კიევში ქართველი ანალიტიკოსების ვიზიტი უკრაინის ხელისუფლების მიერ ანტიტერორისტული ოპერაციის გამოცხადების წლისთავს დაემთხვა. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ანტიტერორისტული ოპერაცია მოგვიანებით მასშტაბურ ომში გადაიზარდა. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის მსხვერპლთა რაოდენობა 6 000 კაცს უახლოვდება. ყირიმიდან და დონეცკის ოლქიდან მილიონ ორასი ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. დაინგრა უამრავი შენობა-ნაგებობა. „უკრაინა - დიალოგის გზით კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში“ - ასე ჰქვია „კავკასიური სახლისა“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, ქართველიდა უკრაინელი ექსპერტების მონაწილეობით, საჯარო დისკუსიები იმართება. კიევში გამართული დისკუსიის თემები იყო: საქართველოს რეფორმების გამოცდილება უკრაინისთვის, სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, პრობლემის მოგვარება იზოლაციისა თუ ჩართულობის გზით, ეკონომიკური რეფორმები უკრაინაში და საქართველოს გამოცდილება. უკრაინული ორგანიზაციის „სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის“ უფროსმა მკვლევარმა მარინა ვოროტნიკმა ყირიმში არსებულ პრობლემებზე გააკეთა მოხსენება. მისი თქმით, ანექსიის შემდეგ ყირიმში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა, უკრაინამ კი ამ რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავება ვერ მოახერხა. სიღრმისეულად არ ფასდება ის საფრთხეები, რომლებიც ყირიმიდან დანარჩენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით ემუქრება. ვოროტნიკი ამბობს, რომ უკრაინის მთავრობის მიერ ყირიმის ბლოკადა და იზოლაცია შედეგის მომტანი ვერ იქნება. მისი აზრით, ჩართულობისა და რეინტეგრაციის პოლიტიკა კონფლიქტის მოგვარების მეტ შანსს იძლევა.
უკრაინის „დემოკრატიული ინიციატივების ფონდის“ ანალიტიკოსმა მარია ზოლკინამ დონბასში მიმდინარე კონფლიქტის ცხელ ფაზაზე ისაუბრა, შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებს. მისი აზრით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სეპარატიზმი გარედან იქნა წახალისებული. ამიტომ რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში მან მხარდაჭერა ვერ პოვა. მისი აზრით, უკრაინამ ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებს სრულფასოვანი თვითმმართველობა უნდა შესთავაზოს და აქტიურად გამოიყენოს საინფორმაციო კომპონენტი. მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ სეპარატისტებისგან გათავისუფლებულ ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში უკრაინული სატელევიზიო არხების მაუწყებლობა დღემდე ვერ ვრცელდება და ადგილობრივი მოსახლეობა რუსული პროპაგანდის ამარად არის დარჩენილი. ზოლკინა მინსკის სამშვიდობო შეთანხმებასაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი პრობლემებს ბოლომდე ვერ ხსნის და მას მხოლოდ შუალედური შეთანხმების ფუნქცია აკისრია.
„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა საქართველოსა და უკრაინაში არსებულ პრობლემებს შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე ისაუბრა. მისი აზრით, მთავარი მსგავსება ისაა, რომ ორივე შემთხვევაში რუსეთმა კონფლიქტის გაჩაღება თავის საზღვრებთან ახლოს მდებარე რეგიონებში მოახერხა და აქ საკუთარი შეიარაღებული ძალები ჩართო. გარდა ამისა, ორივე შემთხვევაში რუსეთის მიზანი როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ევროატლანტიკური კურსის შეცვლა იყო, მთავარი განსხვავება კი დროსა და ეთნოპოლიტიკურ შემადგენლობაშია. მისი აზრით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში პრორუსული განწყობა უფრო დიდი მასშტაბისაა, რაც საქართველოში თითქმის არ შეინიშნება. კანაშვილის აზრით, მართალია, უკრაინაში საექსპერტო საზოგადოებაც ორად იყოფა, მაგრამ უკვე დაწყებულია დისკუსია პრობლემების სამშვიდობო-ჰუმანიტარული გზით მოგვარების შესახებ.
ქართველი ანალიტიკოსები უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრებს ხარკოვსა და ლვოვში გააგრძელებენ. პროექტს „უკრაინა - დიალოგის გზით კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში“ ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებს.