„ქართულს ქართველებთან ურთიერთობით ვისწავლით...“

საჯარო სკოლა სოფ. ქესალოში

საქართველოს მოსახლეობის 13%-ისთვის ქართული მშობლიური ენა არ არის და მისი სრულფასოვნად ცოდნა კვლავ სერიოზული პრობლემაა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები სახელმწიფო პროგრამების არაეფექტიანობაზე მიუთითებს. ვინ, როგორ და რისთვის სწავლობს ქართულ ენას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში?

Your browser doesn’t support HTML5

„ქართულს, ქართველებთან ურთიერთობით ვისწავლით...“

ზარხანუმ კულმამედოვამ ქართული ენა ბაზარში ისწავლა, მისმა ერთ-ერთმა შვილიშვილმა კი - ცეკვის გაკვეთილებზე. მიუხედავად იმისა, რომ გარდაბანსა და მიმდებარე სოფლებში არსებულ ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ სკოლებში ქართული ენა ზოგან როგორც მეორე, ზოგან კი როგორც ძირითადი ენა, ისე ისწავლება, ზარხანუმის კიდევ ერთი შვილიშვილი, რაულ იუსუბოვი, ქართულად მაინც ვერ ლაპარაკობს. ამ პრობლემას ის ასე ხსნის:

„თუკი სკოლებში უფრო მეტი ქართველი ისწავლის, მეც უფრო უკეთ მეცოდინება ქართული... ასეთი მოსწავლეების რაოდენობა ჩვენთან მცირეა“...

რაულის ბებიის, ზარხანუმის, თქმით, შვილიშვილი ხშირად სთხოვს ფულს იმისათვის, რომ თბილისში ჩასვლა და ქართველ თანატოლებთან მეტი დროის გატარება შეძლოს:

„ბებია, მომეცი 50 ლარი, თბილისში უნდა წავიდე...იქ კარგი დასასვენებელი პარკებია ...კარგ ბავშვებს ვხვდები... ვეუბნები: „50 ლარი თითქმის ერთი ტომარა ფქვილი ღირს“... ის მპასუხობს, რომ ფქვილი სულაც არ სჭირდება...მას ქართველები უყვარს... რა თქმა უნდა, გვიყვარს ქართველები...როგორ შეიძლება ქართველი არ გიყვარდეს? ვისაც ქართველი არ უყვარს, ის ადამიანი არ არის“...

გარდაბნელი აზერბაიჯანელების ამგვარი განწყობა თითქმის ყველა სოფელში გვხვდება. მათ შორის არის ქესალო, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 9 კილომეტრში მდებარეობს. სოფლის ძირითადი მოსახლეობა აზერბაიჯანულია. სოფლის ცენტრში შეკრებილი უხუცესები გვეუბნებიან:

სოფელი ქესალო

„საქართველოში ვცხოვრობთ, მაგრამ ქართული არც ჩვენ ვიცით... ჩვენ მოხუცები ვართ, ჩვენთვის უკვე დაგვიანებულია... რა თქმა უნდა, ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ. სკოლაში უკვე ასწავლიან ქართულს...გავა დრო და ისინი ჩვენზე უკეთ შეძლებენ ქართულად საუბარს“.

ქესალოს საჯარო სკოლაში 1020 მოსწავლეა. სკოლას ქართული სექტორიც აქვს და აზერბაიჯანულიც, თუმცა მოსწავლეთა 90 %-მა აზერბაიჯანული აირჩია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქართული ენის გაკვეთილები მათთვის ყოველდღე ტარდება. წერა-კითხვისა და მეტყველების უნარებს მათ აფაიათ ალიევა ასწავლის:

„ვცდილობთ, გაკვეთილი უფრო საინტერესო და განსხვავებული იყოს... გაკვეთილები აქტივობებით უნდა იყოს სავსე, რათა უფრო ადვილად აღქმადი იყოს...ენის სწავლება მარტივი არ არის, ეს ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიცი. მაგალითად, 12 წელიც არ იყო საკმარისი ჩემთვის... სკოლის დამთავრების შემდეგ ვიცოდი მხოლოდ „გამარჯობა“, „ნახვამდის“...მერე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში... მოსამზადებელი კურსი გავიარე, ქართული ენის ერთწლიანი პროგრამა. მისი დამთავრების შემდეგაც ჩემი ქართული არ იყო ისეთი, როგორც საჭიროა. პირველი კურსიდან... ქართველებთან, სომხებთან და სხვა სტუდენტებთან ურთიერთობით დაიწყო ჩემი ქართულის ისტორია“.

აფაიათ ალიევა

ქესალოს გარდა, საქართველოში 300 არაქართულენოვანი სკოლაა. „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ - ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წელს დაიწყო. პროგრამის მიხედვით, ქართულის მასწავლებლები საქართველოს სამ რეგიონში ჩადიან - ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. ამ ინიციატივის აზრი ის არის, რომ მოსწავლემ, რომელიც სკოლაში ისწავლის ქართულს, შემდგომ სწავლის გაგრძელება თავისუფლად შეძლოს ქართულ ენაზე.

