ქარელის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის - ავლევის, კნოლევის, ცერონისისა და თამარაშენის - მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თხრილების გავლება დაიწყეს. ოსური მხარე ახალი საფორტიფიკაციო ნაგებობების აგებას რამდენიმე თვის წინ აანონსებდა, გუშინ კი ერგნეთის „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ქართულ სოფლებთან უკვე დაწყებულია ეს სამუშაოები. ადგილობრივი მოსახლეობა თვითონ ხედავდა, ეგრეთ წოდებული მესაზღვრეები როგორ მივიდნენ მინდვრებში ტრაქტორებით და ხნულების გავლება დაიწყეს. ცერონისელების თქმით, ამის გამო საძოვრებზე საქონლის გაყვანა ეზღუდებათ. გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზს მიღმა ექცევა ტყე, რომლითაც ეს სოფლები სარგებლობდნენ.
Your browser doesn’t support HTML5
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გავლებულ ხნულებს ოსური მხარე ხანძარსაწინააღმდეგო ზოლს უწოდებს. ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა განაცხადა, რომ ეს ზოლი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმისთვის კეთდება, რომ მინდორში წარმოქმნილი ხანძრები დიდი მასშტაბით არ გავრცელდეს. ასე არ ფიქრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოსური მხარე საოკუპაციო გამყოფ ხაზს მისდევს, ეს მაინც ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის ახალი ტალღაა, რომელიც მავთულხლართებით, ღობეებით, ბანერებით დაიწყო და თხრილებით სრულდება.
გუშინ საღამოს ქარელის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომლებიც საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ჩავიდა და უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ცერონისელები, კნოლეველები, ავლეველები და თამარაშნელები ყურადღებით აკვირდებიან საოკუპაციო ძალების მიერ მათ სოფლებთან დაწყებულ სამუშაოებს. მათი თქმით, ოკუპაციის პროცესი ყოველწლიურად ახალ მასშტაბებს იძენს და სოფლები მიწის ფართობებს კარგავენ.