მეტი ქართველი სამხედრო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

საქართველოს პარლამენტის დასტურის შემდეგ წინ ვეღარაფერი დაუდგება საქართველოს განზრახვას, რომ დამატებითი ოცეული გაგზავნოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიის – სამხედრო მრჩეველთა მისიის (EUMAM RCA) – ფარგლებში. ანალიტიკოსების მტკიცებით, ამ ნაბიჯით საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საერთაშორისო ვალდებულებებისადმი. მაგრამ როგორ გამოიყურება ეს ფაქტი ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, რომელიც არასრულწლოვნთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის სკანდალში ქართველი ჯარისკაცების სავარაუდო მონაწილეობას უკავშირდება? საგამოძიებო პროცესი გრძელდება. დგას თუ არა დღის წესრიგში საქართველოს მიმართ ნდობის საკითხი?

საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, საქართველოს პრეზიდენტის, ბრძანებას ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიაში მეტი ქართველი სამხედროს ჩართვის თაობაზე (22 ივნისს) საქართველოს პარლამენტის 85-მა დეპუტატმა (ერთხმად) დაუჭირა მხარი. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის თქმით, საქართველო მტკიცედ და თანმიმდევრულად იცავს ევროკავშირთან შეთანხმების პირობებს. ამ შემთხვევაში საუბარია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ჩარჩო ხელშეკრულებაზე, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP), ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში/მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.

„ჩვენ იქ ახლა გვყავს 5 სამხედრო მოსამსახურე და ამას დაემატება ერთი ოცეული. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, და მეორე, რაც მთავარია, ეს არის ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან ჩვენი სამხედროების კიდევ უფრო დაახლოება“.

საქართველოს სამხედრო კონტინგენტი, ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის 8 ივნისიდან მონაწილეობდა თავდაპირველად 156-კაციანი შემადგენლობით, ხოლო შემდეგ, მისიის დასრულებამდე, სამხედროთა რაოდენობა 85-მდე შემცირდა. 2015 წლის 16 მარტს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალი მისია დაიწყო და ეს არის სამხედრო მრჩეველთა მისია (EUMAM RCA). მის მიზანია ცენტრალური აფრიკის ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენა შეიარაღებული ძალების რეფორმის განხორციელების კუთხით.

საქართველოში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2015 წლის 12 ოქტომბერს ცენტრალურ აფრიკაში გადასროლილ იქნა 5 სამხედრო მოსამსახურე (სწრაფი რეაგირების ჯგუფი IRT), 6-თვიანი როტაციის წესით.

ნდობაზე აქ საუბარი არ უნდა იყოს, რადგანაც გაცილებით მწვავე სიტუაციებში – დაწყებული კოსოვოდან, შემდეგ ერაყში, ავღანეთში – ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა ბევრჯერ დაამტკიცეს და დაადასტურეს, რომ ღირსეულები ვართ...
ამირან სალუქვაძე

როგორც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უკვე ადგილობრივი სამხედროების გასაწვრთნელად მიდიან და ეს მათი უმაღლესი პროფესიონალიზმის სათანადოდ დაფასებას ნიშნავს. თუმცა პარალელურად ჩნდება შეკითხვა, ხომ არ მიაყენა ჩრდილი ქართველი სამხედროების ავტორიტეტს ბოლოდროინდელმა სკანდალმა არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით.

„არავითარ შემთვევაში“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი სამხედრო, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი ამირან სალუქვაძე. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომგამოძიება არ დასრულებულა, მოხვეჭილი სახელისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით, საერთაშორისო თანამეგობრობის სივრცეში ეჭვქვეშ არავინ აყენებდა და არც ახლა აყენებს ქართველი სამხედროების მიმართ ნდობის საკითხს:

„ნდობაზე აქ საუბარი არ უნდა იყოს, რადგანაც გაცილებით მწვავე სიტუაციებში – დაწყებული კოსოვოდან, შემდეგ ერაყში, ავღანეთში – ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა ბევრჯერ დაამტკიცეს და დაადასტურეს, რომ ღირსეულები ვართ... რაც შეეხება დამატებითი ოცეულის გაგზავნას, მე ვთვლი, ეს არის კიდევ ერთი ჟესტი ჩვენი მხრიდან, რომ საქართველო მზად არის ყოველთვის ჩაებას საერთაშორისო მისიებში და საერთაშორისო საზოგადოების გვერდში იდგეს“.

