„კათარზისის“ ხანდაზმულთა თავშესაფარში დღეს მხოლოდ 14 ადგილია, სადაც მუდმივად ამდენივე მოხუცი ცხოვრობს, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით საქველმოქმედო ორგანიზაცია 1500-მდე ადამიანს ეხმარება. ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში, უკვე ტრადიციულად, „კათარზისში“ წლის ბებიასა და წლის ბაბუას გამოავლენენ ხოლმე და ამ ღონისძიებაში ორგანიზაციის წევრები მთელი საქართველოდან ერთვებიან. თავშესაფრის ბინადრების ცხოვრებას ასეთი დღეები ამრავალფეროვნებს, ხოლო როცა ზეიმი მთავრდება, ისინი კვლავ თავიანთ კუთხეებს უბრუნდებიან და თავშესაფარში ცხოვრებაც ძველებურად გრძელდება. როგორ მიდიან „კათარზისამდე“ მოხუცები და როგორია მათი დღეები?
ნანა, ნათელა და ნუნუკა „კათარზისის“ პატარა დარბაზში, მეხუთე რიგში სხედან. საახალწლო კონცერტი სადაცაა დაიწყება. ტრადიციულად, წლის სუპერბებია და სუპერბაბუა უნდა გამოავლინონ - გააჩნია, ვინ რით გამოიჩენს თავს, როგორ იმღერებს ან იცეკვებს, ვინ უფრო ორიგინალური სასცენო კოსტიუმი შეარჩია და ა.შ. ხანდაზმულთა თავშესაფრის ბინადრებმა ადგილები სცენასთან კარგა ხნით ადრე დაიკავეს. ნანა უკვე შვიდი წელია „კათარზისში“ ცხოვრობს; ერთი წელი შესრულდა, რაც ნათელა აქ გადმოსახლდა; ნუნუკა ყველაზე ახალია - ერთი თვეა, რაც დანარჩენ 13 ქალს შეუერთდა. სულ 14-ნი არიან. მესამე სართულის ბინადრებისათვის „კათარზისი“ სახლიცაა, საავადმყოფოც, ბიბლიოთეკაც, ეკლესიაც.
„მე უბინაოდ დავრჩი და იმიტომ მოვედი. ქუჩაში ვიყავი დარჩენილი. შვიდი წელია, აქ ვარ და ეს ცოტა არ არის. ცუდი პირობები რომ იყოს და ვერ ვძლებდე, აქ არ ვიქნებოდი. ერთი ოჯახივით ვართ, ერთმანეთს ვუფრთხილდებით. საერთოდ, ცოტა ძნელია კოლექტიურად ცხოვრება, მაგრამ მშვენივრად ვეგუებით, ვიხანგრძლივებთ სიცოცხლეს, ვირთობთ თავს, ვყვებით ჩვენი წარსულის ამბებს და დროც ასე გადის..."
ნანას სიტყვას ნათელა აგრძელებს. „თავშესაფარში“ მოსვლა, ოჯახური პრობლემების გამო, ნათელამაც თავად გადაწყვიტა. კვირაში ერთხელ სახლში შვილებისა და შვილიშვილების სანახავად მიდის. დანარჩენ დღეებს აქ ატარებს. დილა საუზმით იწყება, შემდეგ გამაჯანსაღებელი ვარჯიშის დროა, დასვენება, სადილი, ბიბლიოთეკა, სამლოცველო, ვახშამი. ხან კითხულობენ, ხან ერთმანეთის ამბებს ისმენენ. ამბებს კი რა გამოლევს:
„უფრო ჟურნალ-გაზეთებს ვკითხულობთ, წიგნებს ამ ეტაპზე - იშვიათად, არ მინდა ძალიან დავიღალო. რადიო გვაქვს, ტელევიზორი, ზაფხულში ეზოში ვართ ხოლმე. არ არის უინტერესო ცხოვრება, ხან სხვადასხვა საინტერესო ადამიანებს გვახვედრებენ. არ გვწყინდება“.
ნუნუკა ჯერ ჩუმადაა. გვპირდება, რომ თავის ახალ კუთხეს კონცერტის შემდეგ გვაჩვენებს. ამასობაში ფარდის უკან შრიალი წყდება და წარმოდგენაც იწყება.
ყველა საკონცერტო ნომერს თავად „კათარზისის“ წევრები ასრულებენ. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ. აქ არის „კათარზისშივე“ მოქმედი „ნოსტალგიის თეატრიც“. უნდა ნახოთ, რა ვნებათაღელვაა კულისებში. ეს დღე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 80 წლის სოსოსაც იქ ვხვდებით. ის თეატრის დასის წევრია და უკვე ექვსი წელია „კათარზისში“ დადის. დღეს აკოფ დარდიმადიანცის როლშია, სცენაზე „ხანუმადან“ ნაწყვეტი უნდა გაითამაშონ. მის გარდა იქ საკონცერტოდ გამოწყობილი კიდევ 22 ხანდაზმული ემზადება სცენაზე გასასვლელად. აქ სულიერ სიმშვიდეს ვპოულობო, გვეუბნება სოსო და „ნოსტალგიის თეატრში“ მოსვლის ამბავს გვიყვება:
„მე სხვა ანსამბლში ვმღეროდი. ჩვენი ხელმძღვანელი გარდაიცვალა. მერე გავიგე, რომ აქ მომღერლები უნდოდათ და მოვედი, გამსინჯეს და ასე დავრჩი. უკვე ხუთ სპექტაკლში მაქვს მონაწილეობა მიღებული, სულ მთავარი როლები“.
