დღეს ახალციხელები მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენად რეალური აღმოჩნდა ყოფილი მერისა და ამჟამად უკვე პარლამენტის წევრის მიერ ორი წლის წინ გაცემული დაპირებები. ქალაქის პირველი მერი მოსახლეობას დაპირდა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საწარმოს ააშენებდა. გიორგი კოპაძემ მერობის პერიოდში ვერ შეძლო საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება და სათნოების სახლის გახსნა, სადაც ბენეფიციარები დროებით ღამის გათევას შეძლებდნენ. ამ დრომდე არ დაწყებულა საცურაო აუზის მშენებლობა. დაპირებად დარჩა ისიც, რომ ახალციხის ციხის დათვალიერება ადგილობრივებს უფასოდ შეეძლებოდათ. დაპირების მიხედვით, უნდა აშენებულიყო სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი და მოგვარებულიყო ახალგაზრდების დასაქმების პრობლემაც.
გიორგი კოპაძის დაპირებებში შედიოდა სპორტული მოედნებისა და სკვერების მშენებლობა, შიდა ქუჩების მოწესრიგება, ქალაქის იერსახის კეთილმოწყობა. მისი მერობის პერიოდში ასფალტი დაიგო ისეთ ქუჩებზე, სადაც წლების განმავლობაში გზა ამორტიზებული იყო; გაიხსნა სპორტული მოედნები და სკვერები; დაიდგა ნაგვის ახალი ურნები, კეთილმოეწყო მრავალსართულიანი ბინების ფასადები და ეზოები.
ახალციხის პირველმა მერმა დაპირებების დიდი ნაწილი ვერ შეასრულა, ამბობს ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი. გიორგი ანდღულაძის თქმით, კოპაძის მერობის პერიოდში ნაკლებად იყვნენ მოქალაქენი ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები დაპირებების შეუსრულებლობის მიზეზებს ხსნიან. მათი აზრით, წინასაარჩევნო პერიოდში მერობის კანდიდატების მიერ დაპირებები ჭარბად გაიცემოდა. უფრო მეტიც, უმეტესი ნაწილი ამ დაპირებებისა სცილდებოდა მერიის კომპეტენციას. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი, მზია ინასარიძე, ფიქრობს, რომ აღებულ ვალდებულებათა გააზრება პოლიტიკოსების მიერ მოგვიანებით ხდება ხოლმე.
ახალციხის მერი მოსახლეობამ თვითმმართველი ქალაქის ისტორიაში პირველად 2014 წლის 15 ივნისს აირჩია. კანონმდებლობის თანახმად, გიორგი კოპაძე თანამდებობაზე 3 წლისა და სამი თვის განმავლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის პოსტზე კენჭისყრის გამო, თანამდებობის დატოვება ორ წელიწადში მოუხდა.