"ბუდე" - ხელოვნება სმარტფონებზე

სოფო ისაკაძე, ლევან სამნაშვილი

თანამედროვე სამყროში, როცა ადამიანებს უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩებათ სახელოვნებო დაწესებულებებსა და გალერეებში სასიარულოდ, ხელოვნებამ თავის გადასარჩენად სამომხმარებლო სივრცეში გადაინაცვლა. დღეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა მხატვრების ნამუშევრების ჩანთებზე, მაისურებზე, ტელეფონის ჩასადებებზე გადატანა. ასე შენს ინტერესებსაც გამოხატავ და საყვარელ მხატვრებსაც უწევ პოპულარიზაციას.

„ბუდე“ სწორედ ასეთი პროექტია. სოფო ისაკაძემ და ლევან სამნაშვილმა გადაწყვიტეს ლევანის ნახატები სმარტფონების ბუდეებზე გადაეტანათ და მათი გაყიდვით ცოტაოდენი ფულიც ეშოვათ.

სოფო: „იდეა ჩემგან წამოვიდა. პირველი მიზეზი იყო ის, რომ ძალიან მომწონს ლევანის ნახატები და, საერთოდ, მგონია, რომ შეზღუდული შესაძლებლობებით ხდება მხატვრების პოპულარიზაცია. ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა გამომეყენებინა ნახატები იმის გარდა, რომ შეიძლება წარადგინო საგამოფენო სივრცეში. მეგობარმა მითხრა, რომ შესაძლებელი იყო კარგი ხარისხის პრინტის გაკეთება მობილურის ჩასადებზე. შემდეგ შევთავაზე ლევანს და ავარჩიეთ ნახატები“.

ლევანი: „თავიდან მეგობრებს ვკითხეთ, თუ მოეწონებოდათ მსგავსი ტელეფონის ჩასადები და, სურვილის შემთხვევაში, თუ შეიძენდნენ. Facebook-ის გვერდის გაკეთებიდან ორ დღეში ძალიან დიდი გამოხმაურება იყო. გვწერდნენ სხვადსხვა მოდელებზეც. ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ აიფონის და სამსუნგის რამდენიმე მოდელის ბუდეზე ვხატავთ“.

პროექტი მომხმარებლისთვის სიახლე აღმოჩნდა. „ბუდის“ პოპულარობა, გარდა ორიგინალური ნახატებისა, ფასმაც განსაზღვრა.

ლევანი: „ფასი კლიენტზე მორგებულიც არის და, საშუალოდ,30 ლარი ღირს“.

სოფო: „ სანამ პროექტს დავიწყებდით, ფასები ბაზარზე მანამდე გავარკვიეთ. აუცილებელი პირობა ისაა, რომ ჩვენ ვყიდით ნახატს და არა აქვს მნიშვნელობა, ეს აიფონის ბუდისთვის იქნება, თუ სხვა მოდელისთვის. ნებისმიერი ბუდე ღირს 30 ლარი. ეს სტანდარტული ფასია“.

„ბუდის“ შეძენა, გარდა ინტერნეტისა, სხვადასხვა მაღაზიებშიც შეგიძლიათ, თუმცა, პროექტის ავტორების თქმით, ინტერნეტით პროდუქტის გაყიდვა და მომხმარებელთან კონტაქტი გაცილებით ადვილია:

„რაღაცებზე ვფიქრობთ , მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეს თავს დავანებებთ. დავრეგისტრირდით მცირე მეწარმედ და შესაძლებელი იქნება პროდუქციის მაღაზიებში შეტანაც“.

„იდეის დონეზე გაგვიჩნდა და ლევანმა დაიწყო ხელჩანთების გაკეთება. ეს არ არის ნაჭრის ჩანთები, როგორც კეთდება ხოლმე. ტყავის ჩანთებია, რომლებიც მთლიანად ხელით არის მოხატული“.