სიღნაღის თეატრალური დასი, შესაძლოა, ღია ცის ქვეშ დარჩეს. შენობა გაიყიდა და ახალმა მესაკუთრემ დასს ფართის დაცლა მოსთხოვა. შენობის პრობლემა არ აქვს, თუმცა წელს დაფინანსება 50 ათასი ლარით შეუმცირდა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრს. ყოფითი პრობლემების ფონზე, თეატრები მაყურებელთა ნაკლებობასაც უჩივიან.
Your browser doesn’t support HTML5
სიღნაღის კულტურის ცენტრის ახალმა მფლობელმა თეატრალური დასის წევრებს შენობის დაცლა მოსთხოვა. დასის წევრები ამბობენ, რომ გაერთიანებამ „კინოთეატრი რუსთაველი“ კულტურის სახლი შპს „ალფაზე“ ისე გაასხვისა, რომ არც მათ და არც ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაფერი იცოდა. სიღნაღის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, მურად ვაშაკიძეს, შენობის ყოფილ მფლობელთან კითხვები აქვს.
შენობა, რომელიც სიღნაღის კულტურული ცხოვრების ცენტრია და რომლის ფართობიც 400 კვადრატულ მეტრს შეადგენს, გაერთიანებამ „კინოთეატრი რუსთაველი“ სახელმწიფოსგან 2007 წელს 21 ათას ლარად იყიდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი შპს „ალფაზე“ გაასხვისა. ახლა შპს „ალფა“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას შენობის გამოსყიდვას 500 ათას დოლარად სთავაზობს, - განაცხადა ჩვენთან საუბარში სიღნაღის გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა. გამგებელი გვეუბნება, რომ ისინი ამ თანხას ვერ გადაიხდიან, თუმცა იმისათვის, რომ თეატრის დასი ქუჩაში არ დარჩეს, მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
შენობის პრობლემა არ აქვს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრს, თუმცა მიმდინარე წელს მათი სახელმწიფო დაფინანსება 50 ათასი ლარით შემცირდა და 450 ათასი ლარი გახდა. თეატრის მმართველი პაატა გულიაშვილი ამბობს, რომ დაფინანსების კლება ქვეყანაში ადმინისტრაციული ხარჯების 10 პროცენტით შემცირებამ გამოიწვია. გულიაშვილი თანხის კლებას დიდ პრობლემად მიიჩნევს, თუმცა აქვე ამბობს, რომ მუშაობას გააგძელებენ და თანამშრომლებსაც შეინარჩუნებენ. თელავის თეატრის მმართველი სხვა ერთჯერად პროექტებზეც გვიამბობს, რომლებიც თეატრში გათბობის სისტემის დამონტაჟებას, საგრიმიორო ოთახებში კარ-ფანჯრის გამოცვლას და თეატრის შენობის გარე ფასადის შეკეთებას ითვალისწინებს.
რა ბედი ეწევა სიღნაღის ერთადერთ კულტურის ცენტრს და თეატრალურ დასს, ჯერ ცნობილი არ არის. რაც შეეხება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრს, მისი მმართველის თქმით, რადგან, თელავის გარდა, კახეთის სხვა რაიონების მოსახლეობა ეკონომიკური გაჭირვების გამო თეატრში ვერ დადის, ისინი თავად ეწვევიან რაიონებს. გასტროლები იგეგმება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.