ქართული პროდუქტის პერსპექტივა ევროკავშირის ბაზარზე

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების ერთი წლის შემდეგ საქართველო კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის ყველაზე აქტუალური საკვების უსაფრთხოებისდა, ზოგადად, ქართული ნაწარმის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხია, რადგანჯერ კიდევ მრავალი რეფორმის გატარებაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში წარმოებულმა პროდუქტმა შეძლოს ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაკმაყოფილება. ერთ-ერთი ამ პროდუქტთაგანია ქართული თაფლი.

თუ ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 მილიარდ 982 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს მხოლოდ 2 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტმა 413 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 2014 წლის იანვარ-აგვისტოში განხორციელებულ ექსპორტის მოცულობას1 პროცენტითგადააჭარბა. რაც შეეხებაიმპორტს, მისი მოცულობა 1მილიარდ 569 მლნ. აშშ დოლარიდა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის შესაბამის მაჩვენებელთანშედარებით, 2 პროცენტით მეტი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნებისწილმა 31 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში 28 პროცენტი,ხოლო იმპორტში 32 პროცენტი.

ფაქტია, ევროპის ბაზარს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში მაღალი პროცენტული წილი უჭირავს,თუმცა, 2014 წლის იანვარ-აგვისტოში დაფიქსირებულ იდენტურ მაჩვენებლებთანშედარებით, რომლებიც, შესაბამისად,26 %-ს,21 %-ს და 28 %-ს შეადგენდა, სხვაობა საგულისხმოდ დიდი არ უნდა იყოს. სტატისტიკა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, სანამ ასოცირების ხელშეკრულების სარგებელს ბოლომდე მიიღებს და აითვისებს.

როგორც ზემოთაც ვთქვით, ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც შესაძლოა ევროპულ ბაზარზე პერსპექტიული იყოს, ქართული თაფლია. დღემდე საქართველოში არ არსებობდა ლაბორატორია, რომელშიც მეწარმე თავის პროდუქტს შეამოწმებინებდა და შესაბამის დასკვნას აიღებდა. ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (LMA) ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისი თაფლის კვლევების სრული სპექტრი ინერგება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე კვლევის მეთოდებით თაფლის პროდუქტის შემოწმებისას მოხდება ისეთი რთულად გამოსაკვლევი მახასიათებლების განსაზღვრა, როგორიცაა ანტიბიოტიკებისა და პესტიციდების შემცველობა. აღნიშნულ მახასიათებლებზე კვლევას ევროკავშირი სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის საფუძველზე ითხოვს. იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა საკუთარი პროდუქციის რეალიზება ევროკავშირის ბაზარზე მოახდინოს, ექსპორტირებული საქონელი ამ ქიმიურ ნაერთებს არ უნდა შეიცავდეს. აღსანიშნავია, რომ LMA-ში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგები აღიარებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, რასაც განაპირობებს 2014 წლის მარტში ლაბორატორიის მიერ მიღებული ISO 17 025 საერთაშორისო აკრედიტაცია ANAB-დან (ANSI-ASQ National Accreditation Board). გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამის ამოქმედება ხდება საბაზო წერტილიდან, ლაბორატორია თაფლის ერთი ნიმუშის ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად კვლევას რეგლამენტით გათვალისწინებულ სრულ სპექტრზე მეფუტკრეობის კოოპერატივებს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შესთავაზებს სრულიად უსასყიდლოდ. დღეისათვის, ლაბორატორიის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სურსათის კვლევის დეპარტამენტში თაფლის ხარისხობრივ კვლევაზე სულ შემოსულია 102 ნიმუში. აქედან 47 ნიმუშს ჩაუტარდა სრული კვლევა, 53 ნიმუში გამოკვლეულ იქნა ნატურალობაზე (ჰიდროოქსიმეთილფურფუროლის აღმოჩენა), საიდანაც მხოლოდ ერთი ნიმუში აღმოჩნდა არანატურალური.

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიის არსებობისა და ზემოთ ნახსენები შეთავაზების შესახებ ყველა იმ ბიზნესმენმა შეიტყოს, რომელიც თაფლის წარმოებით არის დაკავებული.

თაფლის გარდა, ცხადია, ევროკავშირის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პერსპექტივა თხილსა და კაკალს აქვს, რომლის ექსპორტიც ბოლო წლებში მუდმივად იზრდება.

ცხადია, მნიშვნელოვანია ამ პროდუქტს ყოველწლიურად ახალი ჩამონათვალი შეემატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური სარგებელი ბოლომდე აუთვისებელი დაგვრჩება.