გორში დღე ისე არ გავა, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რომელიმე წევრმა არ დატოვოს. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც გორში დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობამ“ წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა და გორის მერობის კანდიდატად მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი წარადგინა. წარდგენის დღესვე ონიაშვილის თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ და „შენების მოძრაობაში“ გადადიან. გამგეობის თანამშრომელმა ირმა პაპიძემ მაშინ თქვა, რომ დაახლოებით 50 კაცი ამასვე გააკეთებდა.
Your browser doesn’t support HTML5
„ქართული ოცნებიდან“ „შენების მოძრაობაში“კადრების გადასვლას დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, სტატისტიკას აქ მნიშვნელობა არა აქვს და კარს გაუღებენ ყველას, ვისაც სუფთა წარსული და კარგი რეპუტაცია აქვს.
რამდენიმე კაცმა მმართველი პარტია მაშინვე დატოვა. ზაქარია ვატიტაძე მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ საარჩევნო პროგრამას გადაუხვია და იქ საკუთარ ადგილს ვეღარ ხედავს.
პარტია „ქართული ოცნებიდან“ 50 კაცი ერთბაშად არ წასულა. მმართველი პარტიის აქტივისტები ნელ-ნელა, ყოველდღიურად სათითაოდ გადიან, თან განცხადებებს ადგილობრივ ჟურნალისტებთან აკეთებენ და არა პარტიის ოფისში. გიორგი ბალიაშვილს პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება ოფისში ჯერ არ დაუტოვებია, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა უკვე განაცხადა.
„ქართული ოცნებიდან“ წამსვლელთა 50-კაციანი სია თვალით ჯერ არავის უნახავს. გორის ორგანიზაციის ოფისში მხოლოდ ოთხი კაცის გასვლას ადასტურებენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გელა კაპანაძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიაში საგანგაშო არაფერი ხდება და ეს ცოცხალი პროცესია. მისი აზრით, პარტიიდან ის ხალხი მიდის, ვინც არჩევნებზე პარტიულ და მაჟორიტარულ სიებში ვერ მოხვდა.
გორში მოქმედი გამგებლის დავით ონიაშვილის მომხრეები „ქართულ ოცნებას“ ნელ-ნელა ტოვებენ და „შენების მოძრაობას“ უერთდებიან. პოლიტიკური კულისებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ოცნების“ წევრთა კიდევ ერთი, მოზრდილი ჯგუფი, მმართველ პარტიას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვებს.