ხმაური, რომელსაც ჯერ ვერ გააჩუმებთ

კანონპროექტის განხილვა პარლამეტში

14 თებერვალს საქართველოს პარლამენტში შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც იმსჯელა კანონპროექტზე ხმაურის დასაშვები ნორმების შესახებ. სამუშაო ჯგუფში გაერთიანებულნი არიან როგორც დეპუტატები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იმ უბნების მცხოვრებნი, სადაც ხშირია გადამეტებული ხმაურის შემთხვევები. კანონპროექტი უკვე ორ წელზე მეტია განხილვის საგანია. კანონპროექტის თანახმად, დილის 7:00 საათიდან 23:00 საათამდე ხმაური დასაშვები იქნება 40 დეციბელის ფარგლებში, ხოლო 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე - 30 დეციბელის ფარგლებში. დადგენილი ნორმების დაცვას საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს, დამრღვევი კი დაჯარიმდება. კანონპროექტის შინაარსის მიმართ პრეტენზიები აქვთ კლუბებისა და რესტორნების მფლობელებს. მათ ინტერესებს ითვალისწინებს ბიზნესომბუდსმენიც.

Your browser doesn’t support HTML5

ხმაური, რომელსაც ჯერ ვერ გააჩუმებთ

ანა რატიანი აბანოთუბანში, გრიშაშვილის ქუჩაზე, ცხოვრობს. ღამის ხმაური უკვე წლებია მისი და მისი ოჯახის თანმდევია. ამბობს, რომ კაფე-ბარებიდან გამოსული ხმამაღალი მუსიკის ხმა სერიოზულ პრობლემას უქმნის ამ უბანში მცხოვრებ მოსახლეობას და იქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისი ხდება. განსაკუთრებით დარდობს მცირეწლოვან შვილიშვილზე, რომელსაც ხმაურის გამო ღამით დაძინება უჭირს. ანა რატიანი და მისი მეზობლები ხშირად იძახებენ საპატრულო ეკიპაჟს, თუმცა დღეს საქართველოში არ მოქმედებს ნორმა, რომლის საფუძველზეც სამართალდამცავები ხმაურის გამო ჯარიმას გამოწერენ:

„მე ვცხოვრობ შარდენის ქუჩიდან 300 მეტრში. როდესაც პატრულს ვიძახებთ და მოდის ეკიპაჟი, გაოცებულები გვეკითხებიან, ქალბატონო, აქ როგორ ცხოვრობთო“.

ანალოგიურ პრობლემას უჩივის მანანა იაშვილი, ტაბიძის ქუჩის მცხოვრები. ამ ქუჩაზეც არაერთი ბარ-რესტორანია განთავსებული. მანანა იაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ გადამეტებული ხმაური ქუჩის მცხოვრებლებს აწუხებთ, მისგან გამოწვეული ვიბრაცია, სავარაუდოდ, საფრთხეს უქმნის სახლებსაც:

„რატომღაც ვიბრაციაზე არავინ ლაპარაკობს, ხმაურისგან და კონდიცირების სისტემისგან გამოწვეულ ვიბრაციაზე. ეს ყველაფერი ერთად ჩვენს ჯანმრთელობას ხომ ანგრევს, გარდა ამისა, ჩემი სახლი არის ულამაზესი სახლი, სადაც ჯერ კიდევ ბებიაჩემი ცხოვრობდა და ძალიან მიყვარს. წლებია იქ ცხოვრობს ჩემი გვარი. ინგრევა ეს სახლი, ინგრევა და იმ რესტორნების მეპატრონეებს ეს არ აწუხებთ“.

14 თებერვალს საქართველოს პარლამენტში შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა და სადაც გაერთიანებულნი არიან, როგორც დეპუტატები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იმ უბნების მცხოვრებნი, სადაც გადამეტებული ხმაურია. სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს კანონპროექტზე, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია განხილვის საგანია და რომელიც გასულ წელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ დაამტკიცა.

