ბუნებრივი აირის პრობლემა კახეთის მოსახლეობას წლებია აწუხებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელში გაზი ამ დრომდე არ შეუყვანიათ. ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობენ ლაგოდეხის 23 სოფელშიც.
Your browser doesn’t support HTML5
როდისთვის იგეგმება სოფლების გაზიფიცირება?
მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე კახეთში სოფლების გაზიფიცირება ეტაპობრივად მიმდინარეობს, რეგიონში ჯერ კიდევ არის ასობით დასახლება, რომელიც ბუნებრივი აირით არ მარაგდება. ასეა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედშიც, სადაც ბუნებრივი აირი არც საბჭოთა კავშირის დაშლამდე ყოფილა. ზემო ქედი დედოფლისწყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, აქ 2 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ამ სოფელში ბუნებრივ აირთან ერთად პრობლემურია წყალიც, თუმცა მოსახლეობა წყალს გრაფიკით მაინც იღებს. რადგან ბუნებრივი აირი არ არის, სოფელ ზემო ქედში თხევად აირს ყიდულობენ.
დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში ამჟამად 10-მდე სოფელი გაზიფიცირების გარეშეა და წელს არც ერთ მათგანში ბუნებრივი აირის შეყვანა არ იგეგმება. მისივე თქმით, ამ სოფლებში საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და გაზიფიცირება, სავარაუდოდ, 2018 წლიდან დაიწყება.
ლაგოდეხის 67 სოფლიდან კი გაზიფიცირებული მხოლოდ 44 სოფელია. გამგებელი კახა ჯამბურია ამბობს, რომ წელს მუნიციპალიტეტში კიდევ 10 სოფლის გაზიფიცირება იგეგმება. სამუშაოების ნაწილს კომპანია „სოკარი“, ნაწილს კი სახელმწიფო დააფინანსებს.
კახეთის ზოგ სოფელში თუ გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში იმაზე მსჯელობენ, გაიზარდოს თუ არა ბუნებრივი აირის სამომხმარებლო საფასური. ფასის შესაძლო გაზრდა არც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გამორიცხა. მიზეზად დოლარის არასტაბილური კურსი სახელდება.
გადაიხდიან თუ არა ახლად გაზიფიცირებული სოფლები ბუნებრივ აირში ამჟამინდელ ფასზე უფრო მეტს, ეს მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე გახდება ცნობილი.