16 სექტემბერს ხანძარს ერთდროულად რამდენიმე ადგილას აქრობდნენ. ცეცხლი გაჩნდა თუშეთში, კახეთსა და აჭარაში. ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულნი.
უკვე მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან სოფელ ხახაბოში, რომელიც თუშეთში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. ხახაბოში ხანძარი უკვე მეორედ გაჩნდა, თუმცა, ამჯერად, სხვა ტერიტორიაზე. როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა:
Your browser doesn’t support HTML5
„იქ ჩვენ მაშველი მეხანძრე ბრიგადა გვყავს, თავისი სატრანსპორტო საშუალებით. უკვე წყალს ასხამენ“.
დღის განმავლობაში, 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობდა ცეცხლს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიაში. აქ ცეცხლი მიუვალ ტყეში გაჩნდა, სადაც სახანძრო მანქანების შესვლა შეუძლებელია.
ცეცხლი წაეკიდა ბაკურციხის ტყესაც. თუმცა, იქ ხანძრის შეჩერება შეძლეს. როგორც გამგებლის წარმომადგენელი გიორგი ბერძენიშვილი ამბობს:
„ლოკალიზებულია. ფაქტობრივად, ძალიან მცირე რაოდენობაა დარჩენილი. არ ვიცი, საიდან გაჩნდა, მაგაზე ვერაფერს ვიტყვი“.
ამასთან, ცოცხალი ძალა კვლავ რჩება ხულოში, შავნაბადას მთაზე, სადაც ხანძარს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 200-მდე მეხანძრე და მოხალისეები აქრობდნენ. შავნაბადას მთაზე ცეცხლის რამდენიმე კერა იყო ტყეში, სადაც გადაადგილება მხოლოდ ბილიკებითაა შესაძლებელი. შავნაბადას მთა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული. ამჯერად, ხანძარი ჩამქრალია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ იწვის ტორფი და კვამლიც შეინიშნება.
ამ ფონზე, საყურადღებოა გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები. უახლოეს ორ დღეს, 17-18 სექტემბერს, სინოპტიკოსები უნალექო და ქარიან ამინდს პროგნოზირებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან მოუმზადებელი შეხვდა სტიქიურ უბედურებებს. მისი თქმით, არ არსებობდა ერთიანი ხედვა, თუ როგორ უნდა მოიქცე მსგავს შემთხვევაში.
„სრულიად გაუგებარია რას აკეთებს ამ სიტუაციაში კრიზისების მართვის საბჭო, რომელსაც არც ერთი კრიზისი არ უმართია. იმის მაგივრად, რომ გარკვეულ პრევენციულ ზომებს მიმართავდნენ, ყველაზე ბოლოს იგებენ ხოლმე, რომ მეწყერი, ღვარცოფი ან ხანძარი მოხდა. მერეც რას აკეთებენ, სრულიად გაუგებარია“.
მისივე თქმით, კიდევ ერთი ფაქტორი, რაც სტიქიასთან გამკლავებას აძნელებს, უშუალოდ, ადამიანის მიერ ხელოვნურად წარმოქმნილი პრობლემებია:
„მაგალითად, საკმაოდ მძიმე ვითარება არის ახლა აჭარის რეგიონში, სადაც ძალიან ცუდად ააშენეს შუახევის ჰესი და მთელი შუახევის რაიონი წყლით არის გაჟღენთილი. დერივაციული გვირაბებიდან, რომელშიც მდინარის ბუნებრივი კალაპოტებიდან გადაისროლება წყალი, ჟონავს და კაცმა არ იცის რა მოხდება, როდესაც წვიმების სეზონი დაიწყება“.
მისივე აზრით, უკეთესი იქნებოდა, თუ ბიუჯეტიდან, უშუალოდ, ტყის მცველებისთვისაც გამოიყოფოდა ფული, იმისთვის, რომ მათ ინდივიდუალურადაც ჰქონოდათ ცეცხლის ჩასაქრობი ტექნიკური საშუალება.