ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი უკრაინის არმიას სეპარატისტების წინააღმდეგ ეხმარება

კადრი espreso.tv-ის გადაცემიდან

კვირის დასაწყისში დამოუკიდებელმა უკრაინულმა ტელეარხმა (espreso.tv) გადასცა ინტერვიუ ყოფილ ქართველ მაღალჩინოსან სამხედრო ოფიცერთან, რომელიც დონეცკის ოლქში იმყოფება და ანტიტერორისტულ შტაბს ოპერაციის დაგეგმარების საკითხებში ეხმარება.

“მე საქართველოს მოქალაქე ვარ. არ ვმალავ, ჩემი სახელია ირაკლი. არ მაქვს ამოსაცნობი სახელი. ჩამოვედი სადღაც 4 კვირის წინ, ჩამოვედი დასახმარებლად. მე ყოფილი კადრის ოფიცერი ვარ. ახლა ჩვენ, უკრაინელები და ქართველები, შეიძლება ითქვას, საერთო უბედურებაში ვიმყოფებით. ვეხმარები ხელმძღვანელობას, შტაბს სამხედრო ხასიათის ყველა საკითხის დაგეგმარებაში. ახლა ბევრი საუბრობს ადგილობრივ სეპარატისტებზე, მაგრამ, არა, ბატონო, ეს ერთმნიშვნელოვნად ახალი ტიპის ომია - ეს არის, არ ვიტყოდი რუსი ხალხის, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების ხელწერა. ისინი ვერაფრით ვერ ისვენებენ, სურთ დაიბრუნონ ის, რისი დაბრუნებაც შეუძლებელია და რაც აღარასოდეს აღარ იქნება - საბჭოთა კავშირი და რუსეთის იმპერია“.

ირაკლის, მართალია, საკუთარი გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ ჟურნალისტ მიხაილ შტეკელთან საუბარში ქართველი მოხალისე აცხადებს, რომ წარსულში მას საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა ქართულ ჯარში - იგი გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის უფროსი იყო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებშიც ღებულობდა მონაწილეობას:

„ბევრი მეკითხება, თუ რატომ ვიმყოფები აქ, რატომ ჩამოვედი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მე დაქირავებული მეომარი ვარ. არა, არავინ არაფერს მიხდის. მე მოხალისედ ჩამოვედი და თუ რატომ, ერთ ისტორიას გავიხსენებდი: 22 წლის წინ, როდესაც ჩვენ აფხაზეთში ვიბრძოდით და სადაც მეც ვიბრძოდი, ჩვენს გვერდიგვერდ კარგი უკრაინელი ბიჭები იბრძოდნენ, მამაცი ბიჭები. 16 დაიღუპა კიდეც. 4 მათგანი საქართველოშია დაკრძალული. მაშინ, 22 წლის წინ, ვკითხე ერთ-ერთ უკრაინელ ბიჭს: რატომ ჩამოხვედით, ბიჭებო, და გვეხმარებით-მეთქი. თუ დღეს მათ გუმისთაზე არ გავაჩერებთ, ხვალ მათი გაჩერება დნეპრთან მოგვიწევსო, - მიპასუხეს. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი: თუ... თუ კი არა და ჩვენ აქ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ეს არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ჩვენი ომიცაა. შემდეგ ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენს სამშობლოშიც, საქართველოშიც, და დავიბრუნებთ იმ მიწებს, რომლებიც რუსებს აქვთ ოკუპირებული. აი, ამიტომა ვარ მე აქ“.

მოწინააღმდეგე მხარეზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას. ისინი, ვინც ადგილობრივები არიან, მათი მომზადება საკმაოდ დაბალ დონეზეა და, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობა მათ იყენებს როგორც საზარბაზნე ხორცს და გზავნიან ისეთ ადგილებში, სადაც მათი გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს...
ირაკლი ქურასბედიანი

უკრაინის არმიის ინსტრუქტორად ქვეყნის აღმოსავლეთში მყოფი პროფესიონალი ქართველი ოფიცერი, სახელად ირაკლი, რეალური პიროვნებაა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის ოფიცერი ირაკლი ქურასბედიანი აღმოჩნდა, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოში. თუმცა, ვიდრე ირაკლი ქურასბედიანის ერთ-ერთი ყოფილი თანამებრძოლის მოსაზრებას გაგაცნობდეთ, მანამდე ვნახოთ, რას ფიქრობს აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისედ მყოფი ქართველი ოფიცერი სეპარატისტების მხარეზე მებრძოლ ჯარისკაცებსა და უკრაინის სამთავრობო ჯარის წარმომადგენლების საბრძოლო სულისკვეთებაზე.

„მოწინააღმდეგე მხარეზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას. ისინი, ვინც ადგილობრივები არიან, მათი მომზადება საკმაოდ დაბალ დონეზეა და, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობა მათ იყენებს როგორც საზარბაზნე ხორცს და გზავნიან ისეთ ადგილებში, სადაც მათი გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. არიან მათ შორის პროფესიონალები, კადრის სამხედროები, რასაც, მართალია, მოწინააღმდეგე მხარე არ ადასტურებს. სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს საბრძოლო სულისკვეთება და ჩვენს მხარეზეა სიმართლე. მე ვიყავი ბაზაზე, სადაც ვეხმარებოდი ამ ბიჭების მომზადებასა და გაწვრთნაში. კარგი, გაბედული ბიჭები არიან. ისინი უკან არასოდეს დაიხევენ, მხოლოდ შეუტევენ და შეუტევენ“, უთხრა ირაკლი ქურასბედიანმა, უკრაინის სამთავრობო ჯარის რიგებში მოხალისედ მყოფმა თადარიგის ქართველმა ოფიცერმა, ჩემს კოლეგას, მიხაილ შტეკელს, დამოუკიდებელი ტელეკომპანია espreso.tv-დან.

