რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ვაჟა ჟღენტი. 1949-54 წლებში თბილისის "დინამომ” სამჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი და სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირისვე ჩემპიონი. ვაჟა ჟღენტი ერთადერთი ვეტერანი სპორტსმენი იყო, ვინც ექვსივე საპატიო მედალი მოიგო.
1950-იანი წლების "დინამოს" “ოქროს თაობის” ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა კალათბურთის თამაში ძალიან გვიან დაიწყო. 16 წლის იყო, მეგობრებმა ცნობილ მწვრთნელთან, მიხეილ კეკელიძესთან რომ წაიყვანეს. ფეხბურთს კარგად თამაშობ, კალათბურთშიც ნიჭიერი იქნები და ჩვენთან ერთად ივარჯიშებო. სპორტული ფორმა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გაჰყვა. მარტის სიცივის მიუხედავად, ფეხშიშველამ, მაისურითა და ტრუსით ივარჯიშა. მესამე დღეს მწვრთნელმა ცალკე გაიყვანა და უთხრა, ვარჯიში არ გამიცდინოო.
ვაჟა ჟღენტი ამ სიტყვებმა დაარწმუნა, რომ მართლა შეეძლო უმაღლეს დონეზე თამაში და ვარჯიშში ათენებდა და აღამებდა. ყოფილა შემთხვევა, დაქანცულს ლეიბზე ჩასძინებია და მშობლებს შუაღამისას დარბაზში უპოვიათ.
სამ თვეში უკვე თავის ტოლებში ძირითად გუნდში დამკვიდრდა, შემდეგ კი თბილისის “დინამოს” შემადგენლობაშიც სწრაფადვე მოიკიდა ფეხი და ბრწყინვალე კალათბურთელებთან ერთად უძლიერესი გუნდის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
1950 წელს “დინამო” პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1951-52 წლებშიც ოქროს მედლის უმთავრესი ფავორიტი იყო, მაგრამ მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა. შემდეგ კი ზედიზედ ორი წელი ისევ ტიტულით ჩაამთავრა.
წარმატებულ წლებს ლეგენდარული გუნდის კიდევ ერთი წევრი, ვაჟა გვანცელაძე, იხსენებს:
"მე გუნდში 1950 წელს მივედი. ეს გამორჩეული წელი იყო. თბილისის "დინამო” გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და მეორედ აიღო თასი. გუნდში თამაშობდნენ ევროპის ჩემპიონები ნოდარ ჯორჯიკია და ოთარ ქორქია, ასევე ვაჟა ჟღენტი, ჯუმბერ ნიჟარაძე, ალეკო მესხი, ჩვენი მასწავლებელი მიხეილ კეკელიძე, ლევან ინწკირველი. ზღაპრული შემადგენლობა იყო შეკრებილი და სწორედ ამან განაპირობა ჩვენი აღმასვლა. ისე გავიარეთ წლები, მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი თამაშები წავაგეთ. გუნდის ლიდერები, ცხადია, ჯორჯიკია და ქორქია იყვნენ, მაგრამ კალათბურთი კოლექტიური თამაშია და მარტო ორი კაცი ვერ მიაღწევდა წარმატებას. ძალიან დიდი წვლილი მიუძღოდა ვაჟა ჟღენტს, რომელიც, 1950 წლიდან მოყოლებული, თითქმის სულ ძირითად შემადგენლობაში იყო და ყოველთვის გამოირჩეოდა თამაშით”.
50-იანი წლების დასაწყისში ტრადიციასავით იყო, საბჭოთა კავშირის ნაკრებს მნიშვნელოვანი თამაშებისა თუ ტურნირებისთვის მზადებისას საკონტროლო შეხვედრა "დინამოსთან” უნდა ჩაეტარებინა.
"ხან თბილისში გვეთამაშნენ, ხან სოხუმში, მოსკოვსა თუ ლენინგრადში ჩაგვიყვანეს. გავიხსენებ 1954 წელს სოხუმში ჩატარებულ საკონტროლო შეხვედრას, რომელშიც ნაკრებს ძალიან კარგად ვებრძოლეთ. ვაჟა ჟღენტი კი ერთ-ერთი გამორჩეული იყო და იმ თამაშმა განაპირობა, რომ სულ მალე მე და ვაჟა ახალგაზრდულ ნაკრებში შეგვიყვანეს. პირველი სანაკრებო შეკრება მოსკოვში "ცსკა”-ს სპორტულ ბაზაზე გაიმართა და პირველივე დღიდან ორივე სასტარტო ხუთეულში გაგვამწესეს”, – იხსენებს ვაჟა გვანცელაძე.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონის მესამე ტიტულის მოპოვების შემდეგ "დინამოში” თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო და ეს შედეგიანობაზეც აისახა. ვაჟა ჟღენტი გუნდიდან 1958 წელს საკუთარი სურვილით წავიდა, ოღონდ იმაზე ადრე, ვიდრე თავიდან გეგმავდა, ერთი პატარა კონფლიქტური სიტუაციის გამო. სპორტული კარიერა კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის რიგებში დაასრულა. სწორედ ამ კლუბში გამოდიოდა ვალერი ლომაძეც, რომელიც ვაჟა ჟღენტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თამაშს იხსენებს:
"ტექნიკური უნივერსიტეტის კლუბი, "ბურევესტნიკი”, უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ატარებდა. სტუდენტური გუნდი ვიყავით და გრანდებთან თამაში ძალიან გვიჭირდა. ვთხოვეთ გუნდიდან წამოსულ ვაჟა ჟღენტს დროებით დაგვხმარებოდა. დაგვთანხმდა და ტალინშიც გამოგვყვა, სადაც ჩემპიონატის ბოლოსწინა ეტაპზე თბილისის "დინამოს” შევხვდით. საქართველოს პირველი კლუბი საბჭოთა კავშირის პირველობაზე მეოთხე-მეხუთე ადგილს იკავებდა, ჩვენ კი გასავარდნ ზონაში ვიყავით და ვთხოვეთ დინამოელებს, თამაში დაეთმოთ, მაგრამ უარი გვითხრეს. გაბრაზებულები გავედით მოედანზე და ბრძოლაში მოვუგეთ. ვაჟა ყოფილ გუნდელებს ამ შეხვედრამდე დაემუქრა, სანამ კარიერას დავასრულებ, "ბურევესტნიკთან” ერთად მოგიგებთო. თამაშის შემდეგ გახარებულმა შეახსენა, რასაც დაგპირდით შევასრულე და ახლა კარგად იყავითო”.
აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ვაჟა ჟღენტს საკალათბურთო სფეროში აღარ უმუშავია, მაგრამ კალათბურთს არასოდეს ჩამოშორებია. ბოლო წლებში საქართველოს ნაკრების თამაშების ანალიზი რადიო თავისუფლებასთან არაერთგზის გაუკეთებია.