ქართველები, რომლებიც ომის დროს აფხაზებმა გადაარჩინეს და პირიქით. მიუხედავად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დატრიალებული ტრაგედიისა, ორივე მხარეს აქვს ამბები, რომლებიც არა ომსა და სისხლზე, არამედ, პირიქით, ერთმანეთის გატანასა და მეგობრობაზეა. ქართველებიც და აფხაზებიც კონფლიქტის მძიმე დღეებში თავის გადარჩენას ხშირად სწორედ ერთმანეთის მეშვეობით ახერხებდნენ. ადამიანები, რომლებმაც ომი საკუთარ თავზე გამოსცადეს, კონკრეტულ ამბებს იხსენებენ.
Your browser doesn’t support HTML5
ყველას ახსოვს 1993 წელს კომანში დატრიალებული ტრაგედია. მოკლეს ქართველი მოძღვარი, მამა ანდრია ყურაშვილი. მოკლეს ასევე აფხაზი იური ანუა, რომელიც ამ ომში ორი დაპირისპირებული მხარის შერიგებას ცდილობდა. იური ანუას ქალიშვილი, მანანა ანუა, იხსენებს, რომ ერთ-ერთი აფხაზი, დაურ ზუხბა, იმდენად შეძრა მამა ანდრიას მკვლელობამ, რომ თავდაპირველად ფიქრობდა მის მკვლელს თავად გასწორებოდა.
„გადაწყვიტა, როგორც კი დავასაფლავებდით მამა ანდრიას, გაგიყვანთ ტაძრიდან და მეტს აღარ ვიომებო. არ მინდა ვიომო იქ, სადაც ასეთ ანგელოზებს კლავენო. თვითონ უნდოდა მოეკლა მამა ანდრიას მკვლელი, რაზეც ჩვენ კატეგორიული უარი ვუთხარით“.
მანანა ანუა იხსენებს იმ დღეებს, როდესაც კომანში ეშერის ბატალიონი შემოვიდა, რომელიც, ასე ვთქვათ, „სადამსჯელო ფუნქციით“ იყო ცნობილი. ბატალიონის წევრებმა მანანა ანუას ალყა შემოარტყეს და განუცხადეს, მამაშენმა აფხაზებს უღალატა და ამის გამო პასუხი უნდა აგოო:
„სისხლი გამეყინა შიშისგან. ვისთვის მიმემართა და ისევ, მამა ანდრია, მიშველე-მეთქი. ჩემს უკან დავით აღმაშენებლის ჭედური ხატი იყო და მას მივეყრდენი. ამ დროს სოხუმიდან კომანის დაბომბვა დაიწყო. ყველანი გაიფანტნენ. მე იმდენად შოკში ვიყავი, შევედი ტაძარში და ამდენ ხატებში პირდაპირ წმინდა გიორგის ხატთან მივედი, ალბათ, იმის გამო, რომ ილორის წმინდა გიორგის ტაძარი ჩვენი გვარის ტაძარია და მთელი ოჯახი იქ ვართ მონათლული. პირდაპირ მივედი, დავემხე და ვყვიროდი: „გიორგი, გიორგი, მეშინია, გიორგი, გადამარჩინე“... და უცებ მესმის: „სად არის ჩემი მეგობარი წმინდა გიორგი?““
ადამიანი, ვინც ეს კითხვა დასვა და ვინც შემდეგ ანუები სამშვიდობოს გაიყვანა, აფხაზი რაფიკ აიბა იყო. მანანა ანუა ამბობს, რომ ის ისე მოიქცა, როგორც ნამდვილი აფხაზები იქცევიან და ამგვარი რაინდობა აფხაზი კაცისთვის ძალიან ბუნებრივია. შემდეგ გაირკვა, რომ რაფიკ აიბა კიდევ ბევრ ქართველს ეხმარებოდა, რადგან ქართველებმა, თავის მხრივ, მისი ძმა გადაარჩინეს სიკვდილს:
„სოხუმში მხედრიონი რომ შემოვიდა, რაფიკის ძმა დაჭრეს. ქართველმა მეზობლებმა გონდაკარგული ბიჭი თავიანთ სახლში შემოიტანეს, ტახტზე დაასვენეს და ზეწარი გადააფარეს. მხედრიონელები მათ სახლშიც ეძებდნენ - ალბათ, უნდოდათ ბოლომდე მოეკლათ, ესენი კი როგორც მკვდარს, ისე დასტიროდნენ, ვითომ მათი შვილი იყო. გონზე რომ მოსულიყო და განძრეულიყო ის ბიჭი, ტრაგედია დატრიალდებოდა. ასე გაწირეს ქართველმა მეზობლებმა თავი. მათ არა მარტო გადაარჩინეს ეს ბიჭი, არამედ მოუარეს და რუსეთშიც გააპარეს“.