მაგრამ „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევა დამაიმედებელ სურათს არ იძლევა. იმ არაქართულენოვანი სტუდენტების გამოკითხვამ, რომლებმაც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებამდე ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი კურსი გაიარეს, აჩვენა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი უმაღლეს სასწავლებელში სწავლას აღარ აგრძელებს. მაგალითად, 2010 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული 156 სტუდენტიდან მხოლოდ 23-მა შეძლო საბაკალავრო პროგრამის დასრულება. ზოგადი განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემაც ილაპარაკა:

„საატესტატო გამოცდების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, რომლითაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში არ მოდიან, გვაჩვენებს, რომ ზოგადი განათლების სისტემაში არაფერი შეცვლილა. პრობლემა არის ის, რომ, კვოტირების სისტემის დასრულების ნაცვლად, იძულებულები ვიქნებით გავაგრძელოთ ინტეგრაციის პროცესი, თუმცა ზოგადი განათლების საფეხურზე ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის მიზანი, რაც იყო დასახული ზოგადი განათლების სისტემაში ცვლილებების განხორციელების მიმართულებით, შესრულდეს, რასაც ჯერჯერობით განათლების სამინისტრო არ აკეთებს“.

ირმა მაღრაძე

კიდევ ერთი ბარიერი, რომლის შესახებაც პრეზენტაციაზე ისაუბრეს, ის არის, რომ ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტი ერთნაირად არ ფლობს ქართულ ენას. დარეჯან კუხიანიძე, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველებს ქართულ ენაში ამზადებს, ამბობს, რომ ყველა სტუდენტს ერთნაირად არ უნდა მიუდგე:

„სამედიცინო სფერო ისეთი რთულია, ქართველ ბავშვებსაც უჭირთ სწავლა. წარმოიდგინეთ, რომელი სპეციალობაც არ უნდა აირჩიოს სტუდენტმა, მას უწევს ურთულესი საგნების შესწავლა: პათფიზიოლოგია, ანატომია და მრავალი სხვა. წარმოიდგინეთ რამდენი სამედიცინო ტერმინია და როგორი განსხვავებული სპეციფიკა, ამიტომ ჩვენი სწავლება განსაკუთრებულიც არის“...

ქართული ენის პედაგოგები ხაზს უსვამენ, ასევე, კლასგარეშე კომუნიკაციის მნიშვნელობას, რომელიც არამხოლოდ ლექციებისა და სემინარების დროს უნდა არსებობდეს. ამ აზრს იზიარებს ქესალოს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ირმა მაღრაძეც.

„იმის გამო, რომ ამ ბავშვებს არ უწევთ ურთიერთობა ქართველებთან, მხოლოდ გაკვეთილებზე მიღებული ცოდნით ძნელია მაღალ შედეგებზე ლაპარაკი. თუნდაც ის, რომ სახლში მაინც შეეცადონ მშობლები, რომ ჩართონ ტელევიზორი ქართულ არხებზე, ის მაინც რომ შეძლონ, რომ, სკოლის გარდა, ქართული სხვა გარემოშიც ისმინებოდეს, ბევრად უკეთესად იქნებოდა საქმე“.

უშუალო ურთიერთობის მაგალითია ახალგაზრდული ბანაკები. ამ საქმეს გარდაბნის რაიონში ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველო“ უდგას სათავეში. მათი ინიციატივით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ყოველ წელს ეწყობა ახალგაზრდული ბანაკები, რომლებიც საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს აერთიანებს.

„ბავშვები თვითონ დაინტერესებულები არიან, რომ ნახონ როგორ ცხოვრობენ სტუდენტები თბილისში. ეს მათთვის მოტივაცია ხდება იმისათვის, რომ მათაც ჩააბარონ თბილისის უნივერსიტეტებში...ჩვენთან ყოველთვის არიან ბავშვები, რომლებიც პირველად გადიან რეგიონიდან. საზღვარგარეთ წასვლაზე აღარ მაქვს საუბარი, რადგან ისინი ხშირად საქართველოს სხვა რეგიონებსაც არ იცნობენ, ამიტომ მათთვის ძალიან საინტერესოა, რომ ნახონ ქუთაისი, თბილისი და ბათუმი“, ამბობს რუსტამ მაილოვი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

რაულ აზიმოვი და რაულ აბდულაევი

ყველა ცდილობს, მაგრამ ამ საქმეში უმოქმედოა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ეთნიკურად ერთ-ერთი ყველაზე ჭრელი რაიონის გამგეობა სახელმწიფო ენის სწავლებასთან დაკავშირებული არც ერთი ღონისძიების ინიციატორი არ ყოფილა, რასაც ადასტურებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ანი ჟღენტი:

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფინანსებული არც ერთი პროგრამა არ ხორციელდება“...

რაულ აბდულაევი მეთორმეტე კლასშია. 2017 წლიდან ის სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე აპირებს. სოფელ ქესალოს დამამთავრებელ კლასში ის ერთადერთია, რომელიც ქართულ ენაზე საუბარს ახერხებს. კითხვაზე კი, საჭიროა თუ არა ქართული ენის ცოდნა, იგი ასე პასუხობს:

„ჩვენ აქ ვაპირებთ ცხოვრებას...აქ დავრჩებით სიცოცხლის ბოლომდე და აუცილებლად უნდა ვიცოდე ჩვენი სახელმწიფო ენა, რომ ქართველებთან კარგი ურთიერთობა მქონდეს...“