ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიაში საზღვრები შეიცვალა

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ლაგოდეხში მთავარი სიახლე საარჩევნო საზღვრების ცვლილებაა. ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიას ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან 16 უბანი დაემატება. ლაპარაკია სოფლებზე, რომლებიც ლაგოდეხს ესაზღვრება. საერთო ჯამში, ამ ოლქში 52 ათასზე მეტი ამომრჩეველი იქნება რეგისტრირებული.

როგორ ემზადებიან ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიები საპარლამენტო არჩევნებისთვის და რა სამუშაოები მიმდინარეობს ამჟამად? წელს ლაგოდეხში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შეიცვალა. თანამდებობაზე ივანე ზურიკაშვილი მარიკა გიორგაძემ შეცვალა. გიორგაძე გვეუბნება, რომ ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და ადგილზე განსაკუთრებული არაფერი ხდება.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა კანდიდატები რეგისტრაციას ცესკოში გადიან, ხოლო საინიციატივო ჯგუფები კანდიდატებს საოლქო კომისიებში წარადგენენ, თუმცა, ლაგოდეხის საოქლო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული და არჩევნებისთარიღიც გამოცხადებულია, საინიციატივო ჯგუფიდან ადგილზე ჯერ არავინ დარეგისტრირებულა. დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენა 5-კაციან ჯგუფს შეეძლება, რომელსაც, დაახლოებით, 5 000 ათასამდე ხელმოწერაც უნდა ახლდეს.კომისიის თავმჯდომარე მარიკა გიორგაძე საარჩევნო სიებზე გვესაუბრა.

საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის 4 თვეა დარჩენილი, თუმცა კახეთის უმეტეს რაიონებში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და საინიციატივო გჯუფს ამომრჩევლისთვის კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია. არ არის გახსნილი არც პარტიებისა და გაერთიანებების საარჩევნო შტაბები. პოლიტიკური პარტიების აქტიურობას ვერ ამჩნევს ვერც ამომრჩეველი, თუმცა მათ გარკვეული მოლოდინები აქვთ.

მართალია, პარტიები და ინდივიდუალური პოლიტიკური ფიგურები ჯერ არ აქტიურობენ, მაგრამ ამომრჩეველთა ნაწილმა იცის, თუ როგორი უნდა იყოს კანდიდატი, რომ მას მხარი დაუჭიროს.

რამდენი ამომრჩეველი ეყოლება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს? იუსტიციის სამინისტროს მომსახურების სააგენტო ცესკოს ამომრჩეველთა სიებს 15 ივლისამდე წარუდგენს. ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა. მანამდე კი ამომრჩეველს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ერთიან სიაში საკუთარი თავის გადამოწმების საშუალება აქვს.