2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დასავლეთს შემუშავებული ჰქონდა გეგმა - არც მეტი, არც ნაკლები - რუსეთის დასაშლელად! ამას წერენ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან სტატიაში, რომელიც 20 აგვისტოს ახსენეს რუსეთის ტელევიზიაში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტოკშოუში, რომ იტყვიან, სერიოზული ხალხის მონაწილეობით. ტოკშოუში თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ კანონმდებლები ვლადიმირ ჟირინოვსკი და ოლეგ მოროზოვი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტის კათედრის გამგე ანდრეი სიდოროვი, ახლო აღმოსავლეთის კვლევის ცენტრის დირექტორი სემიონ ბაღდასაროვი და სხვები.
Your browser doesn’t support HTML5
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ვარსკვლავი, კრემლის აპოლოგეტი ვლადიმირ სოლოვიოვი ნამდვილად არ არის შემჩნეული მიუკერძოებელ, ობიექტურ ჟურნალისტობაში, მაგრამ მისი რეპუტაციისთვისაც კი არასახარბიელო იყო წყარო, რომელიც მან თავის პროგრამაში მოიშველია. სოლოვიოვმა ყოველკვირეულ პოლიტიკურ ტოკშოუში – „კვირა საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად“ – ახსენა, თითქოს, გაზეთ „გარდიანში“ – ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან გამოცემაში – გამოქვეყნებული სტატია, რუსეთის დაშლის გეგმას ეხება.
ჟურნალისტის რეპუტაციისათვის საზიანო ის არის, რომ სტატია „გარდიანს“ არ გამოუქვეყნებია – გამოქვეყნდა გაყალბებულ, „გარდიანს“ მიმსგავსებულ ვებსაიტზე, და, რაც მთავარია, სტატიის სიყალბეზე ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 15 აგვისტოს – ანუ, სოლოვიოვის ტოკშოუს 20 აგვისტოს გამოშვებამდე ხუთი დღით ადრე.
15 აგვისტოს, კერძოდ, ნამდვილი „გარდიანის“ პრესმდივანმა გამოაცხადა, რომ სტატია, რომელშიც მოყვანილია, თითქოსდა ციტატები ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის, ყოფილ დირექტორთან, ჯონ სკარლეტთან ინტერვიუდან, ფალსიფიცირებულია და გამოქვეყნდა ასევე ყალბ, „გარდიანს“ მიმსგავსებულ საიტზე.
გავიდა ხუთი დღე და ვლადიმირ სოლოვიოვმა თავის ტოკშოუში
განაცხადა: „აი, ახლა გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც – ზოგი ამბობს, მართალია, ზოგი – არ არის მართალიო – რომელშიც ცნობილი ყოფილი ინგლისელი მზვერავი ამბობს, რომ მათი გეგმები საქართველოს ომის შემდეგ იყო კავკასიის დაპყრობა, კავკასიის გამოყენება რუსეთისაგან ჩამოსაშორებლად და რადიკალური ისლამის გამოყენება იარაღად კავკასიისა და ვოლგისპირეთის ასაფეთქებლად“, – აუწყა სოლოვიოვმა ტოკშოუს სტუმრებსა და მაყურებლებს. კაცი, რომელიც – როგორც ჩანაწერში ისმის – კვერს უკრავდა მას, იყო ვლადიმირ ჟირინოვსკი, სტაჟიანი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი.
ყალბი „გარდიანის“ ყალბ სტატიაში მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები. ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი დირექტორი საუბრობს ბრიტანელებისა და ამერიკელების შეთქმულებაზე, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა და უკრაინასა და რუსეთს შორის „ფიქტიური დავა“ გამოეყენებინათ რუსეთის დაშლის სტრატეგიისათვის. საყურადღებოა ყალბი სტატიის სათაურიც: „MI6-ის ყოფილი დირექტორი აღიარებს პუტინთან დამარცხებას რუსეთის დაშლის სტრატეგიული გეგმის საკითხში“.
რუსულად თარგმნილი ყალბი სტატია არაერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. აქტივისტი ალექსეი კოვალიოვი, რომელიც რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გამოგონილი ცნობების გამოაშკარავებაზეა სპეციალიზებული და საამისოდ რეგულარულად ამოწმებს ანტიდასავლური შინაარსის, საეჭვო წარმომავლობის სტატიებს, თავის ბლოგში წერს: ყალბი გარდიანის სტატია „სპეციალურად ისროლეს“, რათა ხალხმა, როგორიც სოლოვიოვია, ამ თემაზე ტელევიზიაში ტყუილის თქმა შეძლონო.
თავად ვლადიმირ სოლოვიოვი, უნდა ითქვას, რომ შთამბეჭდავი შემართებით იცავს თავს სოციალურ ქსელში. „ახლა, პრაქტიკულად, ძნელია ყველა ფაქტის შემოწმება. ციტირებისას, მე ეჭვი გამოვთქვი. ამით მაყურებელს მივეცი შესაძლებლობა, თავად შეემოწმებინა და გადაეწყვიტა“, – წერს რუსი ჟურნალისტი „ტვიტერში“ 21 აგვიტოს – ექვს დღეში, მას შემდეგ, რაც ავტორიტეტიანმა გამოცემა „გარდიანმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ყალბია სტატია, რომელიც „გარდიანს“ მიმსგავსებულ, ყალბ ვებსაიტზე იქნა გამოქვეყნებული.
ასევე, „გარდიანს“ მოჰყავს რამდენიმე ექსპერტის მოსაზრება, რომ რუსეთის დაშლის დასავლურ გეგმაზე ფალსიფიცირებული სტატია, სავარაუდოდ, კრემლის მხარდამჭერებმა შეთხზეს.