გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევამ ჯერ კიდევ 2009 წელს აჩვენა, რომ საქართველოში 500 000-ზე მეტ ქალსა და ბავშვს აქვს კვების დეფიციტი და რომ ამ მიზეზით გამოწვეული გართულებების გამო წელიწადში საქართველოში 5 წლამდე ასაკის 300 ბავშვი მაინც იღუპება. თითქმის ექვსი წლის შემდეგ გაეროს ბავშვთა ფონდი ისევ ამ პრობლემაზე ლაპარაკობს და კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოდის.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა მაია ქურციკიძემ 8 დეკემბერს პრესკლუბ „კვირაში“ გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კვების დეფიციტით გამოწვეული ჩამორჩენა საქართველოში ბავშვების 11 %-ს აღენიშნება, 5 წლამდე ასაკის ბავშვების 23 %-ს და ქალების 24-25 %-ს კი რკინადეფიციტური ანემია აქვს. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 10 წლის განმავლობაში კვების დეფიციტმა ქვეყანას 1,3 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა და, ჯამში, 3 400 ახალშობილის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მაია ქურციკიძე ხაზგასმით ამბობს, რომ კვების დეფიციტში ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობა მოიაზრება, თუმცა ეს არ ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობით საკვების უქონლობას, შიმშილს და ეს არ არის მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ კვების დეფიციტი პირდაპირ არ არის სიკვდილის მიზეზი, მას ხშირად მოჰყვება სხვადასხვა სახის სავალალო შედეგი:
„მაგალითად,ისეთი პათოლოგიები, როგორიც არის ზურგის ტვინის თიაქარი, გონებრივი განვითარების შეფერხება, მცირეწონიანობა და ჯანმრთელობასა და გონებრივ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები“.
იუნისეფის გამოკვლევა იმასაც აჩვენებს, რომ რკინისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი არ არის მხოლოდ რამდენიმე ადამიანის პრობლემა. ზემოთ მოყვანილი ციფრებიც ადასტურებს, რომ უკვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მიმართ უცვლელია, სანამ პრობლემა პრობლემად რჩება:
„ეს, უპირველეს ყოვლისა, ძუძუთი კვების ხელშეწყობაა ექვს თვემდე მაინც, რადგან სწორედ ქალის რძე შეიცავს იმ აუცილებელ მიკროელემენტებს, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო. ასევე ჩენი რეკომენდაციაა 6-დან 24 თვემდე ბავშვისთვის სპეციალური საკვები დანამატის მიწოდება და, რა თქმა უნდა, მთელი მოსახლეობისათვის ისეთი ღონისძიების გატარება, როგორიც არის პურის ფქვილის გამდიდრება რკინითა და ფოლიუმის მჟავით, რომ მოსახლეობამ მიიღოს თავისი ჯანმრთელობსათვის საჭირო აუცილებელი რაოდენობის ნივთიერებები“, - აცხადებს მაია ქურციკიძე.
Your browser doesn’t support HTML5
ჯანდაცვის სპეციალისტ თამარ უგულავას აზრით, სასურველია ცვლილება შევიდეს „იოდის, ვიტამინებისა და სხვა მინერალების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების შესახებ პრევენციის თაობაზე საქართველოს კანონში“, სადაც მხოლოდ მარილის იოდით გამდიდრებაზეა საუბარი, მაგრამ არაფერია ნათქვამი ფქვილის ფორტიფიცირებაზე, იმავე დანამატებით გამდიდრებაზე:
„ველით, რომ რეგლამენტით დარეგულირდება, თუ რა არის ის კონკრეტული ფორტიფიკანტი (დანამატი), რაც უნდა შეერიოს ფქვილს. როგორც ცნობილია, 2016 წლის იანვრიდან ამოქმედდება ე.წ. „ფქვილის რეგლამენტი“.
რადიო თავისუფლება ეცადა დაკავშირებოდა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს და მისთვის ეკითხა, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს ამ მხრივ საკანონმდებლო ორგანო და როგორ შეიძლება კვების დეფიციტით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელთან ბრძოლა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა ცენტრის უფროსის ლელა სტურუას თქმით, ფოლიუმის დეფიციტის აღმოსაფხვრელად მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა - კერძოდ, ქალთა კონსულტაციებში ორსული ქალებისათვის ფოლიუმის მიცემა დაიწყო:
„ქალებს, როდესაც საჭიროა, რკინის პრეპარატებსაც აძლევენ. ეს იმ მომსახურების პაკეტის ნაწილია, რომლითაც სახელმწიფო ორსულთა მოვლას უზრუნველყოფს, მაგრამ რადგან ორსული ქალი პირველად კონსულტაციაზე ორსულობიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ მიდის, ფოლიუმის მიღება ცოტა დაგვიანებულიც კია. ოქროს სტანდარტია, რომ ქალი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ბავშვის გაჩენა, ჩასახვამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა იწყებდეს ფოლიუმის მიღებას“.
რაც შეეხება ფქვილის ფორტიფიცირებას, ლელა სტურუაც იმ ექსპერტთა შორის არის, რომლებიც, სწორედ იმიტომ, რომ ფქვილი, სხვა პროდუქტებთან შედარებით, ყველაზე ფართოდ მოიხმარება, ემხრობიან რკინითა და ფოლიუმით მის გამდიდრებას. დაავადების ეროვნული ცენტრი კი მალე საქართველოს რამდენიმე ქალაქში დაიწყებს ახალ პროექტს რომელიც ბავშვებში სწორედ სხვადასხვა კვებითი დეფიციტის გამოკვლევას ისახავს მიზნად და რომელიც შემდგომ მთელ საქართველოს მოიცავს.