საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური დღეს გორთან ახლოს გაიხსნა. ახალდაბის მთა, სადაც მუდმივად ქარი ქრის, ქარის ელექტროსადგურის მოსაწყობად საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა. პროექტი საქართველოს "ენერგეტიკის განვითარების ფონდისა” და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანიამ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია - 88 მლნ კვტ/საათი.
Your browser doesn’t support HTML5
ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისგან, თითოეულის სიმძლავრე შეადგენს 3,45 მგვტ-ს. ქარის ელექტროსადგური „ქართლი“, მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სადგურია. პროექტზე მუშაობა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” 2013 წელს დაიწყო. 2013 წლის ზაფხულში ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა დამონტაჟდა. ანძის მეშვეობით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნორვეგიულმა კომპანია MEVENTUS-მა ფონდის დაკვეთით ქარის რესურსების შეფასების ანგარიში მოამზადა. ამასთანავე, მომზადდა ტურბინების განლაგების რამდენიმე სქემა, საიდანაც შეირჩა ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური ექვსტურბინიანი სქემა. ქარის ელექტროსადგურის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები დაესწრნენ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკოლოგიურად სუფთა თანამედროვე ენერგეტიკული წყარო ზამთრის პერიოდში საქართველოს ენერგოსისტემას დიდ შეღავათს მისცემს.
ქარის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. სადგური ოქტომბრის თვიდან ტესტირების ეტაპზე გადავა, დეკემბრის მეორე ნახევარში კი ექსპლუატაციაში შევა და სრული დატვირთვით ამუშავდება. პროექტის მშენებლობისას დასაქმებული იყო 200-მდე ადამიანი. ექსპლუატაციის პროცესში გადამზადებული და დასაქმებული იქნება საქართველოს 20 მოქალაქე. პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 34 მლნ აშშ დოლარს, საიდანაც 24 მლნ აშშ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხია, 10 მლნ აშშ დოლარით კი პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დააფინანსა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილის თქმით, ალტერნატიული ენერგოწყაროების გამოყენებით საქართველო ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.
საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ჰიდრო-, თბო- და ალტერნატიული ენერგორესურსებით ელექტროსადგურების მშენებლობას, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობას მოუტანს.