„სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება ახალი მუხლი, რომლის მიხედვითაც ქალთა გენიტალიების დასახიჩრება ამიერიდან სისხლის სამართლის წესით დაისჯება. ეს ცვლილება არის ერთ-ერთი იმ ინიციატივებიდან, რომელთაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიცავს. საქართველოში, კერძოდ კი, ყვარლის რაიონში ქალთა გენიტალიების დასახიჩრების შესახებ ინფორმაცია გასული წლის შემოდგომაზე გავრცელდა.
თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სტამბოლის კონვენციად წოდებული ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ცვლილებათა პაკეტი თავის დროზე იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და ის ოცამდე კანონს შეეხება. ცვლილებათა პაკეტი, თავისი არსით, ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას და, ასევე, ახალ მიდგომებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხით. ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ორი წლის განმავლობაში მუშავდებოდა, დაემატა კიდევ ერთი ცვლილება, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი, 133-ე პრიმა მუხლი, რომელიც ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. ანუ, ცვლილებების თანახმად, აღნიშნული ქმედება ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად - რელიგიური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე - სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსულის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალის ან არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა. ამ ცვლილების შესახებ 24 იანვარს იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:
არსებობს რისკები, რომ, მაგალითად, შეიძლება ოჯახებმა დაღესტანში გადაიყვანონ გოგონები ამ რიტუალის ჩასატარებლად. მიჭირს წინასწარ რაღაც პროგნოზების გაკეთება, თუმცა, ფაქტია, რომ დიდი სიფრთხილეა გამოსაჩენი...გიორგი კუპატაძე
„სტამბოლის კონვენცია და დღევანდელი პაკეტი ემსახურება ყველას, იცავს ყველას - მოხუცებს, ბავშვებს, კაცებს, ქალებს, თუკი ისინი გახდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. ჩვენ სულ ახლახან დავამატეთ ამ პაკეტს ქალის გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია, რადგან საქართველოს რამდენიმე დასახლებულ პუნქტში სულ ახლახან გამოვლინდა გაუგონარი ძალადობის ფაქტები გოგონებზე“.
გასულ წელს, შემოდგომაზე, საერთაშორისო ორგანიზაცია „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ვებსაიტზე გამოჩნდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც იტყობინებოდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, - თივში, სარუსოსა და ჩანთლისყურეში, - სადაც ძირითადად ეთნიკურად ავარიელი მოსახლეობა ცხოვრობს, გოგონათა ე. წ. წინადაცვეთის პრაქტიკა არსებობს. გამოძიების ავტორი აიდა მირმაქსუმოვა წერდა, რომ ადგილობრივები ამ წესს ტრადიციებით ხსნიან. გიორგი კუპატაძე, ორგანიზაციის ვებსაიტის რედაქტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მოსახლეობა ამ ტრადიციის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან დაუფარავად ლაპარაკობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ტრადიციით მედია, შსს და სახალხო დამცველის ოფისი დაინტერესდა, ადგილობრივებმა ამ თემაზე საუბარი შეწყვიტეს. გიორგი კუპატაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ და მედიამ ამ საკითხზე მუშაობისას გარკვეული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, „რათა, პირიქით, არ გაუარესდეს მდგომარეობა, ანუ იატაკქვეშ არ გადავიდეს ეს ყველაფერი. არსებობს რისკები, რომ, მაგალითად, შეიძლება ოჯახებმა დაღესტანში გადაიყვანონ გოგონები ამ რიტუალის ჩასატარებლად. მიჭირს წინასწარ რაღაც პროგნოზების გაკეთება, თუმცა, ფაქტია, რომ დიდი სიფრთხილეა გამოსაჩენი“.
სიფრთხილისაკენ მოუწოდებს უწყებებს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ანა ილურიძეც, თუმცა ამაზე მეტს და კონკრეტულს ჯერჯერობით ვერაფერს ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი, თუ რა ტიპის ღონისძიებები უნდა გატარდეს აღნიშნული მანკიერი წესის აღმოსაფხვრელად:
„ამ მუხლთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება გარდამავალი ეტაპი, რადგან უწყებებმა ძალიან ფრთხილად უნდა დაგეგმონ ყველა ის ქმედება, რომელიც ამ საკითხს ეხება. ჯერჯერობით ეს პრაქტიკა არის მხოლოდ გამოვლენილი და დადასტურებული. როგორც სახალხო დამცველი, ისე სამართალდამცავი უწყებები ამ საკითხს სწავლობენ. ჩვენ ასევე გვინდა, რომ გავიზიაროთ იმ ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ამ კონკრეტულ ქმედებასთან ბრძოლისა და მისი პრევენციის“.
პუბლიკაციაში, რომელმაც ყვარლის რაიონში მცხოვრები ავარიელების ტრადიცია თვალსაჩინო გახადა, ამინა მაგამედოვა, სოფლის მცხოვრები, ჟურნალისტს ეუბნება, რომ არც კი ახსოვს, ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენ გოგონას გაუკეთა ე. წ. „წინადაცვეთა“. ის პროცედურას სახლში მაკრატლითა და სპირტში დასველებული ბამბით ატარებს.
ანა აბაშიძე, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, მიესალმება გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაციას. მისი თქმით, ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა ის ფაქტი, რომ ტრადიციით გამართლებული სასტიკი ქმედება დაისჯება:
„ამ თემას სჭირდებოდა კონკრეტული რეგულაცია სისხლის სამართლის კოდექსში და არა სხვა კანონში, რადგან ეს არის ბავშვების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და იმედი მაქვს, რომ ამ წესს მოჰყვება შესაფერისი პროგრამები თუ აქტივობები. ამიტომ, ჩემი აზრით, როდესაც ეს ინიციატივა გავა პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ გავა, მერე მთავრობას მთავარი საფიქრალი აქვს უკვე, როგორ მოახდინოს ამ ახალი ცვლილების იმპლემენტაცია ისე, რომ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ადგილებში ამან არ გამოიწვიოს არაპროპორციული ვნებათაღელვა და, ამავდროულად, პრინციპულად უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ეს მავნე პრაქტიკა, უბრალოდ, გაქრეს“.