სტიქია კახეთში. თელავში ქარიშხალი ნახევარი საათი გაგრძელდა და ორ ქუჩაზე ათობით სახლი უსახურავოდ დარჩა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ლაგოდეხში, გურჯაანსა და ახმეტაში ნაწილობრივ განადგურდა საკარმიდამო ნათესები და ერთწლიანი კულტურები.
კახეთში 30 ივნისის ღამით რომ წვიმა იქნებოდა, ამის შესახებ სინოპტიკოსებმა ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე, წინასწარ გაავრცელეს. სინოპტიკოსების პროგნოზი გამართლდა და წვიმას თან ძლიერი ქარი დაერთო. თელავში, კავკასიონის და ალაზნის გამზირებზე, ათობით სახლი სახურავის გარეშე დარჩა. დაზარალებულთა შორის არის ალექსი თურქიაშვილი - მის ავტომობილს მოხდილი სახურავის ნამტვრევები დაეცა.
თელავში კავკასიონისა და ალაზნის გამზირებზე ძირითადად საერთო საცხოვრებელი კორპუსები დგას და სახურავებიც სწორედ ამ კორპუსებს დაუზიანდა. როგორც ადგილზე გვითხრეს, ძლიერი ქარი და წვიმა ნახევარი საათი გაგრძელდა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქარიშხალმა ლაგოდეხში დააზიანა ელექტროსადენებიც, რის გამოც მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილს ღამით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ლაგოდეხის სოფელ ბაისუბანში მდებარე სატელევიზიო ანძაც. როგორც ს/ს კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ განაცხადა, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს უკვე ითვლიან. ამ დროისთვის რეგიონის დიდ ნაწილში აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება და ავტომაგისტრალები ქარისგან დამტვრეული ხეებისგან მთლიანად გაწმენდილია. თელავის ვიცე-მერის ინფორმაციით, სტიქიისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდენითი სამუშაოები მალე დაიწყება.
ძლიერმა ქარიშხალმა კახეთი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მეხუთედ დააზარალა. ხუთივე შემთხვევაში ქარმა სახლების ნაწილს სახურავები გადახადა. დაეხმარებიან თუ არა დაზარალებულ მოსახლეობას, ამის შესახებ ოფიციალური პირები ჯერ არაფერს ამბობენ.