კახეთის არც ერთ რაიონს განაშენიანების გენერალური გეგმა არ გააჩნია. შესაბამისად, რეგიონშიმშენებლობები ქაოტურად მიმდინარეობს. მართალია, მუნიციპალიტეტებში 1990-იანი წლების დროინდელი ჯიხურის ტიპის სავაჭრო ობიექტები აღარ არსებობს, მაგრამ საბჭოთა დროს აგებული შენობების დიდი ნაწილი ნგრევის პირასაა მისული. რა პერსპექტივა აქვს ქალაქების განვითარებას გენგეგმის გარეშე და როგორია ხალხის თვალით დანახული ქუჩები?
როგორია ქალაქები კახეთში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ? მისი ქუჩების განლაგება, არქიტექტურა, შენობების ფერები და ფუნქციები? - კახეთის ქალაქებში ჩვენ მიერგამოკითხული მოსახლეობა ფიქრობს, რომ წლების წინ მიტოვებული შენობების არცთუ მცირე ნაწილი დღეს ქალაქების იერსახისთვის ერთ-ერთი ძირითადიპრობლემაა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჯამბურიას თქმით, დღეს ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა მუნიციპალიტეტის განაშენიანების გენერალური გეგმისუქონლობაა. მისივე თქმით, გეგმამ, რომელმაც ქალაქის იერსახე უნდა გააუმჯობესოს, ამ ეტაპზე მხოლოდ პერსპექტივაში არსებობს და მისი შედგენის ვადებიც უცნობია.
კახეთში, ამ მხრივ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი გამონაკლისი არ არის. თელავში მცხოვრები რადიობლოგერი გიორგი ბეჟანიშვილი საკუთარი ქალაქის მდგომარეობით დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ პრობლემები ამ უძველეს ქალაქსაც აქვს. ბეჟანიშვილი თავის ბლოგში რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, თელავის თეატრის ახალ იერსახეზე.
ქალაქ თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის და ქალაქის ურბანიზაციის მხრივ პრობლემები რეალურად არსებობს და ამ კუთხით ქალაქის მერია უკვე მუშაობს. ვიცე-მერი განმარტავს, რომ დოკუმენტს, უცხოელი პარტნიორების დახმარებით, მინიმუმ 3 წელიწადში შეადგენენ. მთვარელიშვილის თქმით, ნოემბრის ბოლოს თელავს შტუტგარტის უნივერსიტეტის 15-კაციანი დელეგაცია ეწვევა, რომელიც გეგმის შექმნაზე იმუშავებს.
ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის განაშენიანებისა და ურბანიზაციის გეგმას და მიტოვებული შენობების დროულ რეაბილიტაციას ითხოვს. მათი თქმით, შენობებისდიდი ნაწილიქალაქების იერსახეს და მის ისტორიულ ნაწილს ამახინჯებს.