ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ჩვენება ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმისა „ხმა ამოიღეთ!“. ფილმში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის კონკრეტულ ფაქტებს აღწერს, თავის ამბებს ჰყვებიან ძალადობის მსხვერპლი ქალები. ფილმის ჩვენების შემდეგ გამართული დისკუსიის მონაწილე ია ფესტვენიძის თქმით, მისი ნაცნობი ბევრი ქალი განიცდის სხვადასხვა სახის ძალადობას, რომელიც მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფით არ გამოიხატება. იამ დისკუსიის მონაწილეებს უამბო მეგობარზე, რომელიც ხუთი შვილის დედაა, მეეზოვედ მუშაობს, მის ხელფასს კი უმუშევარი ქმარი განკარგავს. ია ფესტვენიძის თქმით, ბევრჯერ შეესწრო ქმრის მიერ ქალის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს:
Your browser doesn’t support HTML5
„უკვე ფიზიკურ ძალადობამდე რომ მივიდა, ვურჩიე, როგორმე იქირავე ბინა და გადადი შენს შვილებთან ერთად-მეთქი. ბევრჯერ ყოფილა უბნის რწმუნებული, პოლიცია, მაგრამ სიტუაცია არ გამოსწორდა“.
ია ფესტვენიძე მიიჩნევს, რომ ძალადობისგან დასაცავად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია საზოგადოებას, რადგან მსხვერპლი ქალები, გარშემომყოფთა აზრის გათვალისწინებით, წლების განმავლობაში მალავენ თავიანთ პრობლემას და იძულებულნი არიან მოძალადის გვერდით იცხოვრონ.
არ შეიძლება ცალ–ცალკე კანონებში ვეძიოთ პრობლემა, პრობლემა არის საზოგადოებაშიც, სამწუხაროდ. პოლიცია წლების წინ ყველაზე ნაკლებად იყო ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენაში ჩართული, რადგან არ იყო ნება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესაც არ არის, იმიტომ რომ პოლიციას ამ კუთხით მომუშავე თითო რაიონში თითო წარმომადგენელი ჰყავს და, რა თქმა უნდა, მეტი უნდა იყოს...ნოდარ ჯიქია
ძალადობის ფაქტების გამოაშკარავების, მსხვერპლის დასაცავად და მისგან მოძალადის განსარიდებლად ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეზობლების როლზე ისაუბრა საჯარო შეხვედრის მონაწილე ოთარ კბილაძემ. მისი შეფასებით, ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლენისთვის შეუცვლელია სამართალდამცავების ჩართულობა. ოთარ კბილაძე აუცილებლად მიიჩნევს თავად ქალების გამბედაობას და ამბობს, რომ მათ არ უნდა ეშინოდეთ ძალადობის ფაქტების გამხელისა:
„თუნდაც იმ პოლიციის გამოძახების არ უნდა ეშინოდეს და არც იმის ეშინოდეს, რომ მშობელს უთხრას, უთხრას ისეთ ადამიანს, ვინც დაიცავს ამ ყველაფრისგან“.
ოთარ კბილაძისავე განცხადებით, ადამიანები ოჯახში ძალადობას სწორად ვერ აღიქვამენ და ფიქრობენ, რომ ცოლ-ქმარს შორის დაწყებული ყველა დავა სხვების ჩარევის გარეშე თავად უნდა გადაწყვიტონ. ოთარ კბილაძის დაკვირვებით, ასე ფიქრობენ სხვადასხვა ასაკის როგორც მამაკაცები, ისე ქალები:
„ჩვენ უნდა შევცვალოთ ხედვები, საზოგადოებამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება და პრობლემას სხვაგვარად შევხედოთ. სამწუხაროდ, ყველაზე ვერ გექნება ზეგავლენა, მაგრამ რამდენიმე ადამიანზეც თუ მოვახდენთ ზეგავლენას და ვისაუბრებთ ამ თემაზე, მგონი, უკეთესობა იქნება“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის პროგრამების ხელმძღვანელის, ნოდარ ჯიქიას, განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით ძალადობის მსხვერპლნი მეტად დაცულნი არიან, ამ დრომდე არ არსებობს პრევენციის ეფექტური საშუალებები. მათ შორის, არ არსებობს მოძალადის რეაბილიტაციის ცენტრები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ ძალადობის შემთხვევის გამეორების შემცირებას:
„არ შეიძლება ცალ–ცალკე კანონებში ვეძიოთ პრობლემა, პრობლემა არის საზოგადოებაშიც, სამწუხაროდ. პოლიცია წლების წინ ყველაზე ნაკლებად იყო ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენაში ჩართული, რადგან არ იყო ნება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესაც არ არის, იმიტომ რომ პოლიციას ამ კუთხით მომუშავე თითო რაიონში თითო წარმომადგენელი ჰყავს და, რა თქმა უნდა, მეტი უნდა იყოს. თავიდან ყველა ამბობს, რომ ჩვენთან ოჯახში ძალადობა არ ხდება, შემდეგ აღმოჩნდება, რომ მსგავსი პრობლემა ყველგანაა, ყველა სოფელში, ქალაქში, სამეზობლოში, ამიტომ უნდა ჩავერიოთ და ხმა ამოვიღოთ“.
ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით გამართული ფილმის ჩვენებისა და დისკუსიის მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შესამცირებლად მხოლოდ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში მსჯელობას არასაკმარისად მიიჩნევენ, რადგან ფემიციდის სტატისტიკა წლიდან წლამდე თითქმის არ იცვლება.