ამირან სალუქვაძე არ მოელის, რომ ქართველი სამხედროების მიმართ გამოთქმული ეჭვები დამტკიცდება, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, მისი თქმით, ერთი ან ორი უღირსი ადამიანი ყველა პროფესიაში შეიძლება გამოერიოს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი ფაქტების განზოგადება. ამასთან, ვიდრე გამოძიება მტყუან-მართალს დაადგენს, ანალიტიკოსს არამართებულ ზომად მიაჩნია თანამდებობის პირთა გადაყენება, რადგანაც ისინი ხელს ვერანაირად ვერ შეუშლიდნენ საგამოძიებო პროცესს. გავიხსენოთ, რომ, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით თანამდებობრივი უფლებამოსილება 6 პირს შეუჩერდა, მათ შორის - გენშტაბის უფროსის მოადგილეს.

ასეთი ბრალდებები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ადრეც იყო, რადგანაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ცდილობს ასეთი სახით, უბრალოდ, ფული იშოვნოს...
ირაკლი ალადაშვილი

საქართველოს მხრიდან გამოვლენილ საგანგებო ძალისხმევაზე ამახვილებს ყურადღებას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებაში საუბარი იყო არაერთი ქვეყნის სავარაუდო ეჭვმიტანილ სამხედროებზე, თუმცა საგამოძიებო ჯგუფი მხოლოდ საქართველომ მიავლინა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, საეჭვო ინფორმაციებისა და გარემოებების არსებობის მიუხედავად:

„ასეთი ბრალდებები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ადრეც იყო, რადგანაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ცდილობს ასეთი სახით, უბრალოდ, ფული იშოვნოს, სკანდალი ააგოროს და რაც არ მომხდარა, ის დააბრალოს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს“.

საერთაშორისო საგამოძიებო პროცესის პარალელურად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოშიც. გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველო. საგამოძიებო ჯგუფი უკვე დაბრუნდა ცენტრალური აფრიკიდან, სადაც რამდენიმე არასრულწლოვანი სექსუალურ ძალადობაში სწორედ ქართველ სამხედროებს სდებს ბრალს. როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე აცხადებს რადიო თავისუფლების პროგრამა „დაბრკოლების ზოლში“, საქართველო მაქსიმალურად არის დაინტერესებული სიმართლის დადგენაში და ამისათვის ძალისხმევას არც მომავალში დაიშურებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გამოძიება სრულიად არარსებულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობდეს. საგამოძიებო პროცესს გარკვეულ პრობლემებს ხანდაზმულობაც უქმნის:

„ძალიან ძნელია გამოძიებისთვის რაიმეზე ვიმსჯელოთ – მოხდა თუ არა ასეთი ფაქტები, რადგანაც მოგეხსენებათ, ცენტრალურ აფრიკაში როგორი მდგომარეობაა... ძალიან არასტაბილური სამართალდამცველი სტრუქტურებია, არასტაბილური ეკონომიკური სიტუაციაა და მათი ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე ძალიან ძნელია, თუნდაც ვივარაუდოთ რამე. დაველოდოთ გამოძიების ცივილიზებულ შედეგებს და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ მომხდარის შესახებ“.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიქართულმა მხარემ სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვა ადგილობრივი გამომძიებლების, ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანდასწრებით ჩაატარა. ჩატარდა ასევე ფოტოსურათებით ამოცნობისა და სავარაუდო დაზარალებულთა ჩვენებების ადგილზე შემოწმების პროცედურები. ქმედებები შეთანხმებული იყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან. თავდაცვის უწყების თანახმად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოში გაგრძელდება და გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად იქნება მიღებული.