ქართული ავიაბაზარი

ქართულ ბაზარზე ავიაკომპანიათა რაოდენობა იზრდება. ეს გააქტიურება შეიმჩნევა განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე, რის შესახებაც საქართველოს მედია 2014 წლის გაზაფხულიდან უკვე პერმანენტულად იტყობინება.

სულ რამდენიმე დღეა, - კერძოდ, 4 აგვისტოდან, - თბილისი-თეირანის მიმართულებით ფრენა დაიწყო ავიაკომპანია "Flyvista"-მ. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეისები კვირაში ორჯერ, 4 აგვისტოდან სრულდება. კომპანიამ ამ რეისის დანიშვნა მგზავრთა საკმარისი ნაკადის გამო გადაწყვიტა. "Flyvista" დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც მომხმარებელს გეგმურ ფრენებს სთავაზობს თბილისიდან მეზობელ ქვეყნებში.

გასულ თვეში სიახლე იყო ნატახტარი-მესტიის რეისის დანიშვნაც - ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ჩეხური წარმოების თვითმფრინავით რეისები კვირაში სამჯერ ხორციელდება, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ბუნებრივმა პირობებმა უკვე არაერთხელ გამოიწვია რეისების გადადება. არადა, ამ მიმართულებებზე რეგულარული ფრენების დანიშვნის ძალიან დიდი მოთხოვნაა, რადგან ეს მოსახერხებელია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. ავიარეისები თბილისიდან მესტიამდე საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ხანგრძლივობას - 7-8 საათს - 45 წუთამდე ამცირებს. ფრენებს ქართული ავიაკომპანია "სერვისეირი" ასრულებს. 2014 წლის იანვარში თბილისი-მესტია-თბილისის მარშრუტით ავიარეისების ღირებულების ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის 100 ათასი ლარი გამოიყო.

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირია ფრენები საქართველოს შავიზღვისპირეთშიც:

მინსკი-ბათუმი-მინსკის ავიარეისები კვირაში სამჯერ სრულდება კომპანია „ბელავიას“ ხაზების თვითმფრინავით; ასევე უკრაინის მიმართულებით შეგიძლიათ „დნეპროავიასა“ და „"Ukraine Internatinal Airlines"-ითაც იფრინოთ. 2014 წლის 7 ივნისს პოლონურმა ჩარტერულმა ავიაკომპანია „Enter Air“- მა პირველი ჩარტერული რეისი შეასრულა ვარშავიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. ზოგადად, პოლონეთიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით საშუალოდ სამი ჩარტერული ფრენა ხორციელდება. მაისის ბოლოდან დაიწყო თელავივი-ბათუმის ფრენებიც, კვირაში ორჯერ რუსეთის მიმართულებით ახორციელებს ფრენებს "Georgian Airways" და „სიბირის“ ავიახაზები.

თუმცა მგზავრთა გადაყვანის სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ბათუმის აეროპორტმა წელს შარშანდელზე ნაკლები მგზავრი გადაიყვანა. აღარაფერს ვამბობთ მესტიის მიმართულების ფაქტობრივ ჩავარდნაზე. სამაგიეროდ, ძალიან გააქტიურებულია ფრენები ქუთაისის მიმართულებით და ზრდა არის თბილისის მიმართულებაშიც. კერძოდ:

მესტიის აეროპორტმა 2014 წელს, პირველ 6 თვეში, 183 მგზავრი გადაიყვანა, 2013 წელს - 158, მაშინ როცა 2012 წელს 900-ზე მეტი მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის 2014 წლის 6 თვის მაჩვენებელი (75 ათასამდე მგზავრი) მცირედით - 2000-ით - ჩამოუვარდება 2013 წლის მაჩვენებელს, თუმცა დაახლოებით 15 ათასით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს;

2014 წლის 6 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 669 ათას ადამიანამდეა; შარშან, ანალოგიურ პერიოდში, ეს მონაცემი იყო დაახლოებით 610 ათასი, 2012 წელს კი - 525 ათასამდე;

საგრძნობი ზრდაა ქუთაისის აეროპორტში. 2012 წლის მონაცემები პრაქტიკულად თითქმის არ არის. უკვე 2013 წელს, 6 თვეში, აეროპორტმა 60 ათასამდე მგზავრი გადაიყვანა, 2014 წელს კი იმავე პერიოდში - 112 ათასზე მეტი.

სტატისტიკა მოწმობს, რომ საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრების ჯამური რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც, რა თქმა უნდა, აღსანიშნავი და მნიშვნელოვანი ტენდენციაა, განსაკუთრებით ტურიზმის განვითარების პერსპექტივისათვის.