საერთო ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის, მაგრამ მოვაჭრეთა დანაკარგი, სავარაუდოდ, ასიათასობით ლარს შეადგენს. სავაჭრო ცენტრების „ქალაქის გულისა“ და „თერგის“ ტერიტორიაზე 27 თებერვალს გვიან ღამით გაჩენილმა ხანძარმა, რომელიც 3000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა, მოვაჭრეთა ნაწილს შემოსავლის ერთადერთი წყარო დააკარგვინა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში 10-ზე მეტი ხანძარი აღირიცხა. 27 თებერვლის ხანძრის კვალდაკვალ, კიდევ ერთხელ დაისვა შეკითხვები ხანძრების გაჩენის საეჭვო მიზეზებთან დაკავშირებით. რამ განაპირობა ბოლო წლებში საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ცენტრებში მოხშირებული მასშტაბური ხანძრები?
Your browser doesn’t support HTML5
ლეილამ, რომელიც, უკვე თითქმის 20 წელიწადია, სხვადასხვა სახის საქონლის ვაჭრობით არის დაკავებული, 27 თებერვლის ხანძრის შედეგად წლობით დაგროვილი ქონება დაკარგა და დაკარგა ასევე შემოსავლის ერთადერთი წყაროც:
„მეორადი ტანსაცმელი, ძეხვები, საჭმელ-სასმელი, ყავა და, რა ვიცი, ყველაფერი... შერეული საქონლით დაბლა და მაღლა გატენილი იყო საწყობები. გაწირეს და ჩაძირეს ხალხი... ჩემი კი არის 20 ათასის საქონელი, მაგრამ სხვების არის - 100 ათასის. აქ საბითუმო ბაზრობა იყო... საარსებო იყო ეს ჩემი - რომ მოვიდოდი აქ, ოჯახისთვის საჭმელი მიმქონდა“.
სხვა ბევრი მოვაჭრის მსგავსად, დიდ ზარალზე ლაპარაკობს მარინაც, რომელიც გადამწვარი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე თამბაქოს პროდუქციის საბითუმო ვაჭრობით იყო დაკავებული. ის სხვა ბევრ დაზარალებულსაც იცნობს:
„სიგარეტის შემთხვევაში ზარალი მასშტაბურია. ორი ბლოკი უკვე ასი ლარია და ორი ბლოკი ხომ არ გვექნებოდა საბითუმო ბაზრობაზე?! ყუთებით გვქონდა, დიდი რაოდენობით. ბანკების ვალები აქვთ აღებული ხალხს, ძალიან გაჭირვებულ დღეშია ყველა. ოჯახები მუშაობდა აქ - ცოლი, ქმარი, შვილი - მთელი ოჯახებია დაზარალებული“.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრების „ქალაქის გულისა“ და „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარს 27 თებერვალს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდა 150-ზე მეტი მეხანძრე და მობილიზებული იყო 24 ერთეული სახანძრო ტექნიკა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა და დაიწვა ასევე მეორე სართულისა და ავტოფარეხის ნაწილი.
დაზარალებული მოვაჭრეები 27 თებერვალს ღელავდნენ იმის გამოც, რომ საკუთარ მაღაზიებში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მათ აფრთხობთ ასევე სამომავლოდ სავაჭრო ცენტრის გაუქმების პერსპექტივა. გარკვეული სახის ინფორმაცია მათ დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა მიაწოდა:
„იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ დაზარალებულა ხანძრის გამო ან წყლის გამო, როგორც ადმინისტრაცია ამბობს და პასუხისმგებლობას იღებს, ხვალ უკვე მოხერხდება შესვლა, როგორც კი დენს აღადგენენ, რადგან ახლა დენი ჩახსნილია... დანარჩენი უკვე ადგილზე ინდივიდუალურად მოხდება დაზარალებულებთან გასაუბრება და იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ აქ, ადგილზე, იგივე სპეციფიკის ბაზრობა აშენდება, გვერდზე ვაჭრობის საშუალებას მისცემენ... მე ზუსტად ვიცი, ამწუთას გამოვედი შეხვედრიდან ქალაქის მერთან ერთად, სადაც დადასტურებულად თქვეს მეპატრონეებმა, რომ ზუსტად იგივე სპეციფიკის ბაზრობას რაც შეიძლება სწრაფად აღადგენენ იგივე ადამიანებისთვის“.
რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგანაც საერთო ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის. თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე რამდენჯერმე იმყოფებოდა, მოვაჭრეებს უთხრა, რომ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციას ინდივიდუალური მიდგომა ექნება:
„რაც შეეხება ზარალს, ადმინისტრაცია მზად არის ინდივიდუალურად შეხვდეს თითოეულ ადამიანს, გაიარონ ხელშეკრულებები და შემდეგ, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს აღწერა - რა საქონელზეა საუბარი და შემდეგ ინდივუდუალურად იქნება გადაწყვეტილება მიღებული“.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის, მაგრამ 27 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში, ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ლაპარაკი იყო იმის შესახებ, რომ დამწვარი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ელექტროგაყვანილობა რამდენიმე თვის წინ გამოიცვალა. შესაბამისად, მოვაჭრეები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს გარეშე დაინტერესებულმა პირებმა. მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ დაინტერესება კონკრეტულმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს, თუმცა ტერიტორია არ გასხვისდა.
ხანძრები „ბავშვთა სამყაროს“, სავაჭრო ცენტრ „საბას“, ე.წ. ელიავას ბაზრობისა თუ ლილოს ბაზრობის ტერიტორიებზე, ხანძრები სავაჭრო ცენტრებში - ზესტაფონში, ფოთსა თუ სენაკში... თუკი შს სამინისტროს მიერ რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ცენტრებში, სულ ცოტა, 11 ხანძარი გაჩნდა, თუმცა ეს ნუსხა არასრულია. ხანძრის გამომწვევ საეჭვო მიზეზებთან დაკავშირებით 27 თებერვალს განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. ომბუდსმენის თქმით, შეკითხვები იარსებებს მანამდე, ვიდრე გამოძიება ხანძრის გამომწვევ ზუსტ და დამაჯერებელ მიზეზებს არ გააცნობს საზოგადოებას:
„სანამ ჩვენ არ გვაქვს წინა წლების განმავლობაში არც ერთი მსგავსი ხანძრის გამომწვევი მიზეზები დადგენილი და გამოძიებას არ გაუცია იმ კითხვებზე პასუხი, თუ რამ გამოიწვია მსგავსი ხანძრების გაჩენა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს არა, უბრალოდ, შემთხვევითობა, არამედ განზრახ მიმართული ქმედება. ბუნებრივია, ეს კითხვები ჩნდება და ვფიქრობ, რომ მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს კითხვები, რაც ჩნდება ამ საქმეებთან მიმართებით“.
რადიო თავისუფლება 27 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, რომ შს სამინისტროსგან მიეღო პასუხი ბოლო წლებში აღრიცხული ხანძრების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა. მთელ რიგ შემთხვევებში გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.