აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ხუთი თვეა იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში და ირწმუნება, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები სხვა არაფერია, თუ არა ანგარიშსწორება აზერბაიჯანის მმართველ წრეებში კორუფციის გამოაშკარავების გამო. ისმაილოვას მხარდამჭერები - აზერბაიჯანელი თუ უცხოელი უფლებადამცველები - ჯერჯერობით ამაოდ მოითხოვენ მის გათავისუფლებას. ხადიჯა ისმაილოვა, რომელიც რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელია, 5 მაისს მორიგ პრესტიჟულ ჯილდოს მიანიჭებენ.
ნიუ-იორკში გაიმართება ცერემონია, რომელზეც ამერიკული პენ-ცენტრი თავის პრესტიჟულ ჯილდოს - „PEN/ბარბარა გოლდსმიტის სახელობის წერის თავისუფლების“ პრემიას - მიანიჭებს აზერბაიჯანში დაპატიმრებულ გამომძიებელ ჟურნალისტს ხადიჯა ისმაილოვას. პრემია ყოველ წელს გაიცემა. მისი ლაურეატები ხდებიან დაპატიმრებული მწერლები და ჟურნალისტები, რომელთა მდგომარეობაც „განსაკუთრებით მძიმეა“.
სხვათა შორის, ასევე 5 მაისს იწყება ბაქოს იზოლატორში ხადიჯა ისმაილოვას წინასწარი პატიმრობის მეექვსე თვე. ის მიეკუთვნება 100-მდე ჟურნალისტსა და აქტივისტს, რომელთა წინააღმდეგაც აზერბაიჯანში სხვადასხვა სახის რეპრესიებს მიმართავენ.
ხადიჯა ისმაილოვა შარშან დეკემბერში დააკავეს, ვინმე ტურალ მუსტაფაევის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის ბრალდებით. მას შემდეგ მუსტაფაევმა, მართალია, გამოიტანა თავისი საჩივარი და აღიარა, რომ აიძულეს ხადიჯას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ამასობაში ახალი ბრალდებები წაუყენა ჟურნალისტს. ახლა მას გადასახადების გადაუხდელობასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ.
ხადიჯა ისმაილოვა და მისი მხარდამჭერები უარყოფენ ბრალდებებს და მთელ ამ სამართლებრივ დევნას მიიჩნევენ ანგარიშსწორებად რეპორტაჟებისათვის, რომლებითაც ჟურნალისტმა ამხილა კორუფცია აზერბაიჯანის მმართველ წრეებში - პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების ჩათვლით.
სასამართლოს ჯერ არ დაუწყია 38 წლის ჟურნალისტის საქმის არსებითი განხილვა, მაგრამ მას უკვე ორჯერ გაუგრძელა წინასწარი დაკავების ვადა. თებერვალში, საქმის წინასწარი განხილვის შემდეგ, ხადიჯა ისმაილოვას ფულადი ჯარიმა დაეკისრა „ცილისწამებისათვის“. მას დისციპლინური სანქციები დაუწესეს წერილობითი განცხადებებისთვისაც, რომლებიც ადვოკატების მეშვეობით გაავრცელა.
როგორც უკვე ითქვა, ხადიჯა ისმაილოვას სამართლებრივი დევნა ცალკეული შემთხვევა არ არის. ის მიეკუთვნება დამოუკიდებელი ჟურნალისტების, უფლებადამცველების, მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ტალღას, რომელიც აზერბაიჯანში ამ ერთი წლის წინ აგორდა. პოლიტიკური მოტივებით დაკავებულად ითვლება 100-მდე აქტივისტი და ჟურნალისტი, მათ შორის, ცნობილი უფლებადამცველი ლეილა იუნუსი და მისი მეუღლე.
დეკემბერში სამართალდამცველები შეიჭრნენ რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროში და დახურეს ის, ისევე როგორც აიძულეს დახურულიყო რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, NDI, ვაშინგტონში დაფუძნებული „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“.
ამ დროს ბაქო ემზადება დიდი საერთაშორისო სპორტული ასპარეზობის - „ევროპული თამაშებისათვის“, რომელიც მომავალ თვეში ჩატარდება, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით.
ამერიკული პენ-ცენტრი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებს დაგმოს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევა და მოითხოვოს ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლება, ხოლო ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ ევროპის ქვეყნებისაგან ითხოვს არ გაგზავნონ მაღალი რანგის დელეგაციები ბაქოში, თუ იქ არ გაათავისუფლებენ „მთავრობის კრიტიკის გამო დაპატიმრებულ პირებს“.
აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, ბლოგერი და ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელი არზუ გეიბულაევა „ შთაგონების წყაროს“ უწოდებს ხადიჯა ისმაილოვას. „ჩემთვის ხადიჯა არის იმედის, თავისუფლებისა და ქალობის სიმბოლო. ის პროფესიონალია. ის არის, უბრალოდ, საოცარი, გაბედული ადამიანი. აღტაცებული ვარ მისი შემართებით“, - ვკითხულობთ კომენტარში, რომელიც არზუ გეიბულაევამ ჩვენი რადიოსთვის დაწერა.
შთამბეჭდავია იმ ორი ლაურეატის ვინაობაც, რომლებიც 5 მაისს ხადიჯა ისმაილოვასთან ერთად დაჯილდოვდებიან ამერიკული პენ-ცენტრის პრემიებით. ესენი არიან გამოჩენილი ბრიტანელი დრამატურგი ტომ სტოპარდი და ფრანგული სატირული ჟურნალი „შარლი ებდო“.