ქალები ქართულ-აფხაზური ოჯახებიდან ურთიერთობათა აღდგენის გზების ძიებაში

ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების ქალი წარმომადგენლები სახალხო დიპლომატიის დახმარებით კონფლიქტის მოგვარებაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ ზუგდიდში. შეხვედრაზე, რომელიც ასოციაცია „იმედის“ ორგანიზებით შედგა, იყვნენ როგორც აფხაზეთში მცხოვრები, ისე დევნილობის შემდეგ ზუგდიდში დასახლებული ქალები. ასოციაციამ შეხვედრა რვა მარტს საგანგებოდ დაამთხვია, რათა მის მონაწილეებს სადღესასწაულო განწყობა ჰქონოდათ. საუბარი ქართულ-აფხაზურ ნათესაობაზე, მეზობლობასა და მეგობრობაზე დაიწყო.

„როგორ მინდა გადავიდე და, აი, იმ ხალხთან, ვინც იქ დამრჩა, სხვადასხვა ეროვნების მეზობლები ვნახო - ვნახო, როგორ შემხვდებიან, რას მეტყვიან“, - განაცხადა სოხუმელმა მაია ტაბაღუამ. შეხვედრის დანარჩენი მონაწილეების მსგავსად, მისი ნათესავების დიდი ნაწილიც ეთნიკურად აფხაზია.

ქალებს კონფლიქტის მოგვარების უმთავრეს გზად სახალხო დიპლომატია მიაჩნიათ, მით უფრო, რომ ოფიციალურ დონეზე მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებები არსებობს. ასე ფიქრობს ეთნიკურად აფხაზის მეუღლე, ოკუპირებულ ტყვარჩელში მცხოვრები ციური ბუავა. ამასთან, ის არ მალავს საკუთარ უკმაყოფილებასაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მიაჩნია, რომ აფხაზებს საკმარისი ყურადღება არ ექცევათ:

„ეს პირადულია, მაგრამ უნდა ვთქვა ჩემი წყენა. ჩემს გოგოზეა საუბარი. ერთ-ერთი აფხაზი იყო, რომელიც მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში, მეტი აფხაზი იქ არ ჰყავდათ და ის ჩამოაქვეითეს, მისი ადგილი კი ქართველს მისცეს. ჩვენი მთავრობა ამას არ ითვალისწინებს“.

ძალიან დიდი ნოსტალგია მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედა აფხაზი მყავს, ყველა აფხაზი მყავს, ძალიან დიდი სითბოთი ვხვდები ამათ, იმიტომ რომ მონატრება გვაქვს. რაც უფრო მეტი ურთიერთობა გვექნება, მით უფრო სითბო დამყარდება ჩვენს შორის...
მანანა ხუფენია

ციური ბუავას შეხვედრის არც ერთი მონაწილე არ დაეთანხმა. მათი განმარტებით, არსებობს სპეციალურად შემუშავებული პროგრამები, რომლისთვისაც მოქალაქეები საგანგებოდ კვეთენ ადმინისტრაციულ საზღვარს. შერეული ოჯახების წარმომადგენლების თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებია. ამასთან, დევნილი ქალების განმარტებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. გამშვებ პუნქტებში ეთნიკურად აფხაზებს არც კი აყოვნებენ, მაშინ როცა პირობითი საზღვრის მეორე მხარეს გადასვლას საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ სპეციალური დოკუმენტაციის გარეშე.

სოხუმელ ნანული ქარდავას აფხაზი რძალი ჰყავს. მისი განცხადებით, ის ნათესავებთან ერთად საქართველოს ნებისმიერ კუთხეში თავისუფლად გადაადგილდება:

„ჩემი რძლის მამა დადიოდა აქ, დიალეზს იკეთებდა. საკუთარი მანქანით გადმოდიოდა მშვენივრად. ბატონო ემზარს, ბატონო ემზარს მეძახიანო სულ... მოსკოვში ფულს თუ არ მისცემდი, ისე არავინ მოგხედავდაო. მერე თბილისში დადიოდნენ მშვენივრად და ძალიან კმაყოფილი იყო“.

გამოსავალს ისევ ძველი ნაცნობების, მეგობრებისა და ნათესავების მოძიებაში ხედავს დედით აფხაზი მანანა ხუფენია. ის ამ შეხვედრისთვის ტყვარჩელიდან საგანგებოდ ჩამოვიდა და მეგობრების დანახვისას ცრემლები ვერ შეიკავა:

„ძალიან დიდი ნოსტალგია მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედა აფხაზი მყავს, ყველა აფხაზი მყავს, ძალიან დიდი სითბოთი ვხვდები ამათ, იმიტომ რომ მონატრება გვაქვს. რაც უფრო მეტი ურთიერთობა გვექნება, მით უფრო სითბო დამყარდება ჩვენს შორის. იქ მცხოვრებ ხალხს ერთმანეთის სიძულვილი არანაირად არ აქვს. პირიქით, ისინი მოხარული არიან, რაც შეიძლება მეტი ხალხი გადავიდეს მათთან და ჰქონდეთ ურთიერთობა. ძალიან ვღელავ, აი, ცრემლი მადგება თვალზე“.

სხვა აზრისაა შეხვედრის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. ოჩამჩირიდან დევნილმა ანა ემხვარმა აღნიშნა, რომ, უფროსი თაობისგან განსხვავებით, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები ურთიერთობას ვერ ამყარებენ:

„არის სოციალურ ქსელში მცდელობა, მაგრამ მათთან საერთო ენა რომ გამონახო, რთულია. ამისთვის საჭიროა შეხვედრები, ერთმანეთის ნახვა. მქონდა მცდელობები, მაგრამ ისეთ კონტაქტებს, როგორიც თქვენ გაქვთ, ნამდვილად ვერ ვახერხებ“.

შეხვედრის ორგანიზატორ ქრისტინე კილანავას განცხადებით, მსგავს შეკრებებს ასოციაცია „იმედი“ სწორედ იმ მიზნით მართავს ხშირად, რომ ძველი ურთიერთობების აღდგენას ხელი შეუწყოს. მან დიალოგის მონაწილეებს ინფორმაციაც მიაწოდა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაითვალისწინა ასოციაციის წინადადება და სექტემბერში ზუგდიდში „აფხაზეთობა“ გაიმართება. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილია ქართულ-აფხაზური ოჯახების კვლავ შეკრება.