ქართული ავტობაზარი ახალი პრობლემების წინაშე

რუსთავის ავტობაზარი

ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ახალ მანქანებზე აქციზის გადასახადი გაზარდა. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2000 კბ/სმ-მდე მოცულობის ძრავის მქონე მანქანებზე აქციზი თითოეულ კბ/სმ-ზე 0,2 მანათი იქნება, რაც ამ მოცულობის ძრავის ავტომობილების ფასს დაახლოებით 520 დოლარით გაზრდის.

სავარაუდოა, რომ აქციზის ზრდა უარყოფით გავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესზეც.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვა შარშან გაზაფხულზე დააწესა: 2014 წლის 1-ლი აპრილიდან აზერბაიჯანში „ევრო 4“-ზე დაბალი სტანდარტის ავტომანქანების იმპორტი ვეღარ ხორციელდება.

საქართველოში ამას 2005 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვასაც უწოდებენ, თუმცა, რეალურად, წარმოების წლის შეზღუდვა მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით სხვადასხვაგვარია. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით აიკრძალა ევროკავშირში 2005 წლამდე, აშშ-ში 2004 წლამდე, თურქეთში 2009 წლამდე, იაპონიასა და ჩინეთში 2011 წლამდე, კორეაში 2006 წლამდე წარმოებული მანქანების იმპორტი აზერბაიჯანში.

ამ აკრძალვაში მოყვა რუსული ავტომობილები, რადგან, აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად რუსეთში „ევრო 3“-ის სტანდარტის ავტომობილები იწარმოება, თუმცა აზერბაიჯანის ოფიციალურმა წყაროებმა ისიცგანაცხადეს, რომ, „ევრო 4“-ის სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბაზარზე რუსული წარმოების ავტომობილებიც დაიშვება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანმა აკრძალა ამ ავტომობილების იმპორტი, თუმცა არ შეუზღუდავს უკვე არსებული მანქანების გადაადგილება.

ამ შეზღუდვების შედეგად, აზერბაიჯანში იმპორტირებული ავტომანქანების რიცხვი, ზოგადად, მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანში საქართველოდან 16,8 ათასი მსუბუქი მანქანა იყო ექსპორტირებული, რომელთა საერთო ღირებულება იყო 252,5 მილიონი აშშ დოლარი. ეს თანხა საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების დააახლოებით 51 პროცენტს შეადგენს. თუ აქვე იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანი პირველ ადგილს იკავებს არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ საქართველოს საერთო ექსპორტში, ცხადი ხდება, რომ მანქანების რეექსპორტი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნესია.

აქვე უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, საქართველოდან მანქანების ექსპორტში აზერბაიჯანის წილი 49,4 პროცენტს შეადგენს, ანუ ამ ბიზნესის ნახევარი სწორედ აზერბაიჯანში არსებულ საკანონმდებლო ამინდზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში აპრილში დაწესებულმა შეზღუდვამ, ერთი მხრივ, პრობლემების წინაშე დააყენა ის დილერები, რომლებსაც, აზერბაიჯანში შემდგომი რეალიზაციის მიზნით,ამ სტანდარტის არმქონე მანქანები ჰყავდა შემოყვანილი საქართველოში, მეორე მხრივ კი, მანქანების ფასის გაძვირების გამო მათზე მოთხოვნა შეამცირა აზერბაიჯანში. სწორედ ამიტომ, თუ 2014 წლის მაჩვენებელს გასული წლისას შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული მანქანების მოცულობა ღირებულებით გამოხატულებაში 31,8 პროცენტით, რაოდენობრივ გამოხატულებაში კი 59,2 პროცენტით, ანუ 24,4 ათასი მანქანით, არის შემცირებული.

ფაქტია, რომ ახალი გადაწყვეტილება ავტომანქანებზე აქციზის გაზრდის შესახებ, რაც ავტომობილებს მინიმუმ 520 დოლარით გააძვირებს, კიდევ უფრო შეამცირებს ავტომანქანებზე მოთხოვნას აზერბაიჯანში. ეს კი, უდავოდ, ქართულ ავტობაზარსა და, ზოგადად,ავტობიზნესზეაისახება და მის ბრუნვებს შეამცირებს.