ამ ამბის შემდეგ რაფიკ აიბა გაგრიდან მოყოლებული ყველას ეხმარებოდა, ვინც გასაჭირში იყო ჩავარდნილი. მანანა ანუა ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები სხვაც ბევრი იყო, ერთხელ კი ასეთი რამეც მოხდა:
„ქართველი ბიჭები გადმოვიდნენ აფხაზებთან. ეს ბიჭები ერთად სწავლობდნენ, ერთ მერხთან ისხდნენ, ძალიან დიდი მეგობრები იყვნენ. მოესიყვარულნენ ერთმანეთს, შემდეგ ისევ დაშორდნენ და ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დადგნენ. ალბათ, ყველაზე დიდი ტრაგედიაც ეს არის, რომ შეიძლება საუკეთესო მეგობრის ტყვიას საუკეთესო მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა“.
ქართველი ბიჭები გადმოვიდნენ აფხაზებთან. ეს ბიჭები ერთად სწავლობდნენ, ერთ მერხთან ისხდნენ, ძალიან დიდი მეგობრები იყვნენ. მოესიყვარულნენ ერთმანეთს, შემდეგ ისევ დაშორდნენ და ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დადგნენ. ალბათ, ყველაზე დიდი ტრაგედიაც ეს არის, რომ შეიძლება საუკეთესო მეგობრის ტყვიას საუკეთესო მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა...მანანა ანუა
ფრონტის ხაზის წინა სოფელში, აჩადარაში, ქართველი მებრძოლები პოზიციის დასაკავებლად ადგილს ეძებდნენ. ეს სოფელი ისედაც იბომბებოდა და რომელ სახლშიც არ შევიდნენ, ყველგან უარი უთხრეს. ერთადერთი ვალერი ჯიქია დათანხმდა. ომის ვეტერანი დავით ღვინჯილია იხსენებს, რომ ამ სოფელში ბევრი სომეხი ცხოვრობდა. ახალგაზრდები გახიზნულები იყვნენ, მაგრამ მოხუცები არა და ისინი შიშით სახლებიდან ვერ გამოდიოდნენ, სახიფათო იყო:
„დილით ადრე არ იყო ხოლმე. სად არის ვალერა? მოვიდოდა ვალერა ცოტა გვიან. ყავა დავლიოთ-მეთქი. არა, ყავა დალეული მაქვსო. სად დალიე ყავა დილის ექვს საათზე-მეთქი და, თურმე, ამათ ამარაგებდა პურით და კარაქით, კარაქი გვრჩებოდა ხოლმე. მერე სომხებიც მადლობის ნიშნად ყავას ასმევდნენ, მეტი რა ექნებოდათ. თურმე, ეს ყოველდღე დადიოდა იმათ ოჯახებში, ვინც სახლებიდან ვერ გამოდიოდნენ და პური მიჰქონდა, რაც გვქონდა. მათთვის მთავარი იყო ფიზიკურად გადარჩენილიყვნენ, მშივრები არ ყოფილიყვნენ“.
ომის კიდევ ერთი ვეტერანი, გენადი გიორბელიძე, თანამებრძოლ ლაშა კოპალიანთან ერთად აჩადარაში, ხიდის თავთან, იდგა. მოულოდნელად მათთან აფხაზი მებრძოლი მივიდა. თურმე აფხაზები თავიანთი მიცვალებულების ტყიდან გამოტანას ცდილობდნენ, მაგრამ მარტოებმა ეს ფიზიკურად ვერ შეძლეს. იძულებულები გახდნენ დახმარება ისევ ქართველებისთვის ეთხოვათ. ესენიც გაჰყვნენ. გენადი გიორბელიძე ამბობს, რომ ციცაბოზე მიცვალებულის ჩამოტანა ერთობლივი ძალებითაც კი გაუჭირდათ. საკაცის ტარებაში ხელი რომ არ შეშლოდა, კოპალიანმა იარაღიც კი მოიხსნა და აფხაზს, გარდაცვლილის ბიძას, მისცა ხელში.
