მარიკო წიქორიძე: "საქართველოში ხუთი მოჭრილი ხიდან ოთხი უკანონოა“

აბასთუმანი

საქართველოში მოჭრილი ხუთი ხიდან ოთხი უკანონოა, – აცხადებენ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენლები. კვლევის მიხედვით, საქართველოს ქონების 35 % ხე-ტყეზე მოდის. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ არის შესწავლილი ტყის როლი ქვეყნის ეკონომიკასა და ენერგეტიკაში. მარიკო წიქორიძის თქმით, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ არ ხდება ტყის მასივების აღდგენა.

Your browser doesn’t support HTML5

მარიკო წიქორიძე: "საქართველოში ხუთი მოჭრილი ხიდან ოთხი უკანონოა“

სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ იმ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობა გასათბობად ყოველ წელს 2 მლნ. 500 000 კუბურ მეტრ საშეშე მერქანს იყენებს, რაც კანონით დადგენილ რაოდენობაზე 1მლნ. 800 000-ით მეტია. სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას გათბობის ალტერნატიულ წყაროებს სთავაზობს. დაახლოებით, ორი თვის წინ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლები, ასევე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ახალციხიდან, ადიგენიდან და ბორჯომიდან ესწრებოდნენ, გარემოსდამცველმა თამარ კაპანაძემ ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

სამცხე-ჯავახეთის ძირითადი მოსახლეობისთვის ზამთრის ცივი პერიოდი თითქმის რვა თვის განმავლობაში გრძელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემას საშეშე მერქნის რესურსის არასაკმარისი რაოდენობა და ტყე-კაფების მიუდგომელ ადგილებში გამოყოფა წარმოადგენს. ზამთარი სექტემბრიდან მაისამდე გრძელდება და, მაგალითად, აბასთუმანში გათბობის ერთადერთი და ისიც არასაკმარისი საშუალება ძირითადად შეშაა.

კურორტის საერთაშორისო მნიშვნელობის მიუხედავად, აბასთუმანში ამ დრომდე არ დაწყებულა გაზიფიცირების პროცესი. შესაბამისად, დაბაში არსებული ტყის რესურსით არა მხოლოდ აბასთუმნის, არამედ მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებიც სარგებლობენ. ახალციხის ადგილობრივი ტელეკომპანია ,,მეცხრე არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევე ლევან თედიაშვილი განმარტავს, რომ ისინი მხოლოდ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განსაზღვრული მონაცემებით სარგებლობენ.

გარემოსდამცველების აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კონტროლის მექანიზმის არარსებობაა. სამოქალაქო სექტორს სურს, რომ ტყის კოდექსის განხილვა დაჩქარდეს.