„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კახა კალაძე იქნება თბილისის მერობის კანდიდატი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, მედიასთან საუბარში. თბილისის მერობის კანდიდატს ოფიციალურად „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ დაასახელებენ. ამ დროისთვის მერობის თავისი კანდიდატი ოფიციალურად „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს დასახელებული და ის ელენე ხოშტარია იქნება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორი კვირის ვადაში ფიქრობს კანდიდატის დასახელებას. ამ დრომდე გრძელდება „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის მოლაპარაკებები თვითმმართველობის არჩევნებში ერთობლივად მონაწილეობის თაობაზე. თბილისის მერობის კანდიდატის შერჩევასთან ერთად ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზეც მუშაობს.
Your browser doesn’t support HTML5
„ალბათ, კახა კალაძე თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატია მმართველი გუნდისთვის“, - განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პარლამენტში, სანამ ბიუროს სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გააცნობდა. პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დაგეგმილია თვითმმართველი ქალაქების შემცირება და 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანება. კანონპროექტით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს. პროექტის ავტორია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მინისტრ ზურაბ ალავიძის თქმით, ცვლილებებით თვითმმართველობების სტატუსი არ მცირდება, იცვლება მართვის სისტემა.
„ბიუჯეტი არ უმცირდებათ ამ ქალაქებს არც ერთი თეთრით. შეერთების შემთხვევაშიც ბიუჯეტებიც შეერთდება და იგივე მოცულობის ბიუჯეტს მივიღებთ. რაც შეეხება წარმომადგენლობას, საკრებულოებში წარმომადგენლობაც იგივე რაოდენობით ექნებათ, აქაც არაფერი იცვლება. საუბარი არის უბრალოდ, რომ თემის და ქალაქების მმართველობას ერთი მენეჯმენტი განახორციელებს, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში ხდება“.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვოს და ელენე ხოშტარია ყველა კანდიდატს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს...გიორგი ტუღუში
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, სამწუხაროა, რომ ის ხელისუფლება უცვლის სტატუსს თვითმმართველობებს, რომელიც თავად იყო დეცენტრალიზაციის აქტიური მხარდამჭერი. ამასთან, როგორც მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.კოკა კიღურაძე ამბობს, პროცესი მოქალაქეების ჩართულობით არ მიმდინარეობს:
„ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს იმ 7 ქალაქში და 7 მუნიციპალიტეტში, რომლის გაუქმებაზეც არის ლაპარაკი, ართმევს შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით გადაწყვიტონ საკუთარი სოფლების და ქალაქების ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები. მოქალაქეებთან კონსულტაციები საერთოდ არ მიმდინარეობს, ეს არის აბსოლუტურად დახურულ კარსმიღმა პროცესი“.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიების მზადებას, მმართველ გუნდს, მართალია, პროცედურული საკითხები არ დაუსრულებია, მაგრამ გუნდის წევრები უკვე ლაპარაკობენ თვითმმართველ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატზე. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც დაადასტურა, „ქართული ოცნების“ გამოკვეთილი კანდიდატი მოქმედი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იქნება.
„ჩვენი გუნდისთვის კახა კალაძე ნამდვილად არის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი, თუმცა აქ პროცედურაა გასავლელი და პარტიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და წარადგინოს კანდიდატი“.
კახა კალაძის დასახელების შემთხვევაში მას ჩემი სრული მხარდაჭერა ექნებაო, განაცხადა, მედიასთან საუბარში თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
ჯერჯერობით თბილისის მერის არჩევნებში, რომლის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის და შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, თავისი კანდიდატი დასახელებული ჰყავს „ევროპულ საქართველოს“. პარტიის წევრის, გიორგი ტუღუშის, თქმით, ელენე ხოშტარია ნებისმიერი კანდიდატის ღირსეული კონკურენტი იქნება:
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვოს და ელენე ხოშტარია ყველა კანდიდატს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს“.
წარუმატებლობისთვის განწირულად მიაჩნია „ქართული ოცნების“ ნებისმიერი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ირაკლი ნადირაძეს. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი კანდიდატის დასახელებას ორი კვირის ვადაში აპირებს:
„ეს ადამიანი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც არაფორმალური მმართველობის მსხვერპლია და არის ბიძინა ივანიშვილის დავალებების მონური შემსრულებელი, წარუმატებელი იქნება არათუ მერად, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში“.
მმართველი გუნდი კადრების სიმწირეს განიცდის და თბილისის მერის პოსტზე კანდიდატის დასახელებისას დიდი არჩევანი არც აქვთ, ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. ამასთან, მისი თქმით, თავად კალაძეც ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკოსის იმიჯი შეიქმნას და მას თბილისის მერობის გარდა უფრო შორს მიმავალი პოლიტიკური გეგმები აქვს:
„კალაძის გარდა, რომელიც, პრინციპში, მოიაზრება როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და, მე ვიტყოდი, საკმაოდ ამბიციური ლიდერი, და ბუნებრივია, რომ მისი ინტრესების სფეროში შედის, რომ ჩამოყალიბდეს როგორც დამოუკიდებელი აქტორი, თუ აქამდე, ივანიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, მასთან ასოცირდება, ახლა კალაძე ცდილობს დამკვიდრდეს ქართულ პოლიტიკურ ველზე, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე“.
რაც შეეხება კონკურენციას, კორნელი კაკაჩიას თქმით, თბილისის მერობისთვის ბრძოლა საკმაოდ კონკურენტული იქნება, ვინაიდან ძირითად პოლიტიკურ აქტორებს გაცხადებული აქვთ, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში და კანდიდატებიც ჰყავთ გამოკვეთილი.