ძლიერი ხანძარი „ბავშვთა სამყაროში"

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" შენობა ხანძრის შემდეგ

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" შენობა და ე.წ. საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა. ხანძარი გამთენიისას, სამის ნახევარზე გაჩნდა და მეხანძრეები 8 საათის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაზარალდა ათეულობით მოვაჭრე. მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. სწორედ ამ შენობაში იყო განლაგებული ოქროთი მოვაჭრეების საწყობებიც. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. ისინი შენობაში შესვლას შეძლებენ ცეცხლის სრულად ჩაქრობის შემდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძარი „ბავშვთა სამყაროში"

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას დაშავდა ორი მეხანძრე. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ხანძრის კერები ჯერ კიდევ დარჩენილია, მაგრამ სავაჭრო ცენტრში შესვლას ვეღარ ახერხებენ, რადგან არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხე.

„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო“, - ამის შესახებ შენობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ღამის საათებში დაცვა სისტემატურად ამოწმებს ტერიტორიას, ასევე იკეტება ყველა კარი.

Your browser doesn’t support HTML5

დაიწვა სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“

„ტერიტორიის შიგნით უსაფრთხოება სრულად დაცულია. „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძრის პირველი შემთხვევა არ არის და ისევე როგორც მაშინ, ამჟამადაც ხანძარი გაურკვეველი მიზეზებით გაჩნდა“, - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, მისი თქმით, ადმინისტრაციას მოვაჭრეების კომპენსაციის საშუალება არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად შენობის კონსტრუქცია დაზიანდა.