ქართული დიალექტები, რომლებზეც საქართველოში და საქართველოს გარეთ ლაპარაკობენ. მოხუცების ნაამბობი უნიკალური ისტორიები. რას ლაპარაკობენ ხევსურები, გურულები, თუშები, ფერეიდნელები საკუთარ თავზე თუ ზოგადად ცხოვრებაზე. გაგაცნობთ დიალექტურ კორპუსში შეგროვებულ მასალებს.
„სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ და გამისვრია ისარი“... რომელმა თქვა ესა?
- რაფიელ ერისთავმა.
აქ დიალექტური კორპუსის თანაშრომელი მორიგი რესპონდენტის კითხვას პასუხობს. დიალექტური კორპუსი არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენეთმეცნიერების ინსტიტუტის ბაზაზეა შექმნილი და, მარტივად რომ ვთქვათ, ხმებს აგროვებს, კერძოდ, იწერს, ვინ როგორ და რა კილოზე ლაპარაკობს საქართველოში თუ საქართველოს გარეთ - მაგალითად, საინგილოში, ტაო-კლარჯეთში. მათ ქართული დიალექტების უზარმაზარი არქივი აქვთ, ძირითადად, სამოციანი წლების შემდეგ ჩაწერილი. ენობრივი მონაცემების კომპიუტერული დამუშავების განყოფილების ხელმძღვანელი მარინე ბერიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი თავიდან სუფთა ლინგვისტური ინტერესის გამო გროვდებოდა, ამასობაში კი აღმოჩნდა, რომ გაცილებით შთამბეჭდავი მასალები შეაგროვეს:
„ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ ჩვენ შევქმენით და ვქმნით მეოცე საუკუნის აუდიო და ვიდეო, დაფაილებულ ისტორიას“.
რა შედის ამ ისტორიაში? მაგალითად, ერთი ამბავი ხევსურების ბარში ჩამოსახლებაზეა. ძია ნიკო იხსენებს, როგორ შემოვიდა კოლექტივი და როგორ დარჩნენ ხევსურები მიწების გარეშე:
„გინდა თუ არა, მაინც უნდა გასახლდეთო, გახადეს იძულებული. დაზიდეთ ბარგიო, ბარაკებ ააშენეს ბარისახოს... ჯორი გვყავდა, ჩვენ იმას ავკიდეთ ბარგი. რა ბარგი გვქონდა მაშინ - „ბოჩკებ“, კასრები, ფარდაგები და ხალიჩები, საბან და ლეიბ კი აქ არ იყო.
არა, არ არსებობდა მაშინ ეგეთ რამე, არც „კრაოტი“.
წავიდა, გაასახლეს ეს ხალხი, ერთ ზამთარს გასძლესა თუ მეორე ზამთარს უკან გამაიქცა ისევ“.
ალბათ, სიმბოლურია, რომ ბევრი, ვინც დიალექტური კორპუსის არქივში მოხვდა, გადასახლებაზე ლაპარაკობს. „პირველად ერთი ოჯახი ჩამოსახლდა, შვიდი გოგოთი, მერვე აქ შეეძინათ. მან მისი ძმა ჩამოიყვანა“... - ასე იხსენებს გურული ქალი მის სოფელში აჭარლების ჩამოსახლების ისტორიას.
„ახლა რომ ვთქვათ, ხელად მიიღო ხალხმაო, მართლა არ ყოფილა. ახლაც იტყვიან -„აჭარლებშია“. სერგო ჯავრობს, აჭარელს მისი სახელი აქვსო. ისე, კარგად მივიღეთ ქალებმა, წევიყვანეთ, მევიყვანეთ, სოფელი გავაცანით. კაი ურთიერთობა, კაი მეგობრობა. ისე, მაგარი ხალხი ყოფილა, სერიოზულად, მაგარი ხალხი ყოფილა, მისი ერთმანეთთან დამოკიდებულებაში. სულ რომ არ იყო ოჯახის წევრები სახლში (ბაღანა ექიმთან ჰყავდა თენგოს წაყვანილი), ისე მოთხარენ და ისე გაუყიდეს სამი ტონა კარტოფილი, იგენი არც ერთი არ იყო სახლში ჩამოსული. ამას ახლა გურულები, კი მომწონს თავი მაგრამ, ამდენს არ მოგახმარენ“.
გადასახლების ყველაზე დიდი და მძიმე ისტორია ფერეიდნელების ისტორიაა. ისინი ამაზე სიმღერით ჰყვებიან:
„ქართველი ვარ, ქართველი, გადმოსული.
ოთხას წელია ირანჩი მოსული
შაჰ-აბასით გამორეკული ვარ მე,
საქართველოსათვის დამწორი ვარ მე“.
დიალექტური კორპუსის სამუშაო ჯგუფის წევრი დიანა ანფიმიადი ამბობს, რომ ჩაწერილი ისტორიები იმდენად საიტერესოა, მწერალი წიგნსაც კი დაწერდა. მისი თქმით, ბევრი ლაპარაკობს - განსაკუთრებით, ქალები-შეჭამადების სხვადასხვა რეცეპტზეც, რომელიც შემდეგ თავადაც გამოუყენებია ოჯახში.
