კახეთში მცირე მეწარმეებს არარეგისტრირებული საწარმოები აზარალებს

კახეთში იმ მეწარმეების ნაწილი, რომლებმაც საქმე ბიზნესად აქციეს, პრობლემებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ძნელია დამზადებული პროდუქციის რეალიზაცია. პრობლემის არსებობას აღიარებენ სპეციალისტები და ხელისუფლების წარმომადგნლებიც. სად ხედავენ გამოსავალს მხარეები?

მეფუტკრეობა საქართველოში ოდითგანვე ერთ-ერთი უძველესი და შემოსავლიანი დარგი იყო. სოფლის მეურნეობის ეს მიმართულება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია განვითარებული, მათ შორის - კახეთშიც. პაპუნა ლობჟანიძე ლაგოდეხთან ახლოს, დაახლოებით, 40-კომლიან სოფელში, რაჭისუბანში, ცხოვრობს. უკვე 8 წელია, ოჯახის საკუთრებაში არსებულ საფუტკრე მეურნეობას დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს. პაპუნა ამ დარგში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და გამოსავლის გზებზეც გვესაუბრება. ამ დარგის მთავარ პრობლემად ის არაინფორმირებულობას ასახელებს. მისთვის ევროპის ბაზარიც შორეული პერსპექტივაა. ლობჟანიძე ინდ. მეწარმეა და თაფლს ჯერჯერობით შეფუთვის გარეშე პირად სანაცნობო წრეში ყიდის, თუმცა მისი მიზანია წარმოება ბრენდის ქვეშ მოექცეს და ბაზარზე ამ ფორმით გავიდეს.

Your browser doesn’t support HTML5

კახეთში მცირე მეწარმეებს არარეგისტრირებული საწარმოები აზარალებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები მეწარმე მიხეილ მათიაშვილი კი 12 სახეობის ყველსა და მაწონს ამზადებს. ამბობს, რომ მათ ოჯახში საქონელი ყოველთვის ჰყავდათ, თუმცა ფერმის გაფართოება და ამ საქმის ბიზნესად ქცევა 2013 წლიდან დაიწყეს. ველისციხელი მეწარმე მზა პროდუქციის რეალიზაციის ხარვეზზე ლაპარაკობს. ამბობს, რომ პრობლემას არარეგისტრირებული საწარმოები და მეწარმეები ქმნიან.

რეგისტრირებული მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებზე ლაპარაკობენ დარგის ექსპერტებიც. ორგანიზაცია „მომავლის ფერმის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ ეს პრობლემა სახელმწიფომ დროულად უნდა მოაგვაროს.

სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ამბობს, რომ სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მეწარმეების მიერ წამოჭრილ პრობლემებზე რეაგირებს.

პრობლემა, რომელიც უკვე მზა პროდუქციის რეალიზებას ეხება, არ აქვთ შედარებით მსხვილ მეწარმეებს, მაგალითად, ღვინის კომპანიებს. მათ დიდ ნაწილს ალკოჰოლური სასმელები ექსპორტზე გააქვს, თუმცა ამბობენ, რომ საქართველოში დაურეგისტრირებელი კომპანიები ალკოჰოლს კუსტარულად მაინც ამზადებენ.