ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივებსა და არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს ზუგდიდში სამოქალაქო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. შეკრებილთა დიდი ნაწილის განცხადებით, კონფლიქტის შედეგად ურთიერთობებში შექმნილი ერთგვარი ბარიერის გადალახვაში სამოქალაქო დიპლომატიას შუძლია გადამწვეტი როლი შეასრულოს. შეხვედრაზე კავშირ „ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება სწორედ სახალხო დიპლომატიის გზით ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა.
კავშირი „ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები“ გამოდის ინიციატივით აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან შეიქმნას რამდენიმე „დასასვენებელი სახლი“, რომელიც აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის ცენტრი, ინფორმაციის გაცვლის ადგილი იქნება. კავშირის თავმჯდომარის, აფხაზეთიდან დევნილი რევაზ ბენდელიანის განცხადებით, ეს იქნება სასტუმროს ტიპის სახლი, რომელიც მოემსახურება მგზავრობით და ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან რიგში დგომით დაღლილ ეთნიკურ აფხაზებსა და აფხაზეთში მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს.
კავშირმა „ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები“ იდეა პროექტის სახით უკვე დაწერა და რამდენიმე სამინისტროში წარადგინა. თავმჯდომარის თქმით, ის მოწონებულია და მხარდაჭერის პირობაც მიღებულია. იდეის ავტორს „დასასვენებელი სახლების“ მოწყობა სურს ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში, ორსანტიასა და რუხში. ამ სახლებში ვიზიტორები, დასვენების, კვებისა და ღამისთევის გარდა, ისარგებლებენ ტელეფონით, ინტერნეტით, იურიდიული კონსულტაციითა და პირველადი სამედიცინო დახმარებით. „ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას ჰყავს პარტნიორი ორგანიზაციები აფხაზეთში და რა სახის მომსახურება სჭირდებათ მოქალაქეებს, მათ ერთობლივად დაადგინეს:
„გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, თუ რა მიზეზით გადმოდიან ჩვენთან ისინი. მათი ძირითადი საქმიანობა არის ნათესავის მოძიება, სავაჭრო საქმიანობის განხორციელება, ჯანდაცვით სარგებლობა და ვიწრო სპეციალობების - კომპიუტერის, ავტომანქანის, ტელეფონის შეკეთების, აი, ამ სპეციალობების - დაუფლება“ .
„ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების“ თავმჯდომარის განცხადებით, სხვადასხვა სამინისტროებიდან ურთიერთთანამშრომლობის პირობის მიღების შემდეგ, მან პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნო და ფინანსურ მხარდაჭერას უკვე მათგან ელოდება.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტი მოიწონეს და, ამასთანავე, საკუთარი რეკომენდაციები გაუზიარეს მის ავტორს - ძირითადად მოქალაქეთა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა რამინ საჯაიამ განაცხადა, რომ ურთიერთობების განსავითარებლად მოქალაქეთა უფრო მეტად გააქტიურებაა საჭირო:
„ხალხთან ურთერთობა, კონტაქტებზე გასვლაა საჭირო. მათაც აინტერესებთ ჩვენთან კონტაქტზე გამოსვლა. მე მაქვს კონფიდენციალური შეხვედრები ოჩამჩირელებთან. მე თვითონ ოჩამჩირელი ვარ“.
აფხაზეთის #21 საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ აძინბაია დაეთანხმა რამინ საჯაიას, აფხაზებს სურთ ძველი ურთიერთობების აღდგენაო, და, ამასთანავე, განაცხადა, სპეციალური პროექტის ფარგლებში თურქეთში გამართულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრაზე ისეთი აფხაზებიც ვნახე, რომლებმაც ჩემთან გასაუბრებაც კი არ ისურვეს, თუმცა მოქალაქეთა დიდ ნაწილს ესმის, რომ ჩვენ საერთო წარსულისა და ადათ-წესების მქონე ხალხი ვართო:
„ამ ორი ხალხის ურთიერთობა ძალიან სათუთია, ძალიან ძველია, ტრადიციულია. როგორც ქართულ მხარეს, ისე აფხაზურს ურთიერთობის აღდგენა სურს იმის გამო, რომ ჩვენ ტრადიციებით ერთი ვართ, ერთი ხალხი ვართ, ერთი ეთნოსის ხალხი ვართ. სხვანაირად არც შეიძლება. მესამე ძალაა, რაც გვაშორებს“.
ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განხილვისას ასევე ითქვა, რომ სასურველია მედიამ მეტი ინტერესი გამოიჩინოს არა კონფლიქტის მიზეზებისა და შედეგების, არამედ ურთიერთობის მოგვარების გზების მიმართ.