„ოცნება“ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის?

ქართული ოცნების აქცია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააწესა ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ნათელს მოჰფენს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტის ცემის ფაქტს. სამინისტროს ცნობით, „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელს მამუკა ქარდავას უცნობმა პირებმა მიმდინარე წლის 20 მაისს სცემეს. თავდაპირველად გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე აღიძრა, თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა დანაშაულში მონაწილე პირების დასაკავებლად.

კოალიცია "ქართული ოცნების" ხობის შტაბის უფროსს მამუკა ქარდავას 20 მაისს, შუაღამისას, სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლელთან თავს დაესხა სამი დაუდგენელი პირი. მოძალადეები მას მანქანაში ჩაუხტნენ. ჩხუბის დროს ქარდავას ავტომობილი მგზავრთა მოსაცდელს შეეჯახა, რის შემდეგაც, დაზარალებულის მტკიცებით, გადმოიყვანეს და ხელკეტებით უმოწყალოდ სცემეს:

„გადმომათრიეს, „დუბინკები“ თუ კასტეტები მირტყეს და თან მეუბნებოდნენ: შენ, ქარდავა, კიდევ არ მოეშვები ამ პოლიტიკოსობას, მაინცდამაინც უნდა მოგკლათო? ამას მეუბნებოდნენ არა მეგრულად, არამედ ქართულად! ჩემი ვარაუდით, ისინი არიან ან კუდის თანამშრომლები ან სამხედროები, რადგან აქვთ სპორტული აღნაგობა და მოკლე ვარცხნილობა.“
შინაგან საქმეთა სამინისტრო აწესებს ჯილდოს 10 000 ლარის ოდენობით იმ მოქალაქისთვის, ვინც გამოძიებას მიაწოდებს ღირებულ ინფორმაციას, აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობის დადგენის მიზნით. ანონიმურობა გარანტირებულია...
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

მამუკა ქარდავა შემთხვევიდან რამდენიმე საათში ხობის რაიონულ საავადმყოფიში გადაიყვანეს. მორიგე ექიმის თქმით, ექოსკოპიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, თუმცა სხეულზე ემჩნეოდა ძალადობის კვალი მრავალი სისხლჩაქცევის სახით. ასევე რამდენიმე საათში, მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. განცხადების თანახმად, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, თუმცა 30 მაისს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გაირკვა, რომ მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე სულ სხვა მუხლით აღძრულა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ამა წლის 20 მაისს მოქალაქე მამუკა ქარდავას ცემის ფაქტზე. ქარდავას განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცნობმა პირებმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აწესებს ჯილდოს 10 000 ლარის ოდენობით იმ მოქალაქისთვის, ვინც გამოძიებას მიაწოდებს ღირებულ ინფორმაციას, აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობის დადგენის მიზნით. ანონიმურობა გარანტირებულია.“

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მომხდარ ძალადობაში ხელისუფლების წარმომადგენლები დაადანაშაულეს. აი, რა განაცხადა მამუკა ქარდავას მონახულების შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების“ლიდერმა ირაკლი ალასანიამ:

ირაკლი ალასანია


„მათ ეშინიათ, რომ კარგავენ ხელისუფლებას. რჩებათ ერთადერთი ბერკეტი - ხალხის დაშინება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“, ვისურვებდით, რომ ჩვენი ოპონენტები აქ იყვნენ ვაჟკაცები, ვისთანაც შეხვედრა და ოპონირება შეიძლება. მაგრამ ისინი არიან მხდალი ადამიანები, იქცევიან ვირთხებივით და მე მათ ვპირდები, რომ პოლიტიკურ სანაგვეზეც კი არ იქნება მათი ადგილი.“

„ქართული ოცნების“ ლიდერების განწყობა დიდად ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებამ და დანაშაულის გასახსნელად დაწესებულმა ჯილდომ შეცვალა. კოალიციის წარმომადგენლის თინათინ ხიდაშელის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დამნაშავეები დაუსჯელი დარჩნენ:

„ის, რომ შსს-მ თავის დროზე უარი თქვა ადეკვატური კვალიფიკაციით საქმის აღძვრაზე და აღძრა ავტოავარიის მუხლით, ძალიან სასაცილო იყო. კიდევ უფრო სასაცილოა, როცა ამ ხელისუფლების ხერხემალი - შს სამინისტრო - ათიათასლარიან ჯილდოს აწესებს იმიტომ, რომ... გამომდინარე ამ საქმის წინა ისტორიიდან, ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ იმისთვის დააწესეს ჯილდო, რომ გამოცხადდნენ ადამიანები, რომლებიც დაადასტურებენ, თუ როგორ დაინახეს საკუთარი თვალით, როგორ მოჰყვა ავტოავარიაში კაცი, რომელსაც „დუბინკები“ აქვს ზურგზე ნარტყამი.“
საკმაოდ იშვიათად ვაწესებთ ჯილდოს და ეს გავაკეთე იმის გამო, რომ ეს არის დღეს ერთადერთი გამოუძიებელი შემთხვევა, როცა საქმეში ფიგურირებს, დაზარალებულის სახით, პოლიტიკოსი. გვინდა, რომ ეს საქმე გამოუძიებელი არ დარჩეს, რათა ყველა ეჭვი გაქარწყლდეს...
შოთა უტიაშვილი

თინათინ ხიდაშელის ამ ვარაუდსა თუ ეჭვებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომლის ანალიტიკური დეპარტამენის უფროსმა შოთა უტიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამინისტრო განსაკუთრებულადაა დაინტერესებული ოპოზიციის აქტივისტზე განხორციელებული დანაშაულის გახსნით:

„საკმაოდ იშვიათად ვაწესებთ ჯილდოს და ეს გავაკეთე იმის გამო, რომ ეს არის დღეს ერთადერთი გამოუძიებელი შემთხვევა, როცა საქმეში ფიგურირებს, დაზარალებულის სახით, პოლიტიკოსი. გვინდა, რომ ეს საქმე გამოუძიებელი არ დარჩეს, რათა ყველა ეჭვი გაქარწყლდეს. იყო ერთი საქმე ასპინძაში, სადაც ასევე „ქართული ოცნების“ წევრს სცემეს. შსს-მ ეს საქმე გახსნა და დამნაშავეებიც დააკავა. ამ საქმის გახსნაც მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ფონის არდამძიმების მიზნით.“

შოთა უტიაშვილის თქმით, მამუკა ქარდავას სხეულზე მართლაც ემჩნევა ცემისგან მიყენებული დაზიანებები, თუმცა გამოძიებას ჯერ არ მიუღია ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ საქმეს სწავლობს და ყურადღებით აკვირდება სახალხო დამცველიც, რომელიც ასევე ელოდება ექსპერტიზის პასუხს.