15 სექტემბრამდე გადაიდო „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის საქმის განხილვა. 12 სექტემბერს კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან დაკავებულ სადღობელაშვილს ბრალი აქვს წაყენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში გამოიხატა. ლადო სადღობელაშვილი და „ქართული მარშის“ სხვა ლიდერები აპროტესტებენ შესწორებას, რომელიც მთავრობამ შეიტანა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ დაწესებულ მორატორიუმში.
Your browser doesn’t support HTML5
ლადო სადღობელაშვილი, რომელიც მოსამართლემ საქმის განხილვამდე პატიმრობიდან გაათავისუფლა, ჯერ კიდევ პროცესის დაწყებამდე აცხადებდა, რომ არც უხულიგნია და არც პოლიციისათვის გაუწევია წინააღმდეგობა, უფრო პირიქით – პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოიყენა უხეში ძალა:
„მომიტაცეს აქციიდან, ერთი საათი მატარეს, მანქანაში გამისწორდნენ ფიზიკურად, სისხლჩაქცევები მეტყობა სხეულზე, რაც დააფიქსირა სამედიცინო ექსპერტიზამ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ფოტოები გადამიღეს და ოქმი შეადგინეს. დღევანდელ სასამართლოს რაც შეეხება, იმისათვის, რომ დავამტკიცო ჩემი სიმართლე, მომცეს გონივრული ვადა 15 სექტემბრამდე“.
საუბარია იმაზე, რომ საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს, კანონის ამოქმედებამდე, დარჩეთ სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწების საკუთრებაში დროებით დარეგისტრირების უფლება იმ შეზღუდვით, რომ, გარკვეულ ვადაში, მოახდენენ ამ მიწის რეალიზაციას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე...გიორგი კვირიკაშვილი
მოსამართლემ დაცვის მხარეს დაავალა, 15 სექტემბრამდე წარმოადგინოს სადღობელაშვილის უდანაშაულობის დამამტკიცებელი ვიდეომასალა, რაც, ადვოკატ ცირა ჯავახიშვილის თქმით, ძნელი არ იქნება:
„საპროტესტო აქციის მსვლელობა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მთელი ის ბატალიები, რაც კალაძის ოფისის წინ ხდებოდა და, აქედან გამომდინარე, მტკიცებულებებიც ბევრი იქნება სხვადასხვა რაკურსით გადაღებული“.
„ქართული მარშის“ წევრები „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, 12 სექტემბერს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ დაწესებულ მორატორიუმში შეტანილი ცვლილებების გასაპროტესტებლად მივიდნენ.
გია კორკოტაშვილი: „ბატონო კახი, თქვენ უნდა დააფიქსიროთ ის, რასაც ჰქვია ქართული მიწების არგაყიდვა“.
სანდრო ბრეგაძე: „ჩვენ მოვითხოვთ, მმართველმა პარტიამ გაიწვიოს ის კანონი, რომლითაც საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლება, გაყიდოს ქართული მიწა. ქართული მიწა არ ეკუთვნის არც ერთ მთავრობას, არც ერთ გაზულუქებულ ჩინოვნიკს“.
თუმცა, კახი კალაძის ნაცვლად, საპროტესტო აქციის მონაწილეებს უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის თქმითაც, ცვლილება ეხება მხოლოდ საფინანსო სექტორს და ისიც შეზღუდული ვადით:
„საუბარია იმაზე, რომ საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს, კანონის ამოქმედებამდე, დარჩეთ სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწების საკუთრებაში დროებით დარეგისტრირების უფლება იმ შეზღუდვით, რომ, გარკვეულ ვადაში, მოახდენენ ამ მიწის რეალიზაციას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. აღნიშნული დროებითი ცვლილება განპირობებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ ფერმერებს და გლეხებს შეეძლოთ საკუთარი მიწის ქონებრივ აქტივად გამოყენება, საფინანსო სექტორთან თანამშრომლობა და სოფლის მეურნეობის მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა და, ამავდროულად, არავითარი საფრთხე არ დაემუქროს სასოფლო-სამეურნეო მიწების განვითარებას“.
Your browser doesn’t support HTML5
მიწის შესახებ ჩანაწერი გაკეთებულია საქართველოს კონსტიტუციის პროექტშიც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო. ამ ჩანაწერის მიხედვით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი დისკრიმინაციული და ეკონომიკურად ზარალის მომტანია. ნიშანდობლივია ისიც, რომ, კონსტიტუციით, საკუთრების უფლების შეზღუდვაზე გადაწვეტილება მიღებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო მდივნის, ლიკა საჯაიას კომენტარი:
„საკონსტიტუციო სასამართლომ მაშინ დაადგინა შემდეგი სტანდარტი, რომ შეზღუდვა აუცილებლად უნდა პასუხობდეს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და თუკი არ არის ეს საჭიროება დასაბუთებული მეორე მოპასუხე მხარის, ანუ პარლამენტის მიერ, ამ შემთხვევაში, ვერ იქნება მიჩნეული ნორმა კონსტიტუციურად“.
რაც შეეხება „ქართული მარშის“ ბრალდებებს, მათ პასუხად სოზარ სუბარი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, ამბობს, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ან აზრი ვერ გამოაქვთ კანონის ტექსტიდან, ან შეგნებულად აწყობენ პროვოკაციებს.