მიხაილ შტეკელი ხუთშაბათს აპირებს დონეცკის ოლქში ჩასვლას და იქ ერთ-ერთ არეალში მიმდინარე საბრძოლო მოქმედების გადაღებას. მიხაილი დამპირდა, რომ დამეხმარება ირაკლი ქურასბედიანთან ჩვენი სამსახურისათვის ინტერვიუს ორგანიზებაში. მანამდე კი მიხაილმა მიამბო, თუ როგორ მოძებნა და რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ქართველმა ოფიცერმა:

„ჩვენ შევხვდით ერთმანეთს დონეცკის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში -იქ, სადაც იმყოფებოდნენ ასევე მოხალისეთა ბატალიონის - „დონბასის“ - მებრძოლები. ეს ადგილი, თუ მე სწორად მახსოვს გეოგრაფია, დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ირაკლი ძალიან გულწრფელი იყო და ლაპარაკობდა იმას, რასაც ფიქრობდა. იგი სრულ მზადყოფნაში იყო დახმარებოდა უკრაინელებს იმ ანტიტერორისტულ ოპერაციაში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარეობს. ირაკლი, როგორც გავიგე, პირდაპირ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას არ აპირებს, არამედ შტაბს ეხმარება სამხედრო ლოგისტიკის ორგანიზებაში საბრძოლო მოქმედებების დროს“.

დარწმუნებული ვარ, რომ ბატალიონ „დონბასის“ პირადი შემადგენლობის ასი პროცენტი უკრაინის მოქალაქეები არიან. ისეთი ადამიანები, როგორიც ირაკლია, უფრო მეტად გამონაკლისს წარმოადგენენ. მე იქ თითქმის ერთი კვირა დავყავი და მათ შორის არ მინახავს ირაკლის გარდა სხვა საქართველოს მოქალაქე...
მიხაილ შტეკელი

რაკი მიხაილ შტეკელმა მოხალისეთა ბატალიონი „დონბასი“ახსენა, მე დავინტერესდი და ვკითხე ჩემს კოლეგას, რა იცის მოხალისეთა რიგებში საქართველოს სხვა მოქალაქეების ყოფნის შესახებ, ვინაიდან, გადაუმოწმებელი ინფორმაციით, უკრაინის სამთავრობო ჯარების მხარეზე მებრძოლ მოხალისეებსა თუ დაქირავებულ პროფესიონალ სამხედროებს შორის, შესაძლოა, სხვა ქართველებიც იყვნენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბატალიონ „დონბასის“ პირადი შემადგენლობის ასი პროცენტი უკრაინის მოქალაქეები არიან. ისეთი ადამიანები, როგორიც ირაკლია, უფრო მეტად გამონაკლისს წარმოადგენენ. მე იქ თითქმის ერთი კვირა დავყავი და მათ შორის არ მინახავს ირაკლის გარდა სხვა საქართველოს მოქალაქე. თუმცა, ირაკლი როგორც ამბობს, მას სხვებიც ჰყავს ნანახი, მაგრამ შესაძლოა არა ბატალიონ „დონბასში“, არამედ სხვა მოხალისეთა ქვედანაყოფებში, რომელთა რაოდენობა, რამდენადაც მე ვიცი, უკრაინაში ახლა ათამდე უნდა იყოს. მაგრამ იმათთან საუბარი არ მქონია და ამიტომ არ ვიცი, რა მოტივაცია აქვთ მათ - დაქირავებულები არიან ისინი თუ არა. ირაკლის სიტყვებით, იგი ჩამოვიდა დასახმარებლად და მას არ უხდიან დიდ თანხებს, რასაც, ტრადიციულად, მეორე მხარეზე მებრძოლ დაქირავებულებს მიაწერენ“, ამბობს უკრაინელი ჟურნალისტი მიხაილ შტეკელი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების გასაშუქებლად კვლავ მიემგზავრება მივლინებით აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც, ჟურნალისტის თქმით, უკრაინის სამხედრო ძალის, ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაცია ხდება პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების გასანადგურებლად.

მიხაილ შტეკელი დაგვპირდა, რომ იქ იგი შეეცდება შეხვდეს ზემოხსენებულ თადარიგის ქართველ ოფიცერს, სამხედრო დაზვერვის ყოფილ უფროსს, ირაკლი ქურასბედიანს, და დაგვეხმაროს მასთან სატელეფონო ინტერვიუს ორგანიზებაში. თუმცა მანამდე აღვნიშნავთ, რომ ირაკლი ქურასბედიანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დაწყების წინ საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა სამხედრო დაზვერვის უფროსის თანამდებობიდან და, რაკი ამჟამად უკრაინაში იმყოფება, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროფესიონალი სამხედროს გამოცდილება არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის გამხდარა საჭირო.