კენი უილერი

კენი უილერი

გასული წლის 18 სექტემბერს მესაყვირე კენი უილერი აღესრულა. პრესასთან ურთიერთობას მთელი ცხოვრება გაურბოდა, რადგან საკუთარ თავზე განსჯა-მსჯელობა დიდად გულზე არ ეხატებოდა. ამბობდა, რომ მის შესახებ ყველაზე უკეთ მისივე მუსიკა მეტყველებდა.

კენი უილერის სახელი ბრიტანულ სცენას უკავშირდება, თუმცა ცოტას თუ ახსოვს, რომ კანადაში დაბადებული და გაზრდილი გახლდათ. 12 წლის იყო, როცა საყვირზე დაკვრა დაიწყო, ტორონტოს კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ კი ბრიტანეთში გადასახლდა. 1959 წელს ცნობილი ინგლისელი კომპოზიტორის, საქსოფონისტისა და კლარნეტისტის ჯონ დენკუორტის ქულჯაზ ორკესტრში გაწევრიანდა, თუმცა კენი უილერი ამ თავყრილობაში დიდხანს არ გაჩერებულა. როგორც თავად იხსენებდა, თავგზა 1960 წელს გამოცემულმა ალბომმა „Free Jazz“-მა აუბნია. საუბარია ორნეტ კოულმანის ორმაგი კვარტეტის ანსამბლურ იმპროვიზაციაზე, ჯაზ-ავანგარდის ერთ-ერთი მიმართულების „ფრი-ჯაზის“ შექმნა რომ მიეწერება. ჰოდა, კენი უილერმაც ამ რევოლუციური მუსიკის სამყაროში შეაბიჯა, დრამერ ჯონ სტივენსის ბენდში გადაბარგდა, რომელსაც „სპონტანური მუსიკის ანსამბლი ერქვა“.

1975 წელს კენი უილერით გერმანული ხმის ჩამწერი სტუდია „ECM“-ის მფლობელი მანფრედ აიჰერი დაინტერესდა. კანადელი ახლად დაარსებული ლეიბლის ერთ-ერთი პირველი პროექტის, „Gnu High“-ს, ავტორი გახდა. მუსიკოსს პიანისტი კიტ ჯარეტი, დრამერი ჯეკ დეჯონეტი და კონტრაბასისტი დეივ ჰოლანდი შემოუერთდნენ. ალბომმა კრიტიკოსების საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, თავად უილერს კი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი იმპროვიზატორისა და კომპოზიტორის სახელი მოუტანა.

ალბომის არნახული წარმატების გამო, კენი უილერს ჯაზური მუსიკის მთავარ სცენაზე, ნიუ-იორკში, გადასვლას ურჩევდნენ, თუმცა, არტისტმა ევროპაში დარჩენა და ექსპერიმენტების გზით სვლა არჩია. ბენდი Azimuth-ი ამის ნათელი მაგალითი იყო, სადაც მესაყვირემ პიანისტი ჯონ ტეილორი და მისი ცოლი, მომღერალი ნორმა უინსტონი, მიიწვია. ტრიო „ECM“-ის საერთო კონცეფციისგან მეტად განსხვავებულ და უჩვეულო პროდუქტს ქმნიდა. Azimuth-ის მუსიკას ფსიქოდელიური როკის ერთ-ერთ ექსპერიმენტულ მიმართულებად - კრაუტად - მოიხსენიებდნენ.

ნახევარსაუკონოვანი მოღვაწეობის მანძილზე კენი უილერმა მრავალ სფეროში მოსინჯა თავი: დაიწყო მეინსტრიმული ბიგბენდებით, გამოიარა ავანგარდული ჯაზი, „ECM“-ის მედიტაციური სამყარო და დევიდ სილვიანის როკალბომებზეც გამოჩნდა. 90-იან წლებში კი მისი მუსიკა მელანქოლიური, დამცხრალი და მსუბუქად სასმენი გახდა. ბოლო წლებში კვარტეტის ფორმატში მოღვაწეობდა, ლი კონიცთან, ბილ ფრისელსა და დეივ ჰოლანდთან ერთად.

14 იანვარს კენი უილერს 85 წელი შეუსრულდებოდა და მსოფლიოს ჯაზური სამყაროც კიდევ ერთხელ გაიხსენებს ამ ნიჭიერ მესაყვირესა და