ცოტა ხანში კი მისი სახელი გაისმის და ისიც სცენაზეა. რეპერტუარი მრავალფეროვანია - ხალხური სიმღერებით დაწყებული, საოპერო არიებიდან ნაწყვეტებით დამთავრებული.
ეს არის ადგილი, სადაც არა მხოლოდ უნდა გშიოდეს, რომ მიხვიდე, არამედ, მე ასე ვიტყოდი: თუ გშია, თუ გწყურია, თუ გცივა, თუ მარტო ხარ, თუ გინდა, რომ შენს გვერდით ადამიანები იყვნენ, მობრძანდით ჩვენთან, ერთად უკვე მარტონი აღარ ვიქნებით...ზაურ ალადაშვილი
მაყურებლებიდან ზოგი ტირის, ზოგი იცინის. მონაწილეებს უხარიათ. ისინი თავს საჭიროდ და რეალიზებულად გრძნობენ. მარტოობის შეგრძნებაც დროებით სადღაც ქრება. „კათარზისს“ და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას თვითრეალიზაციის ერთ-ერთ ფორმას უწოდებს მისივე დამფუძნებელი ზაურ ალადაშვილი. თბილისში „კათარზისი“ 700 ადამიანს აპურებს და ეხმარება. ამდენივე ბენეფიციარი ჰყავთ საქართველოს კიდევ რამდენიმე რაიონში, ერთად. ხანდაზმულთა თავშესაფრის გაკეთება დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა, როგორც ზაურ ალადაშვილი ამბობს, ესეც საჭიროებამ მოიტანა. ჯერჯერობით თავშესაფარი იმდენ ადამიანს ემსახურება, რამდენის შენახვის შესაძლებლობაც არსებობს. რა ადგილია „კათარზისი“? - ვეკითხებით ზაურ ალადაშვილს:
„ეს არის ადგილი, სადაც არა მხოლოდ უნდა გშიოდეს, რომ მიხვიდე, არამედ, მე ასე ვიტყოდი: თუ გშია, თუ გწყურია, თუ გცივა, თუ მარტო ხარ, თუ გინდა, რომ შენს გვერდით ადამიანები იყვნენ, მობრძანდით ჩვენთან, ერთად უკვე მარტონი აღარ ვიქნებით“.
ამასობაში კონცერტიც მთავრდება. ნუნუკა მესამე სართულისაკენ მიმავალ კიბეებს ნელ-ნელა მიუყვება, თავის ახალ სახლს გვათვალიერებინებს და თავის ამბავსაც ჰყვება.
„ადვილი არ ყოფილა, მაგრამ იძულებული გავხდი აქ წამოვსულიყავი. მაგრამ ახლა კარგად ვარ. აი, აქ გამოვდივართ ხოლმე, ამ ფოიეში ვსხედვართ ბებიები, ტელევიზორს ვუყურებთ, ვისვენებთ, რაზე არ ვლაპარაკობთ. ხან ერთი ჰყვება თავის ამბავს, ხან მეორე და ასე... თუ ვინმე ცუდად გახდა, ყველა თავს დასტრიალებს. მეც ძალიან კარგად მიმიღეს და უკვე ყველას დავუმეგობრდი, აქაურებიც ძალიან გვეხმარებიან“.
მოხუცები თავშესაფრის ფოიეში მოგროვილან. ნუნუკა თავის კარადაზე გვითითებს - ახლა აქაა მისი ყველა ნივთი.
„აი, აქ ცხოვრობს ორი მოხუცი, იქით - კიდევ რამდენიმე. აი, ეს ჩვენი საერთო ოთახია. ნახე ჩემი კარადა. აქ შევინახე ყველაფერი. ეს კიდევ ჩემი საწოლია. ათის მერე ვიძინებთ. თბილა და მარტო არ ვარ“.
ესეც ერთი დღე „კათარზისში“ - ცოტა უფრო ხმაურიანი და ხალისიანი, სხვა დღეებთან შედარებით. ასეთი დღეები აქაურებს განსაკუთრებულად უხარიათ. უხარიათ ყველა ახალი დღეც. მათ, ნუნუკას მსგავსად, იციან, რომ სიბერეში ყველაფერს უნდა ელოდე:
„სიბერე? სიბერე ეს ყოფილა - ყველაფერს უნდა მოელოდე. არაფერი გასაკვირი აღარ არის - არც სიკეთე, არც კარგად ყოფნა, არც ცუდად ყოფნა. ყველაფერს ველით“.