომელიც სულ უფრო ნაკლებ ადამიანს იზიდავს საცხოვრებლად. გიგამ არ იცის, დარჩება თუ არა მისი შვილი, გეგი, მთაში საცხოვრებლად, გაჰყვება თუ არა მამის გზას, იმიტომ, რომ არ ჰყავს გეგის მთაში მეგობრები, კლასელიც კი ერთი ჰყავს, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ამბავია...