აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

ხანძარი აბასთუმანში

ხანძრის გაჩენიდან მეორე დღეს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო. ექვსი ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავი საქართველოში მეგობარმა ქვეყნებმა გამოგზავნეს. აბასთუმანში მუშაობას აგრძელებს მძიმე ტექნიკა. ათასამდე ადგილობრივი მოსახლე ბარებითა და ნიჩბებით ცდილობს ცეცხლის ლოკალიზებას.

Your browser doesn’t support HTML5

აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

დღესვე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ცეცხლი შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი. მისივე თქმით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს. რაც შეეხება მძიმე ტექნიკის მუშაობას, ჯერ კიდევ მიმდინარეობს გზის გაყვანა ორი მიმართულებით, მაგრამ ცეცხლის კერამდე ტექნიკა მაინც ვერ მიდის. კრიტიკულ კერებზე მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს. მათი რაოდენობა პერიოდულად იზრდება. ადგილობრივები ბარებითა და ნიჩბებით ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აბასთუმანში

დღის განმავლობაში ვითარებას ძლიერი ქარი და ნისლი ართულებდა. ხანძრის ლოკალიზებაში, ცოცხალ ძალასა და მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მონაწილეობას მეგობარი ქვეყნების ავიაციაც იღებს. საქართველოს დახმარება ოთხმა ქვეყანამ შესთავაზა – უკრაინამ, თურქეთმა, ირანმა და აზერბაიჯანმა. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვითარება უცვლელია, რადგან ცეცხლის ჩაქრობას კლიმატური პირობები უშლის ხელს.

დღის ოთხი საათისათვის, აბასთუმნის ხანძრის ლოკალიზებაში უკრაინული თვითმფრინავი ჩაერთო, რომელსაც, ერთდროულად, რვა ტონა წყლის დასხმა შეუძლია ხანძრის კერებზე. სწორედ ამიტომ, ტყიდან, მათივე უსაფრთხოების გამო, ცოცხალი ძალის გამოყვანა გახდა საჭირო.

ხანძარი აბასთუმანში, 29 აგვისტოს, შუადღის 3 საათისთვის გაჩნდა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში კვლავ რჩება რამდენიმე კრიტიკული კერა.