თედო კობახიძე

საკანონმდებლო წინადადება და კანონპროექტი ხმაურის დასაშვები ნორმების თაობაზე თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, თედო კობახიძეს, ეკუთვნის. მისი აზრით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს 77-ე პრიმა მუხლი, რომელიც ხმაურთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს. როგორც თედო კობახიძე გვიხსნის, კანონპროექტის თანახმად, დილის 7:00 საათიდან 23:00 საათამდე ხმაური დასაშვები იქნება 40 დეციბელის ფარგლებში, ხოლო 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე - 30 დეციბელის ფარგლებში. დადგენილი ნორმების დაცვას საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს, დამრღვევი კი დაჯარიმდება - კერძო პირი, პირველ ჯერზე, 150 ლარით, იურიდიული პირი - 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირის მიმართ ჯარიმა გაორმაგდება. იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, აღნიშნული ნორმა 2017 წლის პირველი ოქტომბრიდან უნდა შევიდეს ძალაში:

„არის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს. ანუ არის განსაზღვრული დეციბელები, რომელიც როგორც დღის საათებში, ისე ღამის საათებში არ უნდა იყოს გადამეტებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხმაური იწვევს ჯანმრთელობის მთელ რიგ დარღვევებს“.

თამარ სამხარაძე, შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ამბობს, რომ, 2016 წლის მონაცემებით, გადამეტებული ხმაურის გამო 400-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. განსაკუთრებით იზრდება გამოძახების რიცხვი ზაფხულში. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით არ არსებობს არანაირი აღსრულების მექანიზმი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. თამარ სამხარაძის თქმით, კანონპროექტით დადგენილი ნორმების დაცვისთვის შსს-ს ამ ეტაპზე არ გააჩნია არანაირი აღჭურვილობა და რესურსი:

თამარ სამხარაძე

„ჩემი პოზიცია ასეთია, რომ უნდა განისაზღვროს სხვა ორგანო, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე იქნება გადამზადებული და შესაბამისი რესურსებიც გამოიყოფა ამ მიზნით, რადგან შსს-ს ფარგლებში რთული იქნება ამის მობილიზება, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა კიდევ უამრავი კომპეტენცია აქვს განსაზღვრული და ამ რეგულაციების დამატება გამოიწვევს გადატვირთვას“.

ხმაურის დასაშვები ნორმების თაობაზე მომზადებულ კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე ლაპარაკობს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს და იმუშაოს მშვიდ გარემოში, თუმცა, მისი აზრით, კანონპროექტის ამგვარი სახით მიღება მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს ბიზნესსუბიექტებზე:

„ხალხი ამ კლუბებში დადის ხმამაღალი მუსიკის მოსასმენად. სხვა შემთხვევაში რადიოშიც შეგიძლია მოუსმინო მუსიკას. თუ კლუბებში არ იქნება შესაბამისი მუსიკა და გარემო, მაშინ ეს ხალხი არ ივლის იქ, რაც გამოიწვევს შემოსავლის შემცირებას. მეორე შემთხვევაში კლუბმა უნდა დაამონტაჟოს ხმის ჩამხშობები, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ გვაქვს ასეთი ინიციატივა: ხომ არ მოხდეს ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ქუჩისთვის, სადაც განლაგებულია კლუბები და რესტორნები, სპეციალური სტატუსის მინიჭება და ასეთი სტატუსის მქონე ქუჩებზე არ გავრცელდეს ეს რეგულაციები“.

ამ შემთხვევაში ზურაბ ძნელაშვილი იშველიებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამეზობლო სამართლის თავს, რომელიც ითვალისწინებს ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას. ანუ, როგორც ის ამბობს, თუკი კონკრეტულ ქუჩებს მიენიჭებათ სპეციალური სტატუსები, მსგავს ზონებში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა კლუბებისა და რესტორნების მფლობელებისაგან მოითხოვონ კომპენსაცია თმენის ვალდებულებისათვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ბიურომ 2009 წელს მიიღო „ღამის ხმაურის პრობლემებთან დაკავშირებული წესები“, სადაც საუბარია ადამიანის ორგანიზმზე ხმაურის მავნე ზემოქმედების შესახებ, განსაკუთრებით ღამის საათებში. დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ღამის საათებში ხმაურის დონედ განსაზღვრულია 40 დეციბელი. ქალაქის აქტიურ ადგილებსა და ქუჩებში ხმაურის დონედ, განსაზღვრულია 55 დეციბელი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, თუკი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება ხმაურიან გარემოში, მოსალოდნელია არტერიული წნევის მატება, ძილის დარღვევა. მუდმივ ხმაურში ცხოვრებამ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც.