გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია თუ უბრალო ინციდენტი?

ხაშური

ხაშურში, პუშკინის ქუჩაზე მცხოვრები ხათუნა ლომსაძე და სოფიკო მეყანწიშვილი მუნიციპალიტეტის გამგებელს, გიორგი გურასპაშვილს, და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხაშურის სერვისცენტრის უფროსის მოადგილეს, რუსლან ფცქიალაძეს, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ხათუნა ლომსაძე და სოფიკო მეყანწიშვილი ტელეკომპანია „თრიალეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებენ, რომ, გამგებელთან წყლის პრობლემების მოსაგვარებლად მისულებს, აგდებული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დახვდათ. ხათუნა ლომსაძე აცხადებს, რომ პუშკინის ქუჩაზე ჭები დაშრა, ცენტრალურ წყალსადენზე მიერთებისთვის კი მათ თანხას სთხოვენ. ვითარების გასარკვევად მისულებს, მათ „ტრაქტორზე შემომჯდარი“ ქალები უწოდეს.

„12 სული ვართ ოჯახში. ორი წელია გვამასხარავებენ, რასაც ჰქვია. წყლის ნატამალი საერთოდ არა გვაქვს ჭებში. როდემდე უნდა მივადგე მეზობელს წყლის თხოვნით? გუშინ მოვიდნენ აქ და გვეუბნებიან, ტრაქტორზე შემომჯდარი ქალები ხართ და რა გვინდა, თქვენთან რა საქმე გვაქვსო. ჩავედით იქ და, ქმრები სადა გყავთო, გამგებელმა ლანძღვის მეტი არაფერი იმასქნა. სად გვყავს ახლა ქმრები, სამსახურებში არიან“.

გამგებლისა და წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელისგან შეურაცხყოფის ფაქტს სოფიკო მეყანწიშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, ფცქიალაძე პრობლემის მოგვარებით დაინტერესებულ პუშკინის ქუჩის მცხოვრებ ქალებს „კოვშაზე შემომჯდარებს“ უწოდებს.

„პუშკინის ქუჩაზე სულ გაყვანილია წყალი და ჩვენ არა გვაქვს, 60 მეტრია დარჩენილი. და ის ფცქიალაძე გვეუბნება, „კოვშაზე შემომჯდარ“ ქალებთან მე საქმე არა მაქვსო“.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი პუშკინის ქუჩაზე მცხოვრებ ქალებთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს მათთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. გურასპაშვილის თქმით, პუშკინის ქუჩაზე ერთ-ერთ მცხოვრებს სახლში სასმელი წყალი შეჰყავდა, მისმა მეზობლებმა კი იქ მისულ ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს და მუშებს დაუპირისპირდნენ, რადგან ცენტრალურ მილთან მიერთებას თვითონაც ითხოვდნენ. გამგებლის თქმით, სემეკის გადაწყვეტილებით, ახალ აბონენტად აყვანა 500 ლარი ჯდება, რის გადახდაზეც უარს აცხადებენ. მისი თქმით, კაბინეტში მისულ მცხოვრებლებთან არანაირი ინციდენტი არ მოსვლია.

„ჩვეულებრივად, ძალიან ნორმალურ გარემოში დავშორდით ერთმანეთს. მე არ ვიცი, მერე ვის სად მოელანდა გენდერული თანასწორობის დარღვევა და საიდან მოიტანეს, ნამდვილად ვერ ვიტყვი მაგას. ვადასტურებ, რომ ეს ადამიანები იყვნენ და არანაირი კონფლიქტი ჩვენ შორის არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ მივუთითე, სხვას რომ აქვს შესაძლებლობა, ხელი არ უნდა შეუშალო იმ საქმის კეთებაში. რამდენადაც ვიცი, წყალმომარაგების კომპანიასთან მოუვიდათ შეხლა-შემოხლა, იმიტომ რომ ტრაქტორს მუშაობის საშუალება არ მისცეს და ვიღაცამ - ერთ-ერთმა თანამშრომელმა - მიუთითა, რომ კაცები სად იყვნენ, როცა ქალები ტრაქტორებს საბურავების ქვეშ უწვებოდნენ. აცხადებენ, რომ ქმრები დასაქმებულები არიანო და, ალბათ, იმის საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ ოჯახები წყლით უზრუნველყონ. სულ ეს იყო. არც იმას ვიკადრებ, ვინმეს დავუპირისპირდე. ჩემს კაბინეტში შემოსული და გალანძღული ადამიანი ჯერ არავის არ უნახავს და თუ ვინმე ძალით იგონებს რაღაცა ფანტაზიებს, ეგ უკვე იმათი პრობლემაა“, - ამბობს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევაზე ალაპარაკდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს გენდერული თანასწორობის დაცვისაკენ მოუწოდეს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ, თუ ასეთ გამონათქვამებს მართლა ჰქონდა ადგილი, მაშინ ეს ნამდვილად კანონდარღვევაა.

ფატი ბუცხრიკიძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ქალი და განვითარება“, ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება ქალთა მიერ გამოკვეთილი პრობლემების იგნორირებას ახდენს.

მესამე სექტორის წარმომადგენლების აზრით, კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, პირველ რიგში, თანამდებობის პირებმა და საჯარო მოხელეებმა უნდა წაიკითხონ, რადგან დღემდე პრობლემად რჩება, რომ ქალის ხმა გადაწყვეტილების მიმღებამდე ვერ აღწევს, ან, თუ აღწევს, მისი იგნორირება ხდება.