კატალონიაში სეპარატისტები რეფერენდუმის წინ ქუჩებში გავიდნენ

ათასობით დემონსტრანტი ბარსელონის ცენტრში

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე დემონსტრანტები კვირა დღეს რეგიონის ასობით ქალაქში ქუჩებში გავიდნენ მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში მადრიდი შეეცადა დაებლოკა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვა, რომელსაც ის უკანონოდ მიიჩნევს.

ესპანეთის პოლიციამ დააკავა კატალონიის ოფიციალური პირები, რომლებიც 1 ოქტომბრის რეფერენდუმის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ. ამასთან, პოლიციამ კონფისკაცია უყო საარჩევნო მასალებს, მათ შორის ბიულეტენებსა და საარჩევნო ყუთებს. ამას ბარსელონაში რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

კარლეს პუძდემონი, კატალონიის რეგიონალური მთავრობის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ რეფერენდუმი მაინც ჩატარდება.

ბარსელონის ცენტრში კვირას ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა სკანდირებით - „ჩვენ მივცემთ ხმასო“. ისინი ბიულეტენებს არიგებდნენ. მოგვიანებით ხალხმა სტვენა დაიწყო საპოლიციო ვერტმფრენის მისამართით. „როიტერსის“ შეფასებით, კატალონიის მოსახლეობაში პოლიციის ჩარევის გამო უკმაყოფილება იზრდება.

ისინი კატალონიაში ძალადობას ხედავენ. ძალადობა არ ყოფილა და არც იქნება. ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უფლებებით გვსურს ვისარგებლოთ...
კარმე ფორკადელი

კატალონიაში 3 000-4 000-მდე პოლიციელია ჩასული ან ახლა ჩადის.

„თავს ესპანეთის პოლიციის მიერ ოკუპირებულად ვგრძნობთო“, უთხრა 56 წლის ნურია ხიმენესმა, ინტერიერის დიზაინერმა, „როიტერსს“. უკვე 10 წელია პროტესტს გამოვთქვამთ და ახლა, როცა ერთი კვირაღაა დარჩენილი, არ გავჩერდებით, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმეო, დასძინა მან.

შაბათს კატალონიის სახელმწიფო პროკურორმა ადგილობრივ და ეროვნულ საპოლიციო ძალებს უთხრა, რომ ისინი დროებით დაექვემდებარებიან ბრძანებათა ერთსა და იმავე წყაროს და პირდაპირ მადრიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ იქნებიან ანგარიშვალდებულნი.

ამ ბრძანების შესრულებაზე კატალონიის მთავრობა თავიდან უარს აცხადებდა, თუმცა კატალონიის რეგიონალური პოლიციის შეფმა, მოსოს დ’ესკუადრამ, მოგვიანებით თქვა, შევასრულებთ პროკურორების დავალებასო.

ბარსელონაში შეკრებილი ხალხის წინაშე გამოსვლისას კატალონიის პარლამენტის ხელმძღვანელმა, კარმე ფორკადელმა, განაცხადა, სეპარატისტებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ცენტრალური მთავრობის მხრიდან წამოსულ „პროვოკაციებსო“.

„ისინი კატალონიაში ძალადობას ხედავენ. ძალადობა არ ყოფილა და არც იქნება. ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უფლებებით გვსურს ვისარგებლოთო“, განაცხადა ფორკადელმა.

გამოკითხვების თანახმად, კატალონიის 5.5. მოსახლიდან დამოუკიდებლობა ნახევარზე ნაკლებს სურს, მაგრამ ჩრდილო-აღმოსავლეთის ამ მდიდარი რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია მიეცეს ამ საკითხზე აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.