რა არის პრიორიტეტული საგარეჯოსა და ლაგოდეხის 2014 წლის ბიუჯეტში?

ლაგოდეხი

კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში 2014 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია. მთავარი საფინანსო დოკუმენტები საკრებულოებმა გასული წლის მიწურულს, ძირითადად 30-31 დეკემბერს, მიიღეს.

ლაგოდეხის 2014 წლის ბიუჯეტი ისე დაამტკიცეს, რომ პროცესს არც მოსახლეობა დასწრებია, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და არც მედია, რადგან საკრებულოში გასამართი სხდომის წინასწარ დაანონსებული დრო შეიცვალა. ბიუჯეტის დამტკიცებისგან განსხვავებით, ღია იყო მისი საჯარო განხილვა. სოფელ კართუბანის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან ბიუჯეტში შიდა გზებისა და გარე განათების მოწესრიგებისთვის თანხის გათვალისწინებას ითხოვდა, თუმცა გამგებელმა ვალერი ალიბეგაშვილმა მათ უთხრა, რომ წელს ეს ვერ გაკეთდება.

„7 ოჯახი რომ ცხოვრობდა, ისეთ გზაზე დააგეთ გზა და 50 ოჯახი სადაც ვცხოვრობთ, რატომ იქ არ დაგვიგეთ ასფალტი? ამის გამო ვართ უკმაყოფილონი და ვითხოვთ, რომ ეს საკითხი 2014 წლის ბიუჯეტით მოგვიგვაროთ“.

„2014 წელს შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გავაკეთებთ ყველაფერს. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა, რომ გზა ყველგან დავაგო და ქუჩები მოვაწყო?! მე მგონი, ხედავთ, რომ კარგი კეთდება და გპირდებით, რომ უფრო მეტიც გაკეთდება“, - ასეთი იყო ლაგოდეხის გამგებლის ვალერი ალიბეგაშვილის პასუხი.

"ხელფასებზე გათვლილი ბიუჯეტი" - ასე აფასებს ლაგოდეხის საკრებულოს წევრი გურამ ტურაშვილი 2014 წლის ბიუჯეტს. მისი განცხადებით, კარგი იქნებოდა, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ყოფილიყო დაფინანსებული:

“ჩვენ თითქმის ყოველ წელს გვაქვს სახელფასო ბიუჯეტი. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თანხა არ გვაქვს. ამიტომ არის, რომ წლის დასაწყისში ბიუჯეტია სახელფასო“.


ბიუჯეტი უკვე დაამტკიცეს საგარეჯოშიც. ის 7 მილიონ 44 ათასი ლარით განისაზღვრა. როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ილია ჭიაურელმა განაცხადა, ბიუჯეტის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებს თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 20 პროცენტით გაეზარდათ. მისივე თქმით, "პროექტში გათვალისწინებული იქნა საზოგადოების გამოწვევები და მოთხოვნებიც":

„2014 წელს ძირითადი შენარჩუნებულია 2013 წლის ბიუჯეტიდან, თუმცა ჩვენ შევძელით და ბაღებში, სოფლის ბიბლიოთეკებში და კლუბებში 20 პროცენტიანი სახელფოსო ზრდა მოვახერხეთ. ჩვენ ასევე გავზარდეთ დაფინასება ბაღებში კვებითი რაციონის მოსამატებლად“.

საგარეჯოს ბიუჯეტს შეფასებას აძლევენ არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრშიც“. ცენტრის წარმომადგენლის კახა ჯამბურიას თქმით, 2014 წლის ბიუჯეტის ფორმირება კანონით დადგენილი წესით მიმდინარეობდა:

„საგარეჯოში 2014 წლის ბიუჯეტის ფორმირება კანონით დადგენილი წესით მიმდინარეობდა. გათვალისწინებული იქნა საზოგადოების შენიშვნები და ის პრიორიტეტები, რომლებიც „სტრატეგიული კვლევების ცენტრმა“ 3 სოფელში მოკვლეული პრობლემების შედეგად წარადგინა“.

რაიონებში 2014 წლის ბიუჯეტების ხარჯვა უკვე დაწყებულია. მუნიციპალიტეტის პირველი პირები ამბობენ, რომ თითოეულ რაიონში ბიუჯეტი იმის მიხედვით გაიზრდება, თუ რამდენ პროექტს დააფინანსებს რეგიონალური განვითარების სამინისტრო.