„ბიძას დააკავა იარაღი, სხვაგვარად არ ხერხდებოდა. შემდეგ რომ ჩამოვასვენეთ, ბიძამისმა გააჩერა აფხაზები და თქვა სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა: ესო ჩემი ძმისშვილი არისო (ძალიან ახალგაზრდა იყო, სადღაც 21-22 წლის ბიჭი). არასდროს არავის საყვედურად არ ვეტყვი, რომ ჩემი ძმისშვილი დაიღუპა ვინმეს ხელით, ოღონდ ჩვენ შევრიგდეთ და ეს ყოფილიყოს ამ ომის უკანასკნელი მსხვერპლიო“.
კიდევ ერთი ამბავი, რომელსაც გენადი გიორბელიძე ჰყვება, „მკვდრეთით აღმდგარ“ გობეჯიშვილს ეხება. 15-16 მარტის შემოტევის შემდეგ ქართველებმა ორი აფხაზი აიყვანეს ტყვედ. ერთი დაჭრილი იყო და შტაბში მკურნალობდნენ. ზოგმა მოითხოვა ტყვეები დაეხვრიტათ, მაგრამ გენადი გიორბელიძემ და დავით ღვინჯილიამ წინაააღმდეგობა გაუწიეს. ეს წინააღმდეგობა ერთი თვე გაგრძელდა. ამასობაში აფხაზური მხარე კონტაქტზე გამოვიდა. შემოთვალეს, ჩვენც გვყავს ქართველი ტყვე და გავცვალოთო. ტყვე ახალგაზრდა ბიჭი იყო, გვარად გობეჯიშვილი, რომელიც ოჯახს უკვე გამოტირებული ჰყავდა:
Your browser doesn’t support HTML5
„და თქვენ წარმოგიდგენიათ? ორმოცის სუფრა რომ იყო, იმ დღეს მოვიდა გობეჯიშვილი სახლში, თავის ორმოცზე, ცოცხალი და საღსალამათი. ცოლ-შვილი, მშობლები, ნათესავები ყველა იქ იყვნენ. ისე მოხდა ტყვეების გადაცვლა, მათ არ გაუგიათ“.
ირმა ოსია, რომელიც აფხაზია, ამბობს, რომ ქართველებმაც და აფხაზებმაც უნდა მოინდომონ და რამდენადაც შეძლებენ, აპატიონ ერთმანეთს ის ტკივილი, რაც ორივე მხარეს ამ კონფლიქტმა მიაყენა.
„ჩემი ძმა თავისიანებმა მოკლეს. რა ვქნა, არ ვაპატიო?ომი იყო, არ უნდოდათ, მაგრამ მოკლეს. მე მათ შევუნდე. თუ ყველამ თავისი წილი არ გაიღო, არაფერი გამოვა“.
ირმა ოსიამ აფხაზურად თარგმნა გურამ ოდიშარიას ნოველები. ის ამ ნოველებიდან ერთ ამბავს იხსენებს.
„ვინც იცის, იცის, რომ არსებობს საუბრის მანერა, რომელიც სოხუმელებს ახასიათებთ და სხვაში არფერში აგერევა. ომია, წვიმს და აფხაზებს სოხუმურ კილოზე ლაპარაკი მოესმათ. უი, რა კარგია, ჩვენი ბიჭები ყოფილან აქო და ბლინდაჟში, სანგარში შევიდნენ. იმათაც მიიწვიეს, თითო ჭიქა დაალევინეს, თან საუბრობდნენ, ვინ რომელი უბნიდანაა, სად ცხოვრობს. ამ დროს კარი გაიღო და შემოვიდნენ თბილისელი ქართველები, რომლებმაც ამ ბიჭებს ქართულად დაუწყეს ლაპარაკი და აფხაზები მიხვდნენ, რომ სოხუმელ ქართველებთან მოხვდნენ“.
ამბავი მშვიდობიანად დამთავრდა, სოხუმელმა ქართველებმა სოხუმელი აფხაზები გამოიყვანეს და გაუშვეს. წასვლისას ისიც უთხრეს, როდესაც სამშვიდობოს გავიდოდნენ, რამდენჯერმე გაესროლათ იმის ნიშნად, რომ არაფერი შეემთხვათ.