თოვლის პაპას და სანტა კლაუსს საახალწლო სურვილებს მხოლოდ ბავშვები არ უგზავნიან. წერილებს ხანდაზმულებიც სწერენ და მოკრძალებულ სურვილებს გამოთქვამენ. ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებმა რამდენიმე დღის წინ საკუთარი საახალწლო სურვილები ფურცელზე ჩამოწერეს. განსაკუთრებული არაფერი მოუთხოვიათ: თბილი ქუდები, წინდები, ტანსაცმელი, ხანდაზმულობის და სოციალური შემწეობის ვაუჩერები. შემდეგ ეს წერილები სოციალურ ქსელში მოხვდა და მთელი საქართველოდან ხურვალეთის თავშესაფრისკენ როგორც ორგანიზაციები, ისე კერძო პირები დაიძრნენ. ინგლისურის პედაგოგმა მაია ბოლაშვილმა მოხუცების წერილები სოციალურ ქსელში ნახა. ეს წერილები მეგობრებსაც გაუზიარა, თვითონ კი თბილი ქუდები მოქსოვა და საკუთარი ხელით ხურვალეთში ჩაიტანა. მეგობრებისგან ფინანსური დახმარებაც შეგროვდა, რითაც კომუნალური გადასახადები დაიფარა.
Your browser doesn’t support HTML5
ბოლო დღეების განმავლობაში ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში იმდენი პროდუქტი და საჩუქრები შეგროვდა, რომ თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდმილა სალიამ გადაწყვიტა ეს ყველაფერი თანასოფლელებისთვისაც გაენაწილებინა. არადა, ცოტა ხნის წინ აქ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ, ახლა კი ყველა კომუნალური ხარჯი ქველმოქმედთა მიერ დაფარულია და მოხუცები ზამთარს თბილად გაატარებენ.
ლეილა ფაჩულიშვილი მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარია. მისი თქმით, ხანდახან ფიქრობენ, რომ საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩნენ, მაგრამ ამ აქციამ თითქოს საზოგადოება გამოაფხიზლა და სხვებზე ზრუნვისთვის განაწყო.
„სახლი საზღვრებს გარეშე“- ასე ჰქვია ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარს, რომელიც საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს. აქ პრობლემები არ აკლიათ. თავშესაფრის მზარეული ლალი ხაჩირაშვილი ცოტა ხნის წინ რუსეთის მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. არადა, როგორც ხაჩირაშვილი ჰყვება, საკუთარ ბაღში ძირს დაცემული სამხედრო პირი დაინახა, ეგონა, ცუდად გახდა, მაგრამ როცა დასახმარებლად მივიდა, სამხედრო პირმა გამოუცხადა, რომ დაკავებული იყო. ჩასაფრებულმა ჯარისკაცმა ამით, ალბათ, საახალწლო პრემია დაიმსახურა, თავშესაფრის მოხუცებს კი ლალის გაკეთებული საჭმელი ენატრებოდათ. ორ დღეში, ცხინვალის სასამართლოში ორიათასრუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ, ლალი თავშესაფარში დაბრუნდა და მოხუცებმაც იზეიმეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარი, „სახლი საზღვრების გარეშე", 2016 წელს გაიხსნა. სოციალური საწარმო ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს სთავაზობს, როგორიცაა დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24-საათიანი მომსახურება-თავშესაფარი. ეს ცენტრი გამყოფი ხაზის სოფლების - ხურვალეთის, წითელუბნის, ნადარბაზევის, შავშვების -მოსახლეობისთვის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით გაკეთდა. მოხუცებმა თავშესაფრის ეზოში ნაძვის ხე უკვე დადგეს და ბევრი მათგანი ახალ წელს სწორედ აქ შეხვდება.