„განსაკუთრებით საინტრესოა მუხაჯირობის ამბები, მესხეთში თათრების შემოსევისა და გამოქცევის, შიმშილობის ამბები. პირადი ამბები... მარტო პურის ცხობის ოცამდე რეცეპტია“.
და მართლაც, რესპონდენტების მიერ მოთხრობილი ამბები, გარდა დიალექტისა, თავისი შინაარსითაც უნიკალურია. მაგალითად, ერთი ქალბატონი არხილოდან იმასაც კი იხსენებს, როგორ აბარებდნენ ბავშვობისას კოლექტივს თაგვებს:
„ - ვაიმე, რომ იტყოდი, ხვალ უნდა მომკოთო, მიხვიდოდი და აღარ იბადებოდა თავთავი.
თქვენზე წინა მკიდნენ თაგვები?
ჩვენზე წინა მკიდნენ, მთელი ღამე მკიდნენ.
ვინ რამდენ თაგვს ჩააბარებდით, თუ როგორ იყო?
ჰო, ვაბამდით, დიდი ბაწრები მოგვქონდა, თაგვები ბევრი, მიუთვლიდით.
ანაზღაურებას გაძლევდნენ?
გვაძლევდნენ თავშალსა ან საკაბესა, რაღაცას მოგვცემდნენ.
თაგვებში?
ჰო.
შრომადღეებს არ გიწერდნენ?
გვიწერდნენ, შრომადღესაც გვიწერდნენ. ცოცხები გვქონდა, ფიჩხის ცოცხებს ამოიტანდით ტყიდანა. გავაკეთებდით იმ ფიჩხებსა და იმეებითა ვხოცდით. ჯერ გავივლიდით, დავაბიჯებდით ორმოსა, მერე რომ მოვბრუნდებოდით, რომ ამოძვრებოდნენ, ხომ ვეღარცა ჩაძვრებოდნენ ისე უცბადა. მერე ვხოცდით“.
კიდევ ერთი მოხუცი თუშეთში იმას ჰყვება, როგორ ჩაეძინა კალოში. ძილში ხელი დაუბუჟდა და ძარღვები აეყარა, თუმცა გამოღვიძებული ვერაფრით მიხვდა, რა სჭირდა:
„ჩემ დიაცს კალოში საყორე ჰქონ გაკეთებული. იქ ქსელ ედგა. ჰოდა, კაი, მზინი საღამოხანი იყო და ავედი იქ. წამოვწექ, თავქვეშ ხელ შევიგდე. რა ვიც აბა, დაღლილს დამძინებიყო. გამომეღვიძ და ხელს ვეღარ ვძრავ, კაცო, არის დასივებული, როგორც ლომბრი. კაცო, რად ვერ მნახე, დიაცს უთხარ, ჩემთომ გველს უკბენავ, ამ ჩემ ხელს ვერ უყურებაო? მე ვფიქრობდი, გველ გამოძვრა ყორეშითა და იმან მიკბინა. მე გან შენ გიყურებდ, ემ ჩემ ქსელს შევხედავდეო, დიაცმა“.
და ისევ ფერეიდანი. ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლია ბაკურაძე ხმებს სწორედ აქ აგროვებდა:
"ძალიან საინტერესოა ფერეიდნის რეგიონში ქართული სოფლების შესწავლა, რადგან ეს სოფლები დიალექტის თვალსაზრისითაც განსხვავდება. აი, მაგალითად, სოფელ თორელში, ბოინში, ახჩაში, დაშქესანაში განსხვავებულად საუბრობენ და მარტყოფში, ჩუღრუთში, ვაშლოვანში - განსხვავებულად“.
ბაკურაძე იხსენებს მუხტარ დარჩიაშვილს, რომელმაც თბილისში ვეფხვისა და მოყმის ძეგლი ნახა და გადაწყვიტა ამ მოტივზე ლექსი თავადაც დაეწერა - აინტერესებდა, ორიგინალს თუ დაემთხვეოდა. რა თქმა უნდა, არ დაემთხვა, მაგრამ მაინც. ის ასევე ამბობს, რომ იქაურმა ახალგაზრდებმა ისე კარგად არ იციან ქართული, როგორც უფროსმა თაობამ, მაგრამ ცდილობენ ისწავლონ.
„მელა, მელა მექათმეო,
აქეთ შენ და იქით მეო.
ავამძლივეთ საქათმეო,
ცილა შენ და გული მეო“.
„ბალახი იყვისყე? - ჰო, მინდროლ ბალახი, თივა იყვისყე. ფამფარა ბალახია, ადამიანი შასჭამსყე“ - ფერეიდნელი ქართველი ცდილობს მეცნიერებს იმ სიტყვების მნიშვნელობა აუხსნას, რომელიც მის ნამდვილ სამშობლოში უკვე აღარ ახსოვთ.
და ჭყოპა რა არიო?
წვიმა და თოვლი რო აირევის და ჩამოა - ჭყოპა არის.
და ყუზაი?
ყუზაიცა ექ რო მზე ცოტა მოადგების. მზე ექით ანათობს... მეტობენ გულისპირზე ანათობს... თოვლი და წვიმა არ დადგების, მალე გახმების. ევქარაზე თოვლი ბევრი დადგებისყე. მზე არა სწვდების... ეს რომ მზე არა სწვდების, გაზაფხულზე და ზაფხულზე გამწვანდებისყე, ემას დაუძახებთ